შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგნობრივ გამოცდაზე 5-ათასამდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 23 მაისი 2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისათვის მთლიანობაში 25 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. ცენტრის ინფორმაციით, 5 ათასამდე პირი, ვინც რეგისტრაცია გაიარა, მასწავლებლობის მსურველია, 20 ათასამდე კი – პრაქტიკოსი მასწავლებელი. რეგისტრაცია ხვალ, 24 მაისს, მთავრდება. ცენტრის ინფორმაციით,  რეგისტრაციის დროს სტატუსს არ ამოწმებენ, შესაბამისად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. „თუმცა შედეგების გამოყენებას მასწავლებლობის მიზნებისათვის ის მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციას მოიპოვებს და შესაბამის პროცედურებს გაივლის“. ცენტრი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირებულ აპლიკანტებს კონსულტაციების გავლას სთავაზობს. „ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს“. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ასევე მათ, ვისაც აქვთ სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება; მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია გამარტივებული ფორმატით მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია