შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22752 
 24 მაისი 2019
ნინო ხარაზიშვილი ახალციხეში მსახურობს, პირველი ქვეითი ბრიგადის, შავნაბადას მე–13 ბატალიონის რიგითია. დილაუთენია, 6-ის ნახევარზე დგება. ხაშურში ცხოვრობს, ახალციხემდე კი 37 კილომეტრია. მაინც არასდროს აგვიანებს და 8 საათზე უკვე სამხედრო ფორმით მოწყობაზე დგას.24 წლისაა, 14 თვეა რაც ჯარში კონტრაქტით მსახურობს: „ბავშვობიდანვე მომწონდა ჯარის ცხოვრება, მინდოდა ოდესმე მეც ჩამეცვა ფორმა. ფიზიკურად ყოველთვის დატვირთული ვიყავი, ძალიან ვაქტიურობდი, ჩემს მშობლებსაც ვეხმარებოდი საქმეებში და ვცდილობდი ასეთ ცხოვრებას თავიდანვე შევჩვეოდი“.აქაურ ყოველდღიურობასთან შეგუება მაინც ძალიან გაუჭირდა, თუმცა ბაზაზე შეძენილი მეგობრების დახმარებით მალევე აეწყო ჯარის რეჟიმს.თავიდან ოჯახმა გადაწყვეტილება არ მოუწონა, განსაკუთრებით წინააღმდეგი დედა იყო –„ სულ მეუბნებოდნენ, რა გინდა ჯარში, იქ რა უნდა აკეთოო. ახლა ასეთი დამოკიდებულება აღარ აქვთ, ფორმა, რომ მაცვია უკვე თვითონაც ამაყობენ“.ჯარისკაცობისთვის ემზადება ნინოს ერთადერთი ძმაც.ნინოს ბავშვობის ოცნება ჯარში ემსახურა ასრულებულია, ახლა შემდეგი მისია აქვს – გახდეს ოფიცერი, რისთვისაც ძალებს არ იშურებს: „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მინდა. იმისათვის, რომ რომ საკუთარ მიზანს მიაღწიო და წარმატებული სამხედრო მოსამსახურე გახდე, შრომისმოყვარეობაა საჭირო, კიდევ ერთგულება და პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება“.28 წლის სოფო აკოფაშვილიც „შავნაბადელია“,ახალციხეში ექვსი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, შინიდანაც ყოველ დილით ერთად გადიან. თენგოს ბაღში ტოვებს, თვითონ კი სამსახურში მიდის. დაგვიანება არც მას სჩვევია. სოფოს მამა აფხაზეთის ომში დაეღუპა, პატარაობიდან ესმოდა მამის გმირობის შესახებ, ამიტომაც გადაწყვიტა თვითონაც ჯარისკაცი გამხდარიყო.„ქართულ შეიარაღებულ ძალებში ისე დავრეგისტრირდი, რომ კარანტინში წასვლამდე ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. უფრო ადრე მინდოდა სამხედრო მოსამსახურე გავმხდარიყავი, მაგრამ ოჯახური პრობლემები მქონდა. მიუხედავად ჩემი „სიურპრიზისა“,ოჯახი მშვიდად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. მიზანს მივაღწიე და დიდი ხნის სურვილი ავისრულე. გავხდი ჯარისკაცი, ეს ჩემთვის საამაყოა, ახლა როცა, ნაწილის ტერიტორიაზე შევდივარ ვერ გადმოგცემთ, როგორი განცდა მეუფლება“.დედის სამსახურით მისი შვილიც ამაყობს: „ბაღში ყველას უყვება, რომ დედამისი ჯარისკაცია. ბავშვებსაც ჯარისკაცულ სიარულს ასწავლის, მასწავლებელი მეუბნება ცეკვაზე რომ დადის, ისე ატარებს ბავშვებს როგორც ჯარისკაცები დადიანო“.სამხედრო სამსახურმა სოფოს ყოველდღიური რიტმიც შეცვალა, ამბობს, რომ ჯარის ცხოვრება მარტივი არ არის, მაგრამ როცა სურვილი გაქვს შეუძლებელი არაფერია. ველზე სიარულს მიეჩვია 10 კილოიანი ჩანთითაც – „თავიდან ძალიან მიჭირდა, განსაკუთრებით იარაღთან ერთად სირბილი, მაგრამ ამ ყველაფერმა შეჩვევა იცის. ახლა, ბიჭებთან ერთად ჩვეულებრივად აღჭურვილობით დავდივარ და რთული აღარ არის. ჯარისკაცი რომ იყო უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, უნდა გიყვარდეს შენი ფორმა და უნდა გეამაყებოდეს ის რასაც აკეთებ. ბევრს მიაჩნია, რომ რადგან ჯარში ხარ, იქ მხოლოდ შემოსავლის გამო ხარ, მაგრამ ასე არაა. თუ არ გიყვარს შენი სამსახური მხოლოდ ხელფასის გამო ვერ იქნები, უბრალოდ ვერ გაძლებ“.სოფო გვიყვება, რომ მის გადაწყვეტილებას, ჯარში ემსახურა, საზოგადოების განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ცდილობს, ამ საკითხს ყურადღება არ მიაქციოს, რადგან სჯერა, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და არც სამშობლოს სიყვარულს: „ხშირად მესმის, ამბობენ, რომ ქალი უნდა იყოს „კუხნაშიო“ მაგრამ, რა თქმა უნდა ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩვენც შეგვიძლია ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც ამას აკეთებენ კაცები. ვფიქრობ, რომ ქალი ყოველთვის იქ უნდა იყოს სადაც საჭიროა, მათ შორის იარაღით ხელში სამხედრო სამსახურში“.შეეგუა იმასაც რომ ხშირად მაკიაჟის გარეშე გამოდის სახლიდან – „ახლა მაკიაჟით იშვიათად დავდივარ, შევეგუე და საკუთარ თავსაც ავუკრძალე.“დატვირთული დღის მიუხედავად, სოფო სამსახურის შემდეგ საოჯახო საქმეებსაც ასწრებს და ცდილობს დრო შვილსაც დაუთმოს. სამომავლოდ გეგმებიც აქვს, სამხედრო სამსახურის გაგრძელებას და ოფიცრობას აპირებს, თუმცა კარგად იცის, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა.ბოლო წლებში ქართულ ჯარში ქალების სამსახური უფრო და უფრო „პოპულარული“ ხდება და მათი რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. პირველი ბრიგადის შავნაბადას მე–13 ბატალიონში 20 ქალი მსახურობს. ქართულ შეიარაღებულ ძალებში ქალების საერთო რაოდენობა კი 6%–ია.[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება