შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩამოშორდება თუ არა სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38539 
 26 მაისი 2019

„სააკაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც უკრაინაში მოქალაქეობის აღდგენას დასჯერდება და უარს იტყვის ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე. მას სჭირდება თავისი ხელისუფლება. შანსი იმისა, რომ ის გახდეს პრემიერი, მხოლოდ საქართველოშია", - ასე აფასებს პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სავარაუდო დაბრუნებას.

ძაბირაძის შეფასებით, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში მის ჩართულობაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს, რადგან საბოლოო მიზნად ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნება და მმართველი თანამდებობის დაკავებაა აქვს დასახული.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ 29 მაისს დაბრუნდება. ამის სესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საშუალებს „უნნ" ავრცელებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ დასჯერდება არც ერთ სხვა ქვეყანაში ვინმეს თანაშემწეობას და სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას. პირიქით, ის ძალ-ღონეს არ დაიშურებს თავისი საბოლოო მიზნის შესასრულებლად:

„მახსოვს ზელენსკის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ეს (მოქალაქეობის დაბრუნება) არის სასამართლოს პრეროგატივა და მან უნდა გადაწყვიტოს აღუდგენენ თუ არა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას. ალბათ, აღუდგენენ კიდეც.

„თუ აღუდგენენ მოქალაქეობას - ის იქნება უკრაინის მოქალაქე, მაგრამ სააკაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც უკრაინაში მოქალაქეობის აღდგენას დასჯერდება და უარს იტყვის ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე. ამიტომ არ მგონია, რომ ამ მხრივ რამე შეიცვალოს.

„ჯერჯერობით სააკაშვილის აქტიურობა არის ვიდეომიმართვების დონეზე და ამის საშუალება მას ყოველთვის ექნება, არ აქვს მნიშვნელობა, უკრაინაში იქნება თუ სხვაგან. ამიტომ, ბუნებრივია, ის მიიღებს მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში და არასოდეს არ იტყვის ამაზე უარს.

„სააკაშვილის სურვილია, რომ იყოს პოლიტიკის განმსაზღვრელი და არა ვინმეს თანაშემწე. მან ეს პროცესი უკრაინაში გაიარა. სააკაშვილს სჭირდება თავისი ხელისუფლება და არა ექსპერტის ან გუბერნატორის დონეზე რაიმე თანამდებობის მოპოვება. ამის შანსი მას მხოლოდ საქართველოში აქვს. ყოველ შემთხვევაში, ყველა ასე თვლის - თუ „ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს არჩევნებში, სააკაშვილი მოგვევლინება პრემიერ-მინისტრად, რაც ცხადზე უცხადესია. მას არ უნდა საზოგადო აქტიურობა", - განაცხდა ვახტანგ ძაბირაძემ.

„რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა განმარტა, რომ ექს-პრეზიდენტს საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა არ შეუშლის ხელს იმაში, რომ აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში:

„ის უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობებზე იყო, გუბერნატორის პოსტიც ჰქონდა დაკავებული, მაგრამ ქართული პოლიტიკური სინამდვილიდან ხომ არ წასულა?! უფრო მეტიც, მან განცხადებაც კი გააკეთა, რომ პოროშენკოს თანაშემწეობის თუ ექსპერტობის დროს ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეს შორდებოდა, რადგან უკრაინისთვის უნდა მიეხედა. მაგრამ, რეალურად, არც მაშინ, არც გუბერნატორობის დროს ის მაინც არ წასულა ქართული პოლიტიკიდან.

„აღუდგენენ მას უკრაინის მოქალაქეობას თუ არ აღუდგენენ, ის მაინც არ წავა ქართული პოლიტიკური სინამდვილიდან და არც აპირებს წასვლას. იმ თანამდებობას, რომელიც მას დააკმაყოფილებს - ანუ მმართველის პოსტს, ვერც უკრაინაში ვერ მისცემს ვერავინ და ვერც სხვა ქვეყანაში. შანსი იმისა, რომ ის გახდეს პრემიერი, მხოლოდ საქართველოშია. ამიტომ მაქსიმალურად შეეცდება ყველაფერი გააკეთოს ამისთვის და მცდელობას არ მოაკლებს, მაგრამ აქ როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები, ეგ ცაკლე თემაა", - განმარტა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2018 წლის თებერვალში ჩამოართვეს და გააძევეს პოლონეთში. მას უკრაინაში დაბრუნებ 2021 წლამდე ეკრძალება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია