შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობამ ივანიშვილის კომპანიას "წითელ ნუსხაში" დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38467 
 22 მაისი 2019

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას “ასოციაცია ატუს” ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის სახელმწიფო “წითელ ნუსხაში” დაცული ხეების მოჭრის უფლება მიეცა. 

2019 წლის 17 მაისს ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია, რომ “ასოციაცია ატუ” ქუთაისის მიმდებარედ 387,512 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე “წითელი ნუსხით” დაცულ შემდეგ ხეებს მოჭრის: 

იმერული მუხა - 60 ხე; 
ძელქვა - 49 ხე. 

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ასოციაცია "ატუმ"მოჭრილი მერქანი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე უნდა დაასაწყობოს. 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ:

უნივერსიტეტის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდის" დაფინანსებით აშენებულ უნივერსიტეტს სტუდენტები 2019 წლის შემოდგომაზე უნდა მიეღო. პროექტის გაცხადებული ღირებულება 500 მილიონი ევრო უნდა იყოს, არსებული მდგომარეობით, ამ თანხის აბსოლუტური ნაწილი ათვისებული არაა. 

პროექტის მიხედვით, ახალი უნივერსიტეტი 140 ჰა ტერიტორიაზე იქნება განთავსებული და მაქსიმალური დატვირთვის პირობებში, მასში 60,000 სტუდენტი მიიღებს განათლებას. შედარებისთვის, სტუდენტთა ეს მოცულობა თსუ-ზე თითქმის სამჯერ მეტია.

მთავრობამ 2018 წლის 13 ნოემბერს გამოცემული დადგენილებით, ააიპ “ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს” 49 წლიანი ვადით გადასცა ქალაქ ქუთაისში რიონჰესის მიმდებარედ 82 ჰექტარის მიწის ნაკვეთი. 

ამჟამად ტერიტორიაზე მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

უნივერსიტეტის პროექტის საზეიმო პრეზენტაცია 2016 წლის 12 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა, ის გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

https://www.bm.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია