შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ოპოზიციისთვის ეს შედეგი ოპტიმისტურია” - კაკაჩია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38452 
 21 მაისი 2019

„მთლიანობაში თუ შევხედავთ, ოპოზიციისთვის ეს შედეგი ოპტიმისტურია. ოპოზიციამ წააგო, მაგრამ ამ არჩევნებმა რამდენიმე უბანში აჩვენა, რომ ოპოზიციისა და მმართველი ძალის კანდიდატების შედეგები საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან. ამდენად, თუ 2020 წლის არჩევნებისთვის გამოვაკლებთ ამ მასშტაბის ადმინისტრაციულ რესურსს და დავუმატებთ იმას, რომ „ოცნების" რეიტინგი იმ პერიოდში უფრო და უფრო დაიწევს, პესიმისტურად განწყობილი არ ვიქნებოდი,"- აცხადებს „საქართველოს პოლტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

ეს შედეგები მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ე.წ. ადმინისტრაციული რესურსები, რომელსაც ძალიან კარგად იყენებენ.

მითუმეტეს, ასეთი შუალედური არჩევნებია, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით კი არ აქვთ კონცენტრაცია გასაკეთებელი, არამედ კონკრეტულ უბნებზე. თან კარგად ჰყავთ გაწვრთნილი და აწყობილი კოორდინატორების სისტემაც. აქიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საოცრება იქნებოდა ოპოზიციას გაემარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების" რეიტინგი საკმაოდ დაცემულია.

მთლიანობაში თუ შევხედავთ, ოპოზიციისთვის ეს შედეგი ოპტიმისტურია. ოპოზიციამ წააგო, მაგრამ ამ არჩევნებმა რამდენიმე უბანში აჩვენა, რომ ოპოზიციისა და მმართველი ძალის კანდიდატების შედეგები საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან. ამდენად, თუ 2020 წლის არჩევნებისთვის გამოვაკლებთ ამ მასშტაბის ადმინისტრაციულ რესურსს და დავუმატებთ იმას, რომ „ოცნების" რეიტინგი იმ პერიოდში უფრო და უფრო დაიწევს, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა პერიპეტიებია და 2020 წლამდე როგორ მიაღწევს „ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა, პესიმისტურად განწყობილი არ ვიქნებოდი.

პირიქით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია გაერთიანებას და ერთიანი სიის წარდგენას მოახერხებს, გამორიცხული არ არის, ჩვენ სულ სხვა შედეგი მივიღოთ 2020 წლის არჩევნებზე. ახლა საინტერესოა მთაწმინდის არჩევნები.

გამორიცხული არ არის, განმეორდეს და ოპოზიციის კანდიდატი დამარცხდეს კიდეც, მაგრამ მისი დამარცხება მაინც ფაქტობრივად გამარჯვება იქნება, ისევ 2020 წლის პერსპექტივიდან გამომდინარე, რადგან 2020 წელს ხელისუფლებას იმის რესურსი არ ექნება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასე ტოტალურად გაუწიოს არჩევნებს ორგანიზება. თანაც, 2020 წლის არჩევნებისთვის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაც უფრო მეტი იქნება.

ამ არჩევნებმა აჩვენა ის, თუ როგორი ტიპის კანდიდატი მოსწონს ამომრჩეველს. ისეთი, ვისაც გააჩნია გარკვეული სოციალური კაპიტალი, პერსონალური დადებითი იმიჯი. ამის მაგალითია შავგულიძე. ადამიანი, რომელსაც დამტკიცებული აქვს საზოგადოებისთვის რაღაც, როგორც მორალურად, ისე პოლიტიკურად.

ამდენად, შედეგი არჩევნების გასაღები იქნება, რამდენად მოახერხებენ ძირითადი პარტიები ისეთი ადამიანების თავის გარშემო თავმოყრას, რომლებსაც ვერავინ დააბრალებს რაღაც ნეგატივს, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ განსაკუთრებით მაჟორიტარულ ოლქებში.

თუ თვითდარმწმუნებას მიეცნენ, შეიძლება ამან მათთვის სერიოზული უარყოფითი როლი ითამაშოს 2020 წლის არჩევნებისთვის. მათ ადგილზე მე ასე თვითდარწმუნებული არ ვიქნებოდი, რადგან ამ არჩევნებზეც გამოჩნდა ის ტენდენციები, რაც შეიძლება გამოიკვეთოს 2020 წელს. იმიტომ რომ, „ოცნების" რეიტინგი ეცემა, პარტიაშიც ერთიანობა არ არის, ლამის ყოველ თვე ვიღაც ტოვებს მათ რიგებს. ასე, რომ ჩვენ არ ვიცით, რა ფორმაში მიაღწევს 2020 წელს „ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა. გულარხეინად ყოფნის საშუალება არ აქვთ.

 ჩვენ ვხედავთ, როგორ მიდის „ოცნების" საქმე, ადამიანებსაც ვერ პოულობენ, ვისაც „ოცნებაში" გაწევრიანება უნდა. ადამიანური, პოლიტიკური და ყველანაირი რესურსი უკვე გაცვეთილია. მითუმეტეს, რომ ისინი ახალ ნარატივებს ვერ ქმნიან, რეფორმებს ვერ ატარებენ, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებენ და მარტო ივანიშვილის ფინანსებით ყოველთვის ფონს ვერ გავლენ. მუდმივი არაფერია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია