შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წიაღის ეროვნულ სააგენტოს გურულები სულელები ვგონივართ" - ოზურგეთში გამოსვლებს აანონსებენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38727 
 03 ივნისი 2019

"ინერტული მასალის ამოღება აუცილებელია საშიში გეოლოგიური პროცესების ღვარცოფისა და ეროზიული მოვლენების წინაღმდეგ, რომელცი საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო  ნაკვეთებსა და მიწის  სავარგულებს"-ასე უპასუხა წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის საკრებულოს.

ამ წერილს ასეულობით ოზურგეთელი განსაკუთრებულად ელოდა, თუმცა როგორც წერილიდან ირკვევა და რომელსაც სრულად ქვემოთ შემოგთავაზებთ (როგორც ოზურგეთის საკრებულოს თხოვნას, ასევე წიაღის ეროვნული სააგენტოს პასუხს), მტავრობა უკანდახევას და საზოგადოების მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, წიაღის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ქვიშა ხრეში მოპოვება მოსახლეობის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარეობსო.

პირველი კომენტარი "გურიის მოამბესთან" წიაღის ეროვნული სააგენტოს პასუხზე მოძრაობა "გადავარჩინოთ გურიის მდინარეები" ერთ ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა, ირმა გორდელაძემ გააკეთა:

"სამწუხაროდ, იმას რომ საქმიან და ხალხისათვის მისაღებ პასუხს მივიღებდით, ამის ილუზია არ გვქონია, თუმცა წიაღის ეროვნული სააგენტოს პასუხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს პასუხი არის ჩვენი დაცინვა და მოსახლეობის, მათ სორის ათეულობით დაზარალებული ოჯახის, ინტერესების უგულვებელყოფა. ესაა საქმისადმი ზედაპირული დამოკიდებულება. სააგენტოს გურიის მოსახლეობა სულელი გონია, არცერთი ვართ და არც მეორე და ამას საქმით დავამტკიცებთ. სამოქალაქო მოძრაობა დაიცავს გურიის მდინარეებს, ხალხის ინტერესებს და მომავალ თაობას შევუნარჩუნებთ გურიის ულამაზეს ბუნებას. მოძრაობა დაიწყებს შეხვედრებს მოსახლეობასთან და მოემზადება მასობრივი აქციებისათვის"- გვითხრა გორდელაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ წიაღის ეროვნულ სააგენტოს ოფიციალური წერილი მიმდინარე წლის დასაწყისში  მიწერა: 

მუნიციპალური საკრებულო წიაღის ეროვნულ სააგენტოს აჭის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნების განხილვას სთხოვდა:

"აჭის წყლის ხეობაში ქვიშა ხრეშის მოპოვების შედეგად წარმოშობილი ეკოლოგიური წონასწორობის უაღრესად რთული მდგომარეობის და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, გთხოვთ განიხლით გურიის ერთ ერთი უნიკალური და ულამაზესი ადგილის აჭის წყლის ხეობის ტერიტორიაზე ქვიშა ხრეშის მოპოვების სამუშაოების წარმოების საერთოდ აკრძალვა" - წერდა სააგენტოს ხელმძრვანელს, მაია ზავრაშვილს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორის პასუხი საკრებულოში 28 მაისს მოვიდა, პასუხში ნათქვამია:

"თქვენი 2019 წლის 26 მარტის N 110 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება მდინარე აჭის წყლის აუზში ქვიშა-ხრეშის მოპოვების აკრძალვის საკითხს, გაცნობებთ შემდეგს: როგორც თქენთვის ცნობილია, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, არაერთგზის განხორციელდა ადგილზე ვიზუალური შეფასება-დათვალიერება, ასევე, მიმდინარეობს სასარგებლო  წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების პირობების შესრულების მდგომარეობის შესწავლა და სალიცენზიო პირობების  დარღვევის ფაქტების გამოვლენისას კანონმდებლობთ გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

ზოგადად  მდინარეების ჭალა -კალაპოტებში სასარგებლო  წიაღისეულის ყველა ლიცენზია გაცემულია ჭარბ აკუმულაციურ უბნებზე, რაც დაფიქსირებულია ლიცენზიების გაცემამდე  შედგენილ გეოსაინფორმაციო პაკეტებში.  საქართველოში მოქმედი სამთო საქმიანობის წესების და ნორმების დაცვით, მათი ამოღება და კალაპოტის გასწორხაზოვნება, ხელს უწყობს მდინარის ჰიდროდინამიკური სიტუაციის გაჯანსაღებას.  ინერტული მასალის ამოღება აუცილებელია საშიში გეოლოგიური პროცესების ღვარცოფისა და ეროზიული მოვლენების წინაღმდეგ, რომელცი საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო  ნაკვეთებსა და მიწის  სავარგულებს.

ასევე გაცნობებთ, რომ ყველა ცალკეული სალიცენზიო ობიექტი შეთანხმებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიასთან და შესაბამისად ექნება  თავინთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. 

სსიპ წიაღისეულის  სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი"

"მოკლედ რომ ვთქვათ ოზურგეთელებმა შველისათვის წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს, ამ უკანასკნელმა კი არც მეტი არც ნაკლები ოზურგეთელებს შემოგვითვალეს - "მოგსტ.... პატრონიო" და მაგათ ვანახებთ პატრონს ჩვენ თვითონ" გვეუბნება "მოძრაობა "გადავარჩინოთ გურიის მდინარეების" ერთ ერთი აქტივისტი.

ოზურგეთის პოლიტიკურ ოპოზიციაში კი აცახდებენ, რომ წიაღის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაში დიდი ალბათობით სერიოზული კორუფციაა და მათი ასეთი გამაოგნებელი პასუხიც სწორედ ამ კორუფციითა და პირადი ფინანსური ინტერესებითაა ნაკარნახევი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია