შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დამალობანა ბრიუსელში - ზელენსკის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38791 
 06 ივნისი 2019

მმართველი ძალის უარყოფის მოუხედავად, რომ ბრიუსელში მოულოდნელად ჩასული პრემიერი მამუკა ბახტაძე უკრაინის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას არ გეგმავდა, შეხვედრა შედგა, მხოლოდ მცირე ხნით, რაც თავად ვლადიმერ ზელენსკიმ დაუდასტურა ქართველ ჟურნალისტებს და თანაც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ლიდერმა შეხვედრის შინაარსი არ გაასაჯაროვა, საქართველოს ხელისუფლებისთვის დამამშვიდებელი მესიჯი გაახმოვანა - თქვა, რომ სააკაშვილთან თანამშრომლობა და რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილება.

უკრაინის მხარის შემდეგ ეს შეხვედრა დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრმაც, თუმცა, დავით ზალკალიანის თქმით, ეს შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა და მხოლოდ გაცნობითი ხასიათის იყო.

მისი განცხადებით, „ღიმილისმომგვრელია ის არასერიოზული სპეკულაციები", რაც პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ჩასვლას მოჰყვა.

როგორც ზალკალიანი ამბობს, ბრიუსელში ჩასვლა ბოლო წუთს გადაწყდა, რადგან ბახტაძის პირადმა მეგობარმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა გორდონ სონდლანდმა, რომელიც აშშ-ის ელჩია ევროკავშირში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გამართა ბრიუსელში და მოხდა შეთანხმება, რომ ბრიუსელის გავლით და ამ მიღებაზე დასწრების შემდეგ, პრემიერი გაემგზავრებოდა აშშ-ში და რომ სწორედ ამ მიღებაზე დაუგეგმავად შეხვდა ბახტაძე ზელენსკის.

„ამას არ შეიძლება ჩვენ ვუწოდოთ ოფიციალური შეხვედრა ან მოლაპარაკებები, ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში, დიპლომატიური პრაქტიკა არ იცნობს მსგავსი ფორმატის ფარგლებში ოფიციალურ მოლაპარაკებებს. ეს იყო ხანმოკლე გაცნობითი შეხვედრა, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ეს დაადასტურა კიდევაც უკრაინის პრეზიდენტმა, რომ მათ ერთმანეთი გაიცნეს. არანაირ თემებზე მსგავს მიღებებზე საუბარი არ ხდება,"- განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანი არაფერს საუბრობს იმაზე, თუ როდის შედგება ზელენსკისა და ბახტაძის ოფიციალური შეხვედრა და სად მოხდება ეს - თბილისში, თუ კიევში.

ცნობისათვის, დღეს 5 ივნისს პრემიერ-მინისტრის 8-დღიანი ვიზიტი დაიწყო აშშ-ში, რაც წინასწარ დაანონსებული იყო. თუმცა, აშშ-ში გამგზავრებამდე პრემიერი ბახტაძე მოულოდნელად ბრიუსელში ჩავიდა ისე, რომ ამაზე წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.

კონკრეტულად კი, სამშაბათს „რუსთავი 2"-მა ბრიუსელის იმ სასტუმროში, სადაც ევროპაში ვიზიტად ჩასული უკრაინის პრეზიდენტი იყო დაბინავებული, მოულოდნელად სასტუმროს უკანა გასასვლელთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის კორტეჟი დააფიქსირა. გაჩნდა ვარაუდი, რომ პრემიერი ბახტაძე უკრაინის პრეზიდენტთან ფარულ შეხვედრას გეგმავდა, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილზე სალაპარაკოდ.

ოპოზიციის განცხადებით, ბახტაძის წინასწარ დაუანონსებელი ვიზიტი სწორედ იმას მიანიშნებს, რომ ეს ფარული შეხვედრა უნდა ყოფილიყო და ერთადერთი არგუმენტი, რატომაც შეიძლება დაფარულიყო ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მოლაპარაკებაა.

ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება წინასწარ თადარიგს იჭერს, რომ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზე არ დაინიშნოს და რომ ასეთი ფარულ შეხვედრა სამარცხვინო და კომიკურია.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი, მათ შორის ბელგიაში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმებოდა და პრემიერი ბრიუსელში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ-ის ელჩის მიწვევით ჩავიდა, ზელენსკის კი შემთხვევით შეხვდა, რომელიც მხოლოდ გაცნობითი ხასიათის იყო.

ამასთან „ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, მცდელობა იმის, რომ თითქოს ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში, არის მცდარი და პოლიტიკური ფანდი.

ამ მცირეხნიანი გადალაპარაკებისთვის ბრიუსელში საგანგებოდ ჩასულ ბახტაძე ესაუბრა თუ არა ვლადიმერ ზელენსკის სააკაშვილზე, ეს უცნობია. უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბახტაძესთან მცირეხნიანი საუბარი ჰქონდა საღამოს, აშშ-ის ელჩის მიღებაზე.

„მამუკა ბახტაძე ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე - საქართველოზე და უკრაინაზე", - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, ზელენსკიმ უპასუხა: „რატომაც არა. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში".

გარდა ამისა, ვლადიმირ ზელენსკიმ ინტერვიუმ მისცა „რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს, პასპორტი კი დაუბრუნა იმიტომ, რომ ის უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული.

„პოლიტიკური გეგმები არ მაქვს. გეგმები იყო ძალიან მარტივი, ძალიან ადამიანური. ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს, ამიტომ ის მას დავუბრუნე, სულ ესაა,"- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა იულია მენდელმაც, რომელმაც თქვა, რომ ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები მიხელ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ.

მან ასევე თქვა, რომ მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმავე სასტუმროში გაჩერდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის პერიოდში იცხოვრებს და შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ამის შემდეგ ბახტაძე-ზელენსკის შეხვედრა დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

მამუკა ბახტაძის მოულოდნელ ვიზიტს ბრიუსელში და ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც. მან „ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ რუსი ოლიგარქი უკრაინის ახალ პრეზიდენტს აქამდე მოუწოდებდა, რომ ის უკრაინაში არ დაებრუნებინა, ახლა კი იმაში დასარწმუნებლად, რომ რაიმე თანამდებობაზე არ დანიშნოს, თავისი ხელდასმული პრემიერი, თითიდან გამოწოვილი საბაბით ბრიუსელში გაგზავნა.

იურისტი ლია მუხაშვარიას თქმით, როგორც წესი, პრემიერტ-მინისტრის ვიზიტი ყოველთვის წინასწარ დაანონსებულია და ამიტომაც, ასეთი დამალობანა ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს ხოლმე.

„არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი ერთ-ერთი საკითხი იყო. ალბათ, იყო 2-3 სხვა მნიშვნელოვანი საკითხიც, რომლის გამოც იქ 5-წუთიანი გადალაპარაკება იყო საჭირო, მაგრამ ამ 2-3 საკითხში სააკაშვილის თემაც, რა თქმა უნდა, იქნებოდა და ალბათ, ამიტომ გასაიდუმლოვდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი არ არის იმ რანგის მოხელე, რომ მისი ასეთი გადაადგილება საზოგადოებას დაუმალონ.

"ზოგადად ასეთი დამალობანა ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს ხოლმე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორი პრემიერ-მინისტრიც არის ბახტაძე თავის მანდატით, სულაც არ არის გამორიცხული, იმიტომ გაუშვეს, რომ ეს საკითხი გაერკვია ზელენსკისთან და ორიოდე წინადადებით ეთქვა რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი სააკაშვილთან დაკავშირებით,"- ამბობს მუხაშავრია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია