შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ელოდებათ საპენსიო ასაკის პედაგოგებს?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38276 
 13 მაისი 2019

განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ, - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პედაგოგებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

2019 წლის განმავლობაში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;

თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს 2019 წლის ბოლომდე;

თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ განაცხადოს 2019 წლის ბოლომდე.

სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია