შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მე არ ვთვლი ჩემს თავს ღვთისმშობლის წილხვედრად..."- დეკანოზი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38193 
 09 მაისი 2019

დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:

ქრისტეს მოსვლამდე, ებრაელი ხალხის გარდა, ღვთის რჩეულობა არავის ხვდომია წილად. ისრაელი იყო უფლის ერთადერთი რჩეული ერი. 
მაგრამ, რას ნიშნავდა ებრაელების რჩეულობა? როცა ეგვიპტის მონობიდან გამოსული ისრაელიანები მიადგნენ სინას მთას და დაბანაკდნენ მის ძირში, ავიდა მოსე მთაზე და იქ უფალმა მას განუცხადა ისრაელის რჩეულობა.

კარგად დაუკვირდეს ღმერთის ამ სიტყვებს ყველა ხალხი და საკუთარი რჩეულობის თუ წილხვედრობის პრეტენზიები ამ შუქის ქვეშ გაატაროს. მთიდან ჩამოსძახა უფალმა მოსეს:

- "ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, ... მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს." (ბიბლია, გამოსვლათა წიგნი 19,5-6)

გესმით? "თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს მცნებებს, ყველა ხალხს შორის გამოგარჩევთ როგორც ჩემს საკუთრებას", ბრძანებს უფალი. შემდეგ უფრო მეტს ეუბნება: "მეყოლებით მღვდელთა სამეფოდ და წმინდა ერად". მღვდელთა სამეფო ნიშნავს არა იმას, რომ მთელი ისრაელი მღვდლები იქნებიან, არამედ ეს მიანიშნებს მღვდლის, როგორც ღვთისმსახურის მოვალეობაზე, რომელიც მოვალეა ღმერთთან მიიყვანოს ყველა სხვა ხალხი. ესაა ის "ნათელი სოფლისა", რომელსაც ისაიას მიხედვით იხილავენ ბნელში მყოფნი (ეს. 9,1) და რომელსაც ამოწმებს იესო ქრისტეც იუდეველებთან საუბარში "თქვენ ხართ ნათელი სოფლისა" (მთ. 5,14).

თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს მცნებებს, თუ იქნებით წმინდანნი და ნათელნი ამა სოფლისა, თუ შეიბრალებთ და არ დახოცავთ ერთმანეთს, თუ განუხრელად განსჯით სამართალს, თუ არ იქურდებთ, არ იცრუებთ, არ იმრუშებთ და არ შეგშურდებათ ერთმანეთის, თუ არ იქნებით ამპარტავანნი, გაუმაძღარნი, უდარდელნი, მედიდურნი და სისაძაგლის ჩამდენნი (ეზეკიელი 16,49), თუ უპატრონებთ მოხუცებს, თუ თქვენი სიწმინდით გზას აჩვენებთ და სხვა ხალხებსაც მიიყვანთ ღმერთთან, მაშინ იქნებით ჩემი რჩეულნიც, წილხვედრნიც და გამორჩეულნიც სხვა ხალხებს შორის - ამბობს უფალი.

მე არ ვთვლი ჩემს თავს ღვთისმშობლის წილხვედრად. ნეტავ, როდესმე გავხდე ამ პატივის ღირსი.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

P.S. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ისრაელს საკუთარი მიწა, ქვეყანა და საზღვარი ჯერ არ ჰქონდა. შესაბამისად, უფლის რჩეულობა გულისხმობდა უპირველესად ერს და არა მის მიწებს. ეს მათთვის, ვინც ამბობს: მალე ღვთისმშობლის წილხვედრ ყველა მიწებს დავიბრუნებთო. თუ წილხვედრია ვინმე, ჯერ ხალხია წილხვედრი და არა მიწა. მთავარია, ხალხი დაუბრუნდეს უფლის მცნებებს და სიმართლეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია