ონლაინ-თამაშები თანამედროვე კულტურის და გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, გადაჭარბების შემთხვევაში, ისიც ისეთივე პრობლემა შეიძლება იყოს, როგორც ბევრი სხვა რამ ცხოვრებაში.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკური დარღვევების სიაში ოფიციალურად შეიტანა. ტერმინი შემდეგნაირადაა ფორმულირებული:

"თამაშებით ჩამოყალიბებული ქცევის ნიმუში (ონლაინ-თამაშები ან ვიდეო-თამაშები), რომელიც გამოიხატება მასზე კონტროლის შემცირებით; სხვა აქტივობებთან შედარებით იმ ხარისხობრივი პრიორიტეტის მინიჭებით, როცა ის სხვა ინტერესებსა და ყოველდღიურ საქმეებზე მაღლა დგება; უარყოფითი შედეგების მიუხედავად, თამაშის გაგრძელება და მისი სიხშირის ზრდა".

როგორც ფსიქიკურ ჯანმრთელობაში WHO-ს ექსპერტი შეხარ საქსენა ამბობს, აღნიშნული აშლილობა მოთამაშეების მინიმალურ რაოდენობას შეიძლება განუვითარდეს. მაგალითად მათ, ვინც ვიდეო-თამაშებში დღის განმავლობაში 20 საათით ან მეტითაა ჩართული და ამ პერიოდში უარს ამბობს სკოლაზე, საჭმელზე, ძილზე და სხვა მნიშვნელოვან ყოველდღიურ საქმიანობაზე.

"ეს ქცევა განმეორებითი ან დროებითი შეიძლება იყოს", — ამბობს მეცნიერი და დასძენს, რომ აშლილობის დიაგნოსტირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქცევა ერთი წლის განმავლობაში დიდი სიხშირით გაიზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში აპირებდა კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების ფსიქიკურ აშლილობაზე მიკუთვნებას და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 გამოცემაში შეყვანას.