შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, ასპინძის ქუჩის N26-ში მდებარე ხუთსართულიან კორპუსში ორი ოჯახი აივნებს უკანონოდ აშენებს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 01 ნოემბერი 2018
ამის შესახებ ორივე ოჯახში მცხოვრებლებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ თავად ისაუბრეს. გიორგი ბლუაშვილი და გიორგი ოქრომელიძე პირველ და მეორე სართულებზე აივნების ფართს ზრდიან. ორივე მათგანი ამბობს, რომ ეს საკითხი მეზობლებთან შეათანხმეს და ახალციხის მერიისგან ნებართვის მიღება საჭიროდ აღარ ჩათვალეს. „მეზობლები წინააღმდეგები არ არიან, ნებართვა არ ამიღია. სხვებმა, რომ გააკეთეს მეც ვიფიქრე, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. არ ვარ ერთადერთი ვისაც ეს აქვს გაკეთებული. მთელ ქალქში ნებისმიერ კორპუსს აქვს მიშენებები“, – ამბობს მეორე სართულზე მცხოვრები გიორგი ბლუაშვილი. მის ქვედა სართულზე მცხოვრები ოქრომელიძეები აივანს სიგანეში ორ მეტრამდე, ხოლო სიგრძეში ნახევარი მეტრით ზრიან: „არაფერს არ ავაშენებთ, უბრალოდ აივანს გავწევთ წინ. აივნის ძირი მოპირკეთდება ისე, რომ კორპუსის იერ-სახეს არ დავამახინჯებთ და შეიძლება უფრო ლამაზიც იყოს. ამოშენებას არ ვაპირებთ ისევ აივანი იქნება“ – ამბობს პირველ სართულზე მცხოვრები გიორგი ოქრომელიძე. კორპუსში გარდა ოქრომელიძეებისა და ბლუაშვილებისა, როგორც აივნები, ასევე, ოთახები, გასულ წლებში მიშენებული აქვთ სხვებსაც. მათ ნაწილს „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გაკეთება არ სურს, ნაწილი კი პირად საუბარში ამბობს, რომ „მათაც უკანონოდ მიაშენს, ოღონდ ეს წლების წინ იყო და ამაზე პასუხი ამ დრომდე არავის მოუთხოვია“. არც ბლუაშვილს და არც ოქრომელიძეს მშენებლობა ახლა არ წამოუწყიათ. გიორგი ოქრომელიძე გვიხსნის, რომ შენება გასული წლის აგვისტოში დაიწყო და ნელ–ნელა აშენებს. მიუხედავად ამისა, არც ერთი და არც მეორე უკანონო მშენებლობის შესახებ ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ინფორმაცია არ ჰქონდა, მათ აღნიშნულის შესახებ „სამხრეთის კარიბჭედან“ გაიგეს. მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ საქმის შესწავლა დაიწყეს და „ამას რეაგირება მოჰყვება“. „მერიის დროული რეაგირება უკანონო მიშენებეზე ძალიან მნიშნველოვანია, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლეს და მათ უსაფრთხოებას ეხება“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთევან ბებიაშვილი. რაც შეეხება გასულ წლებში გაკეთებულ უკანონო მიშენებებს, ბებიაშვილი გვიხსნის, რომ მათი ხანდაზმულობის ვადა ექვსი წელია, ამდენად თუ ვინმეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში აქვს უკანონო მიშენება, მერიას რეაგირება შეუძლია: „მუნიციპალიტეტს აქვს უფლება, მისცეს გონივრული ვადა პირს იმისთვის, რომ უკანონოდ მიშენებული ფართის დემონტაჟი განახორციელოს. რაც შეეხება უკანონო მიშენებებისთვის ჯარიმების ოდენობას, ამას სხვადასხვა მუნიციპალიტეტი სხვადასხვაგვარად განსაზღვრავს“. ასპინძის ქუჩაზე N26 კორპუსში უკანონო მიშენებების შესახებ ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ წერილობით გამოითხოვა. რამდენ მიშენებაზე აქვს გაცემული მერიას ნებართვა და რამდენია უკანონოდ მიშენებული, რა რეაგირება მოჰყვა ზედამხედველობის სამსახურიდან უკანონო მიშენებებს აქ და რა ზომებს მიიღებს მერია ბლუაშვილისა და ოქრომელიძის შემთხვევაში, უწყება წერილობით გვიპასუხებს.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი