შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხოველების წამებაზე სასჯელის გამკაცრებას იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38161 
 08 მაისი 2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცხოველებისადმი სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე სასჯელის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსშია დაგეგმილი. პროექტით განისაზღვრება და დაზუსტდება დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა.

ცვლილება ადმინისტრაციულ კოდექსში

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

ცვლილების მიხედვით, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულად და ადმინისტრაციული კოდექსი აღარ დაარეგულირებს.

უფრო კონკრეტულად, "ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით".

პროექტის მიხედვით, იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლის შინაარსიც. ამ მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრულია მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობა შეუსრულებლობისათვის სახდელები.

კანონპროექტის მიხედვით, ამ სახდელებს დაემატება მშობლის პასუხისმგებლობა, რომელიც გამოხატული იქნება ბავშვისგან ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობით.

"აღნიშნული ცვლილება ემსახურება ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების და მათდამი არაჰუმანური დამოკიდებულების პრევენციას, რაც ხშირ შემთხვევებში სწორედ პირი ადრეულ ასაკში განცდილი მენტალური და ფსიქოლოგიური ტრავმით არის განპირობებული", — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცხოველებისადმი სასტიკი/არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელი მკაცრდება.

უფრო კონკრეტულად, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის; მცირეწლოვნის თანდასწრებით დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათმდე ვადით ან შინაპატიმრობით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია