შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამდენი პენსიონერი პედაგოგი ტოვებს ბათუმში სკოლებს ორი წლის ხელფასის სანაცვლოდ

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 20 მაისი 2019

ბათუმის საჯარო სკოლებში 157 პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი მუშაობს. განათლების სამინისტროს შეთავაზება – ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის ნაცვლად, საინტერესო ჯერჯერობით მხოლოდ 20 მათგანისთვის აღმოჩნდა. სწორედ ამდენმა პედაგოგმა მიიღო სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება. სხვები ჯერ ფიქრობენ, ზოგი მათგანი კი, სავარაუდოდ, საგნობრივ გამოცდას ჩააბარებს. პედაგოგებს მოფიქრებისთვის კიდევ 10 დღე აქვთ. რომელ საჯარო სკოლაში როგორი სურათია და რა მოლოდინები აქვთ დირექტორებს, „ბათუმელები“ ამ საკითხზე საჯარო სკოლების დირექტორებს ესაუბრა. ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში 12 პენსიონერი მასწავლებელია. დირექტორის თქმით, სამმა პედაგოგმა სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, „დანარჩენები არ ვიცი რას გადაწყვეტენ,“ – გვითხრა დავით ეცადეიშვილმა. 24 პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელი ჰყავს მეორე საჯარო სკოლას. დირექტორი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რომელიმე მათგანი დატოვებს თუ არა სკოლას ჯილდოს სანაცვლოდ. ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში ოცი პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი მუშაობს. თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, ისინიც „ჯერჯერობით ფიქრობენ“ დატოვონ სკოლა თუ კვალიფიკაციაზე ზრუნვა გააგრძელონ. მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ორმა პედაგოგმა სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ოთხი პენსიონერი მასწავლებელი კი, საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა. მე-6 საჯარო სკოლაში ოთხიდან ორმა პედაგოგმა პროფესიაში დარჩენას ჯილდო ამჯობინა. მეხუთე საჯარო სკოლაში ათი პენსიონერი პედაგოგი მუშაობს. როგორც დირექტორი გვეუბნება, სკოლიდან წასვლა მხოლოდ ერთმა პედაგოგმა გადაწყვიტა, ცხრა – გამოცდის ჩაბარებას აპირებს. 15 პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელი ჰყავს ბათუმის მე-8 საჯარო სკოლას. „ერთმა თქვა, რომ განცხადებას დაწერს და ჯილდოს აიღებს, დანარჩენები ფიქრობენ,“ – გვითხრა დირექტორმა. მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ „ორი მასწავლებელი სკოლას ნამდვილად ტოვებს, ერთი ფიქრობს, რომ კრედიტქულები დააგროვოს და დარჩეს, დანარჩენი ორიც დარჩენას აპირებს“. მე-13 საჯარო სკოლაში ექვსი პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელია. დირექტორის თქმით, უმრავლესობა ჯილდოს აღებას აპირებს. რვა პენსიონერი მასწავლებლიდან მე-16 სკოლაში მხოლოდ ორმა მიიღო ჯილდოს აღების გადაწყვეტილება, „დანარჩენები საგნობრივ გამოცდას აბარებენ“. მე-18 საჯარო სკოლაში თოთხმეტი პენსიონერი მასწავლებელი ჰყავთ, „თუმცა გადაჭრით, მხოლოდ ერთმა განაცხადა სკოლიდან წასვლაზე“. დანარჩენის პოზიცია დირექტორისთვის უცნობია. 13 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან მხოლოდ ორი ტოვებს სკოლას ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაშიც. ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, დირექტორის თქმით, 20 პენსიონერი პედაგოგი ასწავლის. დირექტორი ნატალია მგელაძე ამბობს, რომ ყველა მათგანს გააცნეს განათლების სამინისტროს შემოთავაზება, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწვეტილება პედაგოგებს არ მიუღიათ: „მაისის ბოლომდე მათ აქვთ შესაძლებლობა გადაწყვიტონ, დარეგისტრირდნენ საგნობრივ გამოცდაზე თუ არა. ჯერ გადაჭრით არც ერთ პედაგოგს არაფერი უთქვამს. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.“ საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია საგნობრივი კომპეტენცია, შეუძლია სახელმწიფოსგან მიიღოს ორი წლის ჯამური ხელფასი და სკოლა დატოვოს, ან დარჩეს პროფესიაში, იმ შემთხვევაში, თუკი ის ჩააბარებს საგნობრივ გამოცდებს და იზრუნებს მის პროფესიულ და კარიერულ ზრდაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პენსიონერ პედაგოგებს სკოლის დატოვება მოუწევთ. მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან. კირნათის სკოლის პედაგოგი ზურაბ შალიკაძე პროფესიიდან გასვლას აპირებს. ამავე თემაზე: სამინისტრო მზადაა 11 000 პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ჩაანაცვლოს სხვებით

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია