შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფსიქიკური ნაკლი არ აქვს – ექსპერტის დასკვნა ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულზე

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22940 
 06 ივნისი 2019
პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა დღევანდელი პროცესისათვის ექვსი მოწმე დაიბარა, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი, მოკლულის ახლობელი, 1979 წელს დაბადებული ვ.ა გამოცხადდა.მოწმემ თქვა, რომ ის და მოკლული ხ.თ ერთად ხშირად მიდიოდნენ ფარავნის ტბაზე და რამდენიმე საათის განმავლობაში თევზაობდნენ.პროკურორმა მოწმეს სთხოვა, გაეხსენებინა, თუ რა უამბო გარდაცვლილმა, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ბრალდებულსა და მოკლულს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.„ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა ადრინდელი დაპირისპირების დროს მოკლული მანქანაში იჯდა, ეს ბრალდებული მივიდა და ეუბნებოდა, ვიცი, რომ გინდა ნავი იყიდოო, ჩემთან იმუშავე, ცხვრები გაპარსე და მერე ფულს მოგცემო. მე როგორც გეუბნები, ისე უნდა ქნაო. ამ დროს თან დაარტყა. მერე ისიც გადმოვიდა მანქანიდან და ცემა ბრალდებული“,– ჰყვება მოწმე.ამის შემდეგ კი, მკვლელობის დღე გაიხსენა და თქვა, რომ იმ დღეს, 2018 წლის 3 დეკემბერს დილით მოკლულთან ერთად იყო.„ჩვენ დილიდან ვთევზაობდით, მერე მანქანით წამოვიყვანე, მაგას ხომ ადრინდელი ჩხუბის გამო პირობითი ჰქონდა და სახლში მიდიოდა, უნდა გამოეცვალა და მერე პოლიციაში მისულიყო ხელის მოწერაზე. ჩამოვსვი მანქანიდან და წავედი. ორი საათის შემდეგ გავიგე, რომ მოკლეს და შემდეგ მის მამას დავურეკე და შევატყობინე, რომ ესროლეს. ვიცი, რომ როცა ხ.თ–ს ესროლეს, მანქანაში ჩაუსვამთ, საავადმყოფოში მიყავდათ. ჩვენც მანქანით წავედით, სოფელ არაქალამდე არ ვიყავით მისულები, რომ შემოგვხვდა ის მანქანა, რომელშიც მოკლული იყო. უკვე დაგვიანებული იყო, გარდაიცვალა“,–იხსენებს მოწმე.ამის შემდეგ კი ბრალდების მხარემ ის წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინა, რომელიც დაცვის მხარემ სადავოდ გახადა. მათ შორისაა ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებული გ.მ–ს ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბარლდებული და მისი ადვოკატი არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში ის ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა.„გ.მ არაა ფსიქიურად დაავადებული. მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს საკუთარ ქცევებს. მისი ქცევები არის გაცნობიერებული. დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ქცევაზე“, – ნათქვამია პროკურორის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში.პროკურორის მიერ გამოძახებული ექვსი მოწმიდან სამმა სასამართლოში მისვლაზე უარი განაცხადა , რის გამოც მამუკა ქომოშვილმა მოსამართლე გია ბერაიას შუამდგომლობით მიმართა, რომლის მიხედვითაც მოითხოვდა განჩინებას, მოწმეების ძალით მიყვანის შესახებ.გია ბერაიამ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.შემდეგი სასამართლო 11 ივნისს გაიმართება.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია