შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონში ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22609 
 15 მაისი 2019
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში,რომელიც 14 მაისს გამოქვეყნდა, ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგს შეეხება. დოკუმენტის მიხედვით, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონების ფუნქციონირება ქვეყანაში ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება. მათ შორის არის “საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ააიპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი“.ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში არ მოიპოვება ინფორმაცია ძალადობის ფაქტების აღრიცხვის, პროტესტისა და უკუკავშირის შემთხვევებზე ან პანსიონების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.„მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბავშვების სააღმზრდელო პროცესში, დასჯის მეთოდად შეიძლება გამოყენებული იყოს ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, კუთხეში დაყენება, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის დროებითი შეზღუდვა, მეტანიების გაკეთება. აღნიშნულის პარალელურად, ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მსგავსი მოპყრობის გაპროტესტების, თავიანთი განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და ისინი ეგუებიან არსებულ გარემოს. კერძოდ, ნინოწმინდის პანსიონში კი არასრულწლოვნები თითქმის იზოლირებულები არიან სოციუმიდან, ამასთან, ბავშვებს არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება მიმართონ თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით“, –ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშში.დოკუმენტის მიხედვით, ნინოწმინდის პანსიონში პრობლემაა ბავშვების სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობის კუთხითაც. ისინი ნაკლებად არიან ჩართული სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, ხოლო დასვენების, გაჯანსაღებისა და თავისუფალ დროს სურვილისამებრ ვერ გეგმავენ. „სკოლაში, რომელიც ნინოწმინდის პანსიონთან ტერიტორიულად საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ბავშვები ჯგუფების მიხედვით დაჰყავთ აღმზრდელებს, დერეფანში ელოდებიან და შემდეგ პანსიონამდე მიაცილებენ. ბავშვები აღმზრდელების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორის, ეზოშიც და სკოლის დერეფნებშიც. პანსიონი შემოსაზღვრულია მაღალი გალავნით, რომლის დატოვების უფლება ასევე არ აქვს ბენეფიციარს აღმზრდელის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს საჯარო სკოლის საკლასო ოთახის ან პანსიონის ტერიტორიის გარეთ გასვლა დასჭირდება, აუცილებელია აღმზრდელთან შეთანხმება ან/და მისი გაყოლა“ – ნათქვამია ანგარიშში. მათივე თქმით, აღნიშნულ პრობლემას პანსიონის ადმინისტრაცია ბავშვების უსაფრთხოების დაცვით ხსნის, თუმცა, მეორე მხრივ, არასრულწლოვნებს, ფაქტობრივად, არ რჩება პირადი სივრცე, ვერ გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, რაც ვერ უზრუნველყოფს მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა“ ასახულია ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგმა მოიცვა 43 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, 128 მინდობისა და 68 რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახი და 7 რელიგიური სკოლა-პანსიონი.„მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა, რომ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს არაერთი გამოწვევა, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე არ მოჰყოლია ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები“, – წერია ანგარიშში.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია