შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის მიერ არასრულწლოვანთან შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო. დეპუტატი მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ იგი პოლიციამ უკვე დაკითხა და ყველაფერს სამართალდამცველები გაარკვევენ.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 05 ნოემბერი 2018
დეპუტატის მიერ 15 წლის გოგონასთან მიმოწერა ე.წ. სქრინებით სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებში ჩანს, რომ დეპუტატი გოგონას ჯერ სახელს, შემდეგ კი ასაკს ეკითხება, გოგონა წერს, რომ ის 15 წლისაა : „პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე“, – პასუხობს დეპუტატი.დეპუტატს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მომხდარის შესახებ დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა აცხადებს, რომ მიმოწერა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა მის მიერ დაწერილი არ არის: „ეგ რაც არის სრული აბსურდია ყველაფერი! გამოძიება დაწყებულია და ის გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე. დასასჯელი ვინც იქნება დაისჯება, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. მე გამიკეთეს პირადად და ეს ყველაფერი გაავრცელეს“, – ამბობს დეპუტატი და არ აკონკრეტებს გაკეთებაში რას გულისხმობს. დეპუტატის ფეისბუქის პირადი გვერდი სოციალურ ქსელში დღეს, ხუთ ნოემბერს, უკვე აღარ იძებნება, თუმცა ე.წ. სქრინშოთში არსებული ფოტო და დეპუტატის პირადი გვერდის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. „სამხრეთის კარიბჭე" იმ პირის ავთენტურობას, ვისაც დეპუტატი სავარაუდოდ წერს, ვერ ადგენს. აღნიშნული პირი იდენტიფიცირებული ამ დრომდე არც საგამოძიებო ორგანოს ჰყავს: „იმისთვის რომ დავადგინოთ, თუ ვინაა მიმოწერის ადრესატი, ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ვახორციელებთ“, – გვითხრეს შსს–ში. საკრებულოში, სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული „სქრინშოთების“ შესახებ გუშინ, ოთხ ნოემბერს, გაიგეს. როგორც თავმჯდომარე ამბობს, მას შემდეგ იგი დეპუტატთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაღაც გაუგებრობაა. ეს ადამიანი ძალიან წესიერი და პატიოსანია. უბრალოდ მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ დეპუტატთან საუბარი არ მქონია. სავარაუდოდ ის პოლიციაშია გამოკითვაზე და ტელეფონს ვერ პასუხობს. როდესაც მასთან გასაუბრებას შევძლებ, ამის შემდეგ მეტი მეცოდინება". სოფელში დეპუტატის მიერ არასრულწლოვანთან სავარაუდო მიმოწერის შესახებ არაფერი იციან. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს სიცრუე იქნება. „ჩემი მეგობარია. ვფიქრობ, რომ ეს მოწყობილია. ეს ადამიანი მაგის გამკეთებელი კი არა ჩამფიქრებელიც კი არ არის. ვერ გეტყვით ვინ გააკეთა, თუმცა ეს მოგონილია. ყველას გვიკვირს, მე გამოვრიცავ მსგავს რამეს“, – ამბობს სოფელში სკოლის ერთ–ერთი მასწავლებელი.დეპუტატის ოჯახში კი ამბობენ, რომ მას ფეისბუქი საერთოდ არ აქვს: "არც მე და არც ჩემს მეუღლეს ფეისბუქი არ გვაქვს. ეს დიდი ტყუილია, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – გვითხრა დეპუტატის მეუღლემ. იგივეს აცხადებენ მის მეზობლად მცხოვრებლებიც: „ძალიან წესიერი კაცია, მისგან მსგავსი არასდროს არაფერი გაგვიგია“. საკრებულოში დეპუტატები აცხადებენ, რომ თუ მათ კოლეგას გარყვნილი ქმედების ფაქტი დაუდასტურდება, საკრებულოში მისი მანდატის მოხსნის შესახებ საკითხს დააყენებენ. [თინათინ ზაზაძე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია