შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მალხაზ მაჩალიკაშვილი - როგორც არ უნდა იფართხალოს სახელმწიფომ, თემირლანის საქმე სტრასბურგში წავიდა და სტრასბურგი თავის სიტყვას იტყვის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38799 
 06 ივნისი 2019

როგორც არ უნდა იფართხალოს სახელმწიფომ, ეს საქმე სტრასბურგში წავიდა და სტრასბურგი თავის სიტყვას იტყვის, თუ იქაც ივანიშვილის ხელები არ მიწვდება, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაჩალიკაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართა.

„მადლობა მინდა ვუთხრა EMC-ს და ჩემს იურისტებს, მადლობა მარიამ კუბლაშვილს. საქმის მომზადებასა და სასამართლოზე გაგზავნას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და ძალა. ყველამ კარგად ვიცით, რა წინააღმდეგობას გვიწევენ მეც და ამ საქმეზე მომუშავე დანარჩენ ადამიანებს. ჩაიდინეს ეს სასტიკი დანაშაული, რომელიც სპეცოპერაცია არ ყოფილა, ეს იყო მხეცურად დაგეგმილი და ჩატარებული ტერაქტი მაჩალიკაშვილის ოჯახში, რასაც მოჰყვა მთელი სიბინძურე და ის, რომ კანონის საწინააღმდეგო მეთოდები გამოიყენეს. როცა მიხვდნენ, რომ შეცდომა მართლა დაუშვეს და ამას დაერქმეოდა მართლაც მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული ტერაქტი, მაშინვე იმოქმედეს ყველა ბინძური მეთოდით და გამოაცხადეს თემირლანი ტერორიზმში ეჭვმიტანილად. რაც არ უნდა ილაპარაკონ და როგორც არ უნდა იფართხალოს სახელმწიფომ, ეს საქმე სტრასბურგში წავიდა. თუ სადმე რამე არსებობს სამყაროში, ყველაფერს გავაკეთებ ამ სისტემის გასანადგურებლად და იმ ადამიანების დასასჯელად, ვისაც თემირლანის სისხლში ურევია ხელები. ყველა ეს ადამიანი მიიღებს უმკაცრეს სასჯელს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

კითხვაზე, იმედი აქვს თუ არა, რომ საქმე შეიძლება, საქართველოში გამოიძიონ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"დღეს საქართველოში ისეთი ხელისუფლება არ გვყავს, რომ ადამიანური რესურსები, ის განათლება ან ის პროფესიონალიზმი ჰქონდეთ, რომ რამე გამოიძიონ. მოლოდინი მაქვს, რომ სტრასბურგი თავის სიტყვას იტყვის, თუ იქაც ივანიშვილის ხელები არ მიწვდება. თუ მიწვდა, ერთ დღეს ყველაფერი კარგად გაირკვევა, ყველას მოეთხოვება პასუხი და დაისჯება საკადრისი ზომებით", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

თავის მხრივ, თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და საქართველოში საქმის გამოძიების იმედი არც მას აქვს.

"ჩემი მოლოდინი დღემდე ძალიან გაგრძელდა, მაგრამ ღვთის წყალობით, ჩვენი საქმე გაიგზავნა სტრასბურგში. საქართველოში მე ყველანაირი მოლოდინი ამომეწურა და არც მაქვს იმედი, რომ სამართლიანად გამოიძიონ თემირლანის უდანაშაულობა. ამ ხელისუფლების არანაირი იმედი არ მაქვს", - აღნიშნა მარგოშვილმა.

 

წყარო

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა