შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მთელს მსოფლიოში დავდივარ და ჩემს სახლში - თბილისში ვერ ჩავდივარ"- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38105 
 06 მაისი 2019

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხ Белсат ТВ-ის პროგრამა Прасвет-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმირ ზელენსკის დახმარება სჭირდება და ის მას დაეხმარება. 

სააკაშვილმა უკრაინასა და საქართველოში დაბრუნების თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის დაბრუნდება როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას უკანონოდ ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა და „ბანდიტურად“ გააძევეს ქვეყნიდან. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, იგივე უკანონობა განხორციელდა მის წინააღმდეგ საქართველოშიც.

„უკრაინულ პოლიტიკაში ვიქნები თუ არა, ეს უკრაინელების გადასაწყვეტია, მაგრამ უკრაინაში აუცილებლად დავბრუნდები. მე უკანონოდ წამართვეს უკრაინის მოქალაქეობა, როცა ქვეყნიდან ბანდიტური მეთოდით გამაძევეს. ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ ჩადენილი უკანონობა უნდა გამოსწორდეს. იგივე ხდება საქართველოში ჩემი დაბრუნების საკითხში - არც საქართველოში არ მიშვებენ. ვლადიმერ პუტინი ისევ არის დაინტერესებული ჩემი მდგომარეობით, ახლახან მახსენა პრესკონფერენციის დროს. იგი ჩემს საკითხს არა მარტო თავის კაცთან იხილავს საქართველოში, არა მარტო პეტრო პოროშენკოს მოუწოდებდა უკრაინიდან ჩემს გაძევებას, არამედ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანსაც კი ეუბნებოდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებსაც, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა ამიკრძალონ. ეს ძალზე უსამართლო სიტუაციაა. მთელ მსოფლიოში დავდივარ და ჩემს სახლში - თბილისსა და კიევში ჩასვლა არ შემიძლია. ასე რომ, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ასევე აღნიშნავს, რომ ვიდრე პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტია, ის ვერ დაბრუნდება უკრაინაში.

„როცა ვლადიმერ ზელენსკი ოფიციალურად დაიწყებს პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას, მას დახმარება სჭირდება და მე დავეხმარები იმის განხორციელებაში, რასაც ხალხს დაპირდა. მე უკრაინაში თანამდებობას არ ვეძებ. მე მინდა კიევში ჩემს მეგობრებს შორის ვიყო. გარდა ამისა, ვატყობ, რომ ახლა პოლიტიკაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაებმება. საჭიროა მათი მომზადება, ლექციების ჩატარება, კონსულტირება. მე ამ საქმეს სიამოვნებით გავაკეთებ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია