შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სერიოზული პრობლემების შემქმნელი პრეზიდენტი... კრემლის საქმეს აკეთებს"- ლაშა ბუღაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38580 
 28 მაისი 2019

დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს მწერალი ლაშა ბუღაძე Facebook-ითეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, საკითხთან მიმართებაში სიფრთხილე და სიბრძნე გამოიჩინონ.

„ცხადია, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარია და არავითარ შემთხვევაში – მტერი. არაერთ აზერბაიჯანელს გაუწირავს თავი და უბრძოლია ჩვენი ქვეყნისთვის – სიტყვით თუ საქმით, მეგობართან კი ყოველთვის შესაძლებელია მოლაპარაკება – თუნდაც ისეთ რთულ საკითხზე, რომელიც მოუგვარებელ მემკვიდრეობად გვერგო სტალინ-ორჯონიკიძის დანაშაულებრივი ეპოქიდან.

ყველას სიფრთხილე და სიბრძნე გვმართებს ამ პროცესში, რათა საბოლოოდ კრემლი არ გამოვიდეს გამარჯვებული და პროვოკატორების მეშვეობით, ბოლოს თავად არ მოგვევლინოს ჩვენ შორის „მშვიდობისმყოფლად“. უამრავი მეთოდი არსებობს (მათ შორის, ევროპის გამოცდილებით), როგორ შეიძლება ცივილიზებულად გადაწყდეს თუნდაც ამგვარი დელიკატური და ისტორიულად უმნიშვნელოვანესი საკითხი. მთავარია, პროვოკატორებსა და არამზადებს არ მივცეთ ხელის მოთბობის საშუალება, ჩვენ კი გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვათ. ჩვენი პროტესტის მთავარი სამიზნე საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს, რომელსაც აქ მაინც(!) უნდა მოვთხოვოთ პროფესიონალიზმი და ადეკვატურობა!

პროტესტს იმსახურებს სერიოზულად ვერაღქმული, მაგრამ უკვე სერიოზული პრობლემების შემქმნელი პრეზიდენტი, რომლის ჩვეული, ინფანტილურად თუ ცნობიერად (ან განზრახ) გაკეთებული განცხადებები მერამდენედ გვექცა დამაფიქრებელ და სახიფათო თავისტკივილად. კრემლი ყოველთვის მოწადინებულია, რომ როგორმე ახლებურ მარაზმში შეგვიყოლიოს, ამიტომ ათმაგი და ასმაგი ყურადღება გვმართებს.

გვახსოვდეს, რომ ის, ვინც ქსენოფობიასა და შუღლს აღვივებს – ვინც არ უნდა იყოს იგი! – კრემლის საქმეს აკეთებს. ჩვენი სიმართლე ჩვენსავე სიბრძნეში, თანმიმდევრულობასა და ცივილიზებულობაშია. ზოგადად კი – ჩვენი რეალობისა და არა მხოლოდ ამ პროცესის დახასიათების კუთხით – ერი მაშინ ცდილობს ისტორიული „პრობლემების“ მოგვარებას, როცა ვეღარაფერს აგვარებს აწმყოში, მომავალი კი უპერსპექტივოდ გამოიყურება“, – წერს ლაშა ბუღაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია