შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აშკარად კურიოზია, "ოცნების პოლიტიკოსებს კასტინგით არჩევენ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38283 
 13 მაისი 2019

"საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის, ვის ენდობა ბიძინა ივანიშვილი ახალი სიის შედგენას, რადგან ყველაფერი ისევ ისე ხდება, როგორც 2012-ში, მაშინაც მახინჯი იყო სიის შედგენის წესი და როგორც ჩანს "ოცნება, არ არის ის ძალა, რომელიც რაიმეს სწავლობს პოლიტიკაში" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე "ოცნებაში" მიმდინარე განახლების პროცესს.

ცნობისთვის, "ოცნებას" ახალი სახეების შერჩევაში და შემდგომ ტრენინგებში, შეფასების ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ეხმარება. ხოლო, ახალი სიის შედგენა შეიძლება ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს, ირაკლი ღარიბაშვილს ან კახი კალაძეს დაევალოს. როგორც "ოცნებიდან" წასული დეპუტატები ამბობენ, 2016 წლის საპარლამენტო სიის შედგენაც კალაძეს ჰქოონდა დავალებული და სწორედ ამ სიამ მიიყვანა "ოცნება" დაშლამდე.

"ოცნების" ეს შემადგენლობა რომ დასახურია, კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ იგივე პრინციპებით შერჩეული ე.წ. ახალი "ოცნება" ძველაზე უკეთესი ვერ იქნება. მაშინაც არასწორი ხალხი ტრიალებდა ივანიშვილის გვერდით და არასწორ საქმეს აკეთებდნენ პოლიტიკის თვალსაზრისით, დღეს არანაკლებ უარესი ხალხი ტრიალებს მის ირგვლივ და მოსალოდნელ შედეგებზე თქვენ იფიქრეთ.

აშკარად ყვირის და უკვე კურიოზია, რომ პოლიტიკოსებს კასტინგით არჩევენ, პოლიტიკოსი კასტინგით არ შეირჩევა, პოლიტიკოსი ყალიბდება ყოველდღე, ყოველწლიური საქმიანობით. დღეს ისეთი გვარები ისმის, ვინც კასტინგს ატარებენ, რომ "ოცნებას" მგონია გზა კვალი არევია და კარგად არა აქვს წარმოდგენილი ვინ რა უნდა აკეთოს.

2012 წელსაც ვხედავდი, როგორც ადგენდნენ ე.წ. მაშინდელი "მომავალი ლიდერები" პარტიულ სიებს და არც მაშინ მოვრიდებივარ საჯარო შეფასებებს, თუმცა საზოგადოება მაშინაც ვერ იგებდა ამ კრიტიკას. 6 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა, მაშინაც მახინჯი იყო სიის შედგენის წესი. როგორც ჩანს, ოცნება არ არის ის ძალა, რომელიც რაიმეს სწავლობს პოლიტიკაში. პოლიტიკა კი ფირმა და ფირმის საქმიანობა არ არის, პოლიტიკა არის სასტიკი და დაუნდობელი, როცა მას დილეტანტები აკეთებენ. 30 წლის განმავლობაში, ვინც პოლიტიკაში ეიფორიით, ემიციებით, სიპატია-ანტიპატიებით, ახირებებით და იდეაფიქსებით მოვიდა, ყველა გაანადგურა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

საზოგადოებისთვის ნამდვილად საინტერესო არ არის, ვის ენდობა ბიძინა ივანიშვილი ახალი სიის შედგენას, რადგან ისევ ისეთი პოლიტიკოსები იქნებიან, როგორი პოლიტიკოსებიც დღეს "ოცნებას" ჰყავს, ოღონდ სხვა გვარ-სახელებით. თუ "ოცნებას" დღეს კიდევ, რაიმე საღი აზრი კარნახობს ვადამდელ არჩევნებზე უნდა წავიდეს, რადგან ერთი წლის შემდეგ საერთოდ არ დაკარგოს ყველანაირი პერსპექტივა და მძიმე გადასვლა არ მივიღოთ. მთავრია, როგორ მოხდება ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების კონცენტრირება. სასურველი იქნება, რომ მომავალ არჩევნებში 20-25%-ზე მეტი არცერთმა ძალამ არ მიიღოს, რათა შესაძლებელი იყოს კოალიციური პოლიტიკური თამაშების დაწყება" - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა