შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში არასრულწლოვანი გოგონა 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39331 
 06 ივნისი 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგონა, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

არსებული ინფორმაციით, გოგონას, რომელიც მე-11 კლასის მოსწავლეა, დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილმა თავის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლია ხუროშვილის თქმით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

ლია ხუროშვილის აცხადებს, რომ გოგონას ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით, არასრულწლოვანთან ერთი წლის ინტერვალით ორჯერ დაამყარა სექსუალური კავშირი, თუმცა ამ ფაქტის შესახებ მან არც მშობლებს და არც სამართალდამცველებს არ მიაწოდა ინფორმაცია.

„გოგონა ჩემთან საუბარში ყვება, რომ მისმა ნათესავმა, 40 წლის მამაკაცმა მასზე სექსუალურად ორჯერ იძალადა. ორივე შემთხვევა, სავარაუდო მოძალადის სახლში მოხდა, რადგან მისი შვილი ამ გოგონას კლასელია და იმ მოტივით, რომ სახლში არავინ იყო, მეგობართან დარჩა. როგორც თავად ამბობს, ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. გოგონამ მშობიარობის შემდეგ ბავშვის წაყვანა არ მოისურვა, თვითონ კი ნათესავებმა წაიყვანეს.

არასრულწლოვანი უკვე გამოიკითხა. ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები, რომ დადგინდეს ბავშვი გენეტიკურად ნამდვილად ეკუთვნის თუ არა იმ მამაკაცს, რომელსაც გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვიდრე ექსპერტიზის შედეგები არ იქნება, მანამდე ვერ გაირკვევა სიმართლე და ვერც გოგონა იქნება დაზარალებულად ცნობილი და ვერც მამაკაცი ბრალდებულად“, – აღნიშნა ლია ხუროშვილმა.

40 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ 16 წლის გოგოს ოჯახის ბრალდება, რომ მან მომხდარის დასამალად, საკუთარ 14 წლის ბიჭზე დაქორწინება შესთავაზა, ტყუილია.

იგი ირწმუნება, რომ არასრულწლოვნის ოჯახმა, მშობიარობიდან მეორე დღეს 10 ათასი ლარი მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი გაუპატიურების დაბრალებით და ჩივილით დაემუქრნენ.

„მეზობლები ვართ, პატარაობიდან მოდიოდა და აქ რჩებოდა. არ მახსოვს, რომელ დღეზე ლაპარაკობს. ჩემმა შვილმა დამირეკა მაგაზე, ცუდად არისო, მეც მაგის ოჯახს გავყევი საავადმყოფოში და იქ მე დამაბრალა. ოჯახმა კი მითხრა, თუ გინდა შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო. მზად ვარ პოლიციაში ვიარო, მზად ვარ დამიჭირონ და იმაზეც მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია. მაგრამ მე ეს არ ჩამიდენია“, – აცხადებს კაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას.

უწყებაში განმარტავენ, რომ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით. მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა, შსს შესაბამის გადაწყვეტილებას მიირებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია