შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38509 
 24 მაისი 2019

დამოუკიდებლობის დღე ყოველ წელს აღინიშნება, მაგრამ შესყიდვების დიდი ნაწილი მაინც მოკლე ვადაში, ტენდერის ავლით, დაჩქარებული წესით ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ფლენგვის დეტექტორი“ ავრცელებს. ყოველწლიური დღესასწაულისთვის იხარჯება სარეზერვო ფონდიც, რომელიც მხოლოდ გაუთვალისწინებელი, ფორს-მაჟორული შემთხვევებისთვისაა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, გამარტივებულ შესყიდვებში 1,497,159 ლარი იხარჯება. მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს 350,315 ლარის გამარტივებულ შესყიდვებს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 392 940 ლარისას, თავდაცვის სამინისტრო კი 754 219 ლარისას.

თავდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავს რეჟისორის, პროდიუსერისა და მოცეკვავეების დაქირავებაში (270 962 ლარი), საზეიმო ღონისძიების გახმოვანებაში (108 000 ლარი), სხვადასხვა საქონლის შეძენასა და ტრიბუნის მოწყობა-სცენის გაფორმებაში (120 171 ლარი).

460 000 ლარი გამოიყო თავდაცვის სარეზერვო ფონდიდან ფიცის დადების ცერემონიალის გადაღება გაშუქებისათვის. სარეზერვო ფონდიდან რესურსების გამოყოფა წინასწარ გაუთვალისწინებელ ფორს-მაჟორულ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, რადგან სარეზერვო ფონდები იქმნება სახელმწიფო ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. თუმცა საქართველოში, აღნიშნული თანხები ხშირად გამოიყოფა ღონისძიებების აღსანიშნავად. რამდენად გაუთვალისწინებელი ან ფორს-მაჟორული შეიძლება იყოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება? 

ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა 2 683 777 ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სსიპ “შემოქმედებით საქართველოს” გადაეცა.

2017 წელს 26 მაისის ღონისძიებების ჩატარებისთვის 1 650 210 ლარი დაიხარჯა, 2016 წელს კი ღონისძიებების ჩასატარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 488 693 ლარი გამოიყო. 2018 წელს მხოლოდ თბილისის მერიამ 26 მაისის ღონისძიებებისთვის გამარტივებულ შესყიდვებში 606 000 ლარი დახარჯა. გაუგებარია, რატომ აღნიშნავს მთავრობა მაინცა და მაინც წლევანდელ ზეიმს ასეთი დისპროპორციული ხარჯითა და განსაკუთრებული პომპეზურობით და უკავშირდება თუ არა საზეიმო ღონისძიებების ხარჯების ასეთი ზრდა არჩევნებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია