შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22758 
 24 მაისი 2019
გარემოსდაცვაზე ფიქრი 2015 წელს დაიწყეს, სკოლის ყველაზე დიდი წარმატება კი 2017 წელს ქართველი ბოტანიკოსის, ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფინალურ ეტაპზე გასვლა იყო. სასკოლო კონკურსში გარემოსდაცვით ღონისძიებებში ჩართული სკოლები მონაწილეობენ. ადიგენის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლა 152 სკოლას შორის საუკეთესოდ დასახელდა და ფინალურ ეტაპზე გავიდა. ლელოვნის სკოლამ მწვანე სკოლის სტატუსიც მოიპოვა.„პრემიის შესახებ ოთხი წლის წინ გავიგეთ, შევქმენით ეკოკლუბი, რომელშიც ათი წევრი ვართ, პირველივე აქტივობის შემდეგ ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალურ ეტაპზე მოვხვდით. მას შემდეგ ვიკვლევთ მცენარეებს, ვრგავთ და ვუვლით მათ, ჩემი როგორც დირექტორის მიზანია, გავხადო მათი ცხოვრება მრავალფეროვანი და დავტვირთო სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმიანობით“, - ამბობს ლელოვნის სკოლის დირექტორი, ეთერ მეტრეველი. ლელოვნის სკოლის მოსწავლე და ეკოკლუბის წევრი ამბობს, რომ ბზა განსაკუთრებით უყვარს, რადგან ის საქართველოსთვის ისტორიულია და ამჟამად გადაშენების პირასაა. ვანომ ყველაზე დიდი გამოცდილება ბზების მოვლით მიიღო.ვანოს სახლში ორნაირი, კოლხური და ქართული ბზა აქვს, სკოლის ეზოში კი ბზის ათ კორომს უვლის. 2016 წელს საქართველოში ბზის ალურა მთელი ქვეყნის ბზებს მოედო, დაავადება ვანოს ბზებსაც გაუჩნდა: „ჩემს სოფელში ბზას ალურა შეეყარა, ამიტომ დავიწყე ფიქრი, თუ როგორ განმეკურნა ეს მცენარე დაავადებისგან, ვკითხე ყველას ვისაც ეხებოდა და ვიშოვე წამალი. საბოლოოდ კი როგორც სახლის, ასევე სკოლის ბზა გადავარჩინე“.ვანოს თანასკოლელები აღნიშნავენ, რომ მისი ძალისხმევის გარეშე ქართულო ბზა ვერ გადარჩებოდა. თექვსმეტი წლის ეკოდამცველი ამბობს, რომ ბზის ალურა წელსაც საფრთხეს უქმნის მცენარეს, ამიტომ ყველას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „საქართველოში სულ ათას კორომამდე კოლხური ბზაა შემორჩენილი და ყველამ უნდა მოვუაროთ“.ლელოვნის ეკოკლუბის წევრი, მარიამ ბოჭორიშვილი გვიყვება, რომ მცენარეების მოვლა და გავრცელება მათი ერთადერთი საქმიანობა არაა: „გადავწყვიტეთ სკოლის ინტერიერი გაგველამაზებინა და მთელი სკოლის ბავშვები ჩავერთეთ, მოვხატეთ კედელი, თუნუქის ურნები, ვეცადეთ პოლიეთილენის პარკების გამოყენება შეგვეზღუდა, ამიტო ქაღალდის, პარკისა და გამოუსადეგარი ნაჭრისგან ჩანთები დავამზადეთ და სოფლებში გავაჩუქეთ, საბურავებისგან საყვავილეები შევქმენით“.მოსწავლეები ყოველ კვირას გასართობ შემეცნებით თამაშს„რა? სად? როდის?“ აწყობენ, ბუნებასა და ისტორიულ ადგილებში კი ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების შემოქმედების გასაცნობად გადიან.მალე ლელოვნის სკოლის ეზოს ფიჭვის, ნაძვისა და ფოთლოვანი ნერგების შემდეგ, ცაცხვის ხეებიც შეემატება. კლუბის წევრი, ლინდა მარკოიძე სკოლის ეზოს ყველა სამუშაოში მონაწილეობდა, ამის მიზეზს ასე განამრტავს: „ყველაზე სასიამოვნო პროცესია, როცა შენი ხელით აკეთებ და ქმნი სილამაზეს იმ გარემოსთვის, რომელსაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებ.“[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია