შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იაკობ ზაქარეიშვილი: „საკრებულოს ერთ წევრს, შეუძლია გააკეთოს იმაზე მეტი - ვიდრე საკრებულოს სხდომებზე კენჭისყრაში მონაწილეობაა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38372 
 17 მაისი 2019

"დიახ, მე მიმაჩნია, რომ თუნდაც საკრებულოს ერთ წევრს, შეუძლია გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე საკრებულოს სხდომებზე პრობლემის გახმოვანება და კენჭისყრაში მონაწილეობაა. მას შეუძლია ბევრი რამ აიძულოს ხელისუფლებას, თუ  აქვს გამოცდილება, შეუძლია იმუშაოს ძალიან ბევრი, მოიზიდოს ინვესტორი, კონკრეტული საკითხები გადაწყვიტოს და ხალხი დაასაქმოს. ეს მას ნამდვილად შეუძლია. საკრებულოს დეპუტატი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმით - რაღაც მომწონს, ან არ მომწონს. ხელს ავწევ, ან არ ავწევ. თუ მე ჩემი ამომრჩეველი მომცემს ნდობის მანდატს, 20 მაისიდან მე დავიწყებ ცხოვრებას თითოეული მათგანის ცხოვრებით, მათი პრობლემების გათავისებითა და მოგვარების გზების ძიებით“-ამბობს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ იაკობ ზაქარეიშვილი, "გურიის მოამბესთან" საუბრისას. 

ზაქარეიშვილი რედაქციას იმ ძირითად მესიჯებზე ესაუბრა, რაც ამომრჩევლების მხრიდან კარდაკარის  დროს მოისმინა. 

„ხალხი არის ძალიან შეურაცხყოფილი, თავს დამცირებულად გრძნობს და მზად არის სიახლეებისთვის. მათი დაკვეთა არის ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა გადავიდეს ოპოზიციაში, რადგან მათ არ აინტერესებთ მოსახლეობის ბედი, მათი მძიმე ცხოვრება“ -

გვეუბნება კანდიდატი, რომელიც გვარწმუნებს, რომ გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზ მუშაობისას დაუგროვდა, მისი ამომრჩევლებისთვის იმის გარანტი იქნება, რომ მისი სახით საკრებულოში საიმედო დასაყრდენი ყავდეთ.

 

 

-თქვენ საუბრობთ, რომ  ,,ოცნებას" დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს ამომრჩეველი, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია  გარანტირებულად მისაღებია მოსახლეობისთვის. თუ ოზურგეთელებთან  შეხვედრები იმაში გარწმუნებთ, რომ მათ არ უნდათ სახელისუფლებო კანდიდატი, მაშინ რატომ  მაინცადამაინც კობა ზაქარეიშვილი და არა სხვა  ძალის წარმომადგენელი, რომლებსაც, სხვათა შორის, თქვენი კანდიდატურა უფრო მეტად აღიზიანებთ., ვიდრე "ქართული ოცნების"...

-იცით რა არის? ადამიანები მხვდებიან და  დაუფარავად , ალალად მეუბნებიან-2012 წელს გავაკეთე არჩევანი  „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შინაგანად მწამდა, რომ ვაკეთებდი სწორ არჩევანს უკეთესი საქართველოსთვის, მაგრამ, 7 წელმა გვაჩვენა, რომ ჩვენ მოგვატყუეს. 

სხვა კანდიდატებთან შედარებით, მე გამოცდილება მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ზუსტად ვიცოდე  რა არის დეპუტატის მოვალეობა, არც არასდროს  ვიტყვი იმას, რასაც ვერ გავაკეთებ, ან რაც არ არის ჩემი კომპეტენცია. ადამიანებთან ვსაუბრობ როგორც ჩემს მეგობრებთან, ჩემი ოჯახის წვერებთან.  ფაქტობრივად შემოვიარე ყველა ოჯახი, კარდაკარ. ადამიანები რომ გამოდიან,  მეუბნებიან: გვპირდებოდნენ უკეთეს ცხოვრებას და მივიღეთ  ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხალხის მიმართ. მთელი ამ კამპანიის დროს. სიმპტომატურია, რომ ყველა კანდიდატი  თავიანთი მესიჯებით ჩემს წინააღმდეგ, ერთგვარად, გაერთიანდა. მე არ ვუპასუხებ და არც აქამდე მქონია რეაქცია მათ არცთუკორექტულ  გამონათქვამებზე, არ დაგიმალავთ, რომ გარკვეულწილად გამიკვირდა და მეწყინა კიდეც, რადგან მომეჩვენა, რომ ისინი სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ ორკესტრირებულად მოქმედებენ....

ზაქარეიშვილი  მიიჩნევს, რომ ხალხთან სიახლოვე არის იმ მთავარი პრობლემების თავმოყრის და სწორად მუშაობის საფუძველი, რის დეფიციტზეც  დღეს ყველაზე მეტს საყვედურობენ  ხელისუფლებას

„მთავარი არის ის, რომ ადამიანებმა უნდა მიიღონ სიკეთე იმ პროექტებიდან, რაშიც უამრავი თანხა იხარჯება.  ხალხის მოთხოვნებს უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი დეპუტატი  თუ საჯარო მოხელე. მაგალითად,  4 დღე  ქალაქში წყალი რომ არ არის, კაბინეტში კი არ უნდა იჯდე და მოსახლეობას ემალებოდე, არამედ უნდა გამოხვიდე  ოთახიდან და ბოლომდე, სანამ არ გადაიჭრება პრობლემა, სანამ არ მიხვალ უწყლოდ დარჩენილ თითოეულ ოზურგეთელთან და არ კითხავ - თქვენთან  წყალი მოვიდა? იქამდე , შუაღამე იქნება თუ განთიადი, სახლში არ უნდა წახვიდე.  

კითხვაზე, დღეს  რთულია თუ არა  ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ ის სხვებისგან გამორჩეული იქნება, ან თუნდაც უფრო მეტად ახლოს შეძლებს ხალხთან ყოფნას, ვიდრე სხვა ნებისმიერი კანდიდატი,  გვპასუხობს, რომ  ეს ოზურგეთელების გადასაწყვეტია, რამდენად სწორად შეაფასებენ მის შესაძლებლობებსა და  დამოკიდებულებას:

„მოდი, ეს ყველაფერი 19-ში მივანდოთ ხალხს და ოზურგეთელებმა თავად გადაწყვიტონ,  რა  როგორ იქნება. მე არ  მიყვარს  "დევალვირებული" სიტყვა დაპირება, მაგრამ ადამიანურად  ვთვლი, რომ ისინი არიან ჩემი ოჯახის წევრები.  10 წელიწადია ტელეფონის ნომერი არ შემიცვლია, არ არსებობს რომ ვინმეს არ ვუპასუხო, არ მოვუსმინო, პრობლემას ბოლომდე არ ჩავყვე. ეს არის გამორიცხული. მე ვიქნები მათი ადვოკატი საკრებულოში, მე ვიქნები მათი პრობლემების ხმამაღლა გამხმოვანებელი. დანარჩენი 19-ში გადაწყვიტონ ჩვენმა ოზურგეთელებმა“.

 

 

- არა მარტო  ოპოზიცია, არამედ  პოლიტოლოგები და ექსპერტები განიხილავენ, რომ, ეს  არჩევნები არის ერთგვარი ანონსი იმისა თუ რა იქნება 2020 წლის არჩევნებზე. რაც უფრო დიდია გამოწვევა ხელისუფლებისთვის ,მით უფრო დიდია მათი მხრიდან წინაღმდეგობა და შესაბამისად, ცდუნებაც იმისა, რასაც ,,ხმებისთვის  ყველაფრის კადრება“ ჰქვია. ასეთ სიტუაციაში ხალხს  რის იმედს აძლევთ? 

-ახლა შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს  ბევრ ოლქში. ძალიან მნიშვნელოვანია  ზუგდიდში ქალბატონი სანდრას ბრძოლა მერობისთვის, ასევე პრინციპულია  ბრძოლა  მთაწმინდაზე, სადაც შალვა შავგულიძეა წარმოდგენილი. 19- ში ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გადავდგათ ნაბიჯი ხალხთან ერთად  გამარჯვებისკენ და "ქართულ ოცნებას" უნდა ვაჩვენოთ წითელი ბარათი. არჩევნების გზით  უნდა ვუთხრათ ის, მე რასაც ვგრძობ ყოველდღიურად  ხალხთან ურთიერთობაში: შენ მე მომატყუე!!!.  ოზურგეთის აი ამ პატარა ოლქმა, ამ კარგმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ  ეს შანსი.  დანარჩენ საქართველოს უნდა მისცენ სტიმული და იმედი იმისა, რომ ცვლილებები გარდაუვალი და  სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს ჩვენ გვსურს,  ეს ჩვენ   შეგვიძლია.  გარწმუნებთ,  რომ ხალხის  ტოტალური განწყობის, ხალხის ძალის წინააღმდეგ წასვლა  არის სრულიად  გამორიცხული. ამას  ვერ შეძლებს ვერცერთი ხელისუფლება, და თუ დააპირებს, საზოგადოების რეაქციაც სწორედ ისეთი იქნება, როგორიც არჩევნების მოპარვას ახლავს ხოლმე ყველგან, ყველა დემოკრატიებში.  ცივილიზებულ სამყაროში არსებობს უმაღლესი მაქსიმა - ყველაზე ძლიერი არის ხალხის  ნება და ხალხის ხმა.

-და თქვენ ფიქრობთ  რომ ხალხი  მზად არის რადიკალური ცვლილებებისთვის? 

- მე ვფიქრობ, რომ  ხალხი ამისთვის არის მზად. ხალხი არის  ღრმად იმედგაცრუებული. ადამიანებში ნიჰილიზმს, გულგატეხილობას, მაგრამ იმავდროულად გაბრაზებას  ვხედავ. ადამიანებს სამსახური არა აქვთ, ახალგაზრდობა სრული უპერსპექტივობის განცდით ცხოვრობს. ამას იქეთ უკვე აღარაფერია!

 -ეს არის ზოგადი სურათი, მაგრამ  კონკრეტულად, რა არის ოზურგეთლების ძირითადი პრობლემა?

- ოზურგეთში, როგორც ყველგან, მთელ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სიღარიბე, უმუშევრობა, კრიმინალის მომატება, გაზრდილი ტარიფები, ასევე სრულიად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა ყოველმხრივ მიტოვებულად და დაუცველად გრძნობს თავს

 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა