შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დაძაბულობა უფრო მეტად უნდა აწყობდეს "ქართულ ოცნებას“- ზაქარეიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38386 
 18 მაისი 2019

„წინასაარჩევნოდ ახლა რაც ხდება თბილისში, მარნეულსა და ზუგდიდში, ეს გათვლაა 2020 წელზე. აქ გამოჩნდება რა რესურსები გააჩნია საპარლამენტო არჩევნებისთვის ან ერთ, ან მეორე მხარეს“, - ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, მაღალია იმის ალბათობა, რომ  არჩევნების დღეს თბილისში, მარნეულსა და ზუგდიდში ვერ გამოვლინდეს გამარჯვებული და საჭირო გახდეს მეორე ტური.  

„როგორც ჩანს, ბევრ ადგილზე მოსალოდნელია მეორე ტური. მე ვხედავ მაღალ ალბათობას   თბილისში, მარნეულსა და ზუგდიდში, ანუ ხვალინდელ დღეს შეიძლება არ დაფიქსირდნენ გამარჯვებულები და საჭირო გახდეს მეორე ტური. 

„ზესტაფონშიც და ჭიათურაშიც არ არის გამორიცხული, რომ პირველ ტურში ვერ გავიდნენ კანდიდატები, თუმცა იქ მეტ-ნაკლებად უფრო გამოკვეთილია „ქართული ოცნების“ კანდიდატების უპირატესობა“, - განუცხადა ზაქარეიშილმა „რეზონანსს“.

მისივე აზრით, თუ ოპოზიციამ ზუგდიდში არჩევნების გაყალბების დამაჯერებელი ფაქტები წარუდგინა საზოგადოებას, მაშინ შესაძლოა დაძაბულობა მწვავე ფაზაში გადავიდეს.  

„ზუგდიდში სიტუაციის დაძაბვის ნებისმიერი ვარიანტი შეიძლება მოხდეს, გააჩნია მხარეები როგორ დაადასტურებენ თავის სიმართლეს. თუ ოპოზიციამ მოახერხა და მკაფიო, დამაჯერებელი ფაქტები დადო გაყალბებაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაძაბულობა. თუ ოპოზიციამ მხოლოდ ილაპარაკა გაყალბებაზე, მაგრამ ფაქტები ვერ მოიტანა და ვერ დაამტკიცა, მაშინ საზოგადოებისთვის არ იქნება დამაჯერებელი გაყალბების რეალობა და სიტუაცია არ გართულდება.

„საქმე ისაა, მხარეებს რამდენად აწყობთ დაძაბულობა. თუ მხარეებს ეს აწყობთ, შეიძლება ნებისმიერ  წვრილმან რაღაცაზეც წავიდნენ და თუ არ აწყობთ, შეიძლება სერიოზული ფაქტებიც კი მიჩქმალონ, რათა არ გადაიზარდოს სიტუაცია რთულ ფაზაში.

„რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაშინ დღეს და ხვალ უნდა აწყობდეს სერიოზული დაძაბულობა ან მარნეულში, ან ზუგდიდში (თბილისში არ გამოუვათ არანაირად), რომ დაიწყოს შეუქცევადი პროცესები. ამ შემთხვევაში „ოცნება“ იტყვის, რომ აირია ვითარება და ჩვენ გვჭირდება, რომ ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.  

დაძაბულობა უფრო მეტად უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე იგივე „ნაციონალურ მოძრაობას“. წესით, „ნაცმოძრაობას“ უნდა აწყობდეს, რაც შეიძლება მშვიდად მივიდეს 2020 წლის არჩევნებამდე და ხვალ თუ რამე გაფუჭდა, ამაზე მუდმივად ილაპარაკოს, ვიდრე ხელი შეუწყოს ვადამდელ არჩევნებს.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, რა აწყობს „ქართულ ოცნებას“. თუ აწყობს დაძაბულობა - იქნება დაძაბულობა, თუ არ აწყობს - არ იქნება (თუ ძალიან თავხედურად და უტიფრად არ გააყალბეს არჩევნები)“, - აცხადებს ზაქარეიშვილი. 

პოლიტოლოგი თვლის, რომ „ფეისბუქ“ ლაივები და მსგავსი ქმედებები ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო უბნებზე მეტ დაძაბულობას შექმნის.

„ფეისბუქ“ ლაივები და მსგავსი რაღაცეები საარჩევნო უბნებზე მეტ დაძაბულობას შექმნის ოპოზიციის მხრიდან. მე  ვურჩევდი ოპოზიციას, რომ არ იფიქროს დაძაბულობაზე, პირიქით, რომც არსებობდეს ამის  საფუძველი, განმუხტოს და არ წამოეგოს პროვოკაციაზე, რათა სიტუაცია არ აირიოს და მივიდნენ საპარლამენტო არჩევნებამდე.

„თუ სანდრა რულოვსი ზუგდიდში  გაიმარჯვებს, მაშინ  საპარლამენტო არჩევნებში მთლიანად სამეგრელოში მათი გამარჯვების შანსებიც იმატებს. მაგრამ თუ გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი, არ მგონია, რომ მან მოახდინოს სამეგრელოზე დიდი გავლენები, მაგრამ ოპოზიციას მაინც აღარ ექნება სამეგრელოში პირწმინდად გამარჯვების საშუალება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია