შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი რასაც გადაწყვიტავს ისე იქნება, დამთავრებულია მაი ამბავი“- გურულები ბახმაროს ერთ ლარად გასხვისებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38834 
 08 ივნისი 2019

საქართველოს მთავრობამ შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა. 

განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, აღნიშნულია, რომ „ორბი ჯგუფმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 5 წლის ვადაში 50 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახოციელოს. 

ამასთან, როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ინვესტორს ეძლევა უფლება, განახორციელოს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც შესაძლოა, ადგილზე არსებული უძრავი ქონების დემონტაჟსაც მოიცავდეს. 

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოცნებისთვის 60 ათასის შემომწირველის კომპანიამ ბახმაროში მიწა ერთ ლარად მიიღო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით უპასუხა:

„სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტული და ბიზნეს მეგობრული გარემოს დაცვას. სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს ყველა ინვესტორთან, რომლის მიზანსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მათ შორის, ბახმაროში ინვესტიციის განვითარება, ბიზნესის დაწყება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული საინვესტიციო წინადადება, რისი გათვალისწინებითაც სააგენტო განაგრძობს ნებისმიერ მსურველ კომპანიასთან საინვესტიციო წინადადებების განხილვას ბახმაროს ტერიტორიაზე თუ სხვაგან.“- აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტს, საკუთარ ფეისბუქ გვერძე გამოეხმაურა, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია:

„სასიხარულოა, რომ აღნიშნული კომპანია ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ტურიზმის განვითარებასშეუწყობს ხელს.“- აღნიშნა ნასარაიამ.

„გურიის მოამბე“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ადგილობრივები ამ თემასთან დაკავშირებით და რამოდენიმე მათგანს გაესაუბრა:

თ.ვ. - არ შეიძლება. ბახმარო როგორიც არის, ისეთი უნდა იყოს. ზიანსაც მოუტანს ბუნებას. ისიც არ ვიცით რა ჯუნგლები შენდება  და ვისთვის იქნება ის.  ჩემთვის, თქვენთვის და გლეხი კაცისთვის  არ იქნება. კურორტი -   კურორტი უნდა იყოს.

წ.ყ. - არასწორია.  ხალხს  ვინ გვკითხავს და  ვინ ეკითხება რამეს. ცხვრის ფარასავით  ვართ.   ივანიშვილს  ვაგინებთ, მაინც  მივდივართ, მაინც ვირჩევთ  და მაინც იმარჯვებს.  აღარ იქნება კურორტი და   ეგაა.

ოთარი ინწკირველი - ივანიშვილი რასაც გადაწყვიტავს  ისე იქნება, დამთავრებულია  მაი ამბავი. სანამ მაი არ წავა სახლში, მასე იქნება ყოველთვის.

ოლეგი კიკაბიძე -   ქართველმა კაცმა  გააკეთოს  და  რაც უნდა ის  გააკეთოს.   უცხოელი ნუ იყიდის ოღონდ.   ვინ მკითხავს მე , მარა, ჩემი აზრი ასეთია.  თუ გააკეთებს ქართველი, ჩემი თავი შემეევლოს.

ზაური ქათამიძე --- თუ იქნება  ხელმისაწვდომი უნდა იყოს გლეხიზაც. დეისვენოს კაცმა. სოფელში არაფერს არ მუშაობენ, ყანას  გლეხი ვერ თესავს, ბოსტანს გლეხი ვერ თესავს,  თხილი არაა, არაფერი არაა პენსიაა და  რაა მაი პენსია  და რაით  უნდა დეისვენოს გლეხმა. ჩემმა მტერმა დეისვენა,  მე რო დევისვენებ ისე ბახმაროში. დასასვენებლად ვერ ავდიოდი, მარა  ხანდახან ავდიოდი ჰაერს ვყლაპავდი.  ბუნებას  მორიდება  უნდა. დარგვა უნდა.  იქანე იყო კაი  ხეები და გაახმენ.   მერე დარგა ვინმემ?!  მარტო მიწა უნდა მაგენს.

ლია გ. - მაგენზეა  დამოკიდებული. მე არ ვეთანხმები.  იმიტომ, რო არავინ არ იცის რა მოხდება და რა  დაზიანდება.  რაც მოხდა ხო იცით მასე,  ჩამოინგრა  შენობები  და  დაზიანდა    და კიდე რა იცი  რა   მოხდება აქ.    ავადმყოფი ხალხი ზამთარშიც მიდის ბახმაროში  და ისვენებს.  „ჭლექიანი“ ხალხიც გამოჯანმრთელებულა იქ.

ანიკო რიჟამაძე - რა თქმა უნდა, არაა მისაღები, მარა ჩვენ ვინ გვეკითხება რამეს.  დასაშვები ბევრი რამე არაა, მარა კი კეთდება. კურორტი  როა  არ უნდა იყოს იქ ისეთი რამეები, რაც ჰაერს დააბინძურებს და იერსახესაც შეუცვლის.

რ.პ. - თურქული კომპანია რატო უნდა ყიდულობდეს ჩვენთან მიწებს. მოკლედ სად მივყავართ ამ მთავრობას, მე არ ვიცი. 

ლუიზა გიორხელიძე - არა!  და იმიტომ,  რომ ყველანაირად შეუშლის  ხელს კურორტს. მე  წინააღმდეგი  ვარ მრავალსართულიანი  კომპლექსის  აშენების, რადგან   ადგილობრივები არ იქნებიან დასაქმებულები. კიდე ის, რომ დააზიანებს, წყალს, ჰაერს, გაიჩეხება ბუნება. ერთეულებისთვისაა მაგი ყველაფერი, ჩვემფერი ხალხი იქანა  ვერ დაისვენებს ვერანაირად.

ოთარ ჩხარტიშვილი - ერთი მერცხლის ჭიკჭიკი, გაზაფხულს ვერ მოიყვანოს. მე რაც არ უნდა ვილაპარაკო,  ვინ მომისმენს.  აი მთავრობა ფულის გულიზა ყველაფერს აკეთებს.  კაცს მოკლავს გადიხდის  ფულს და გამოდის გარეთ. კანონი არ არსებობს  და უზენაესი არაა,  სასჯელი არაა. უწინ ხალხს ეშინოდა.  დახვრეტა  იყო ან ღვთის ეშინოდა. ახლა, არც ღვთის ეშინიათ  და არც სასჯელის.  80  წლის  ვარ. კულტურის და დასვენების პარკში ვმუშაობ, აგერ  20 წლამდე, თითქმის, ოზურგეთის საპატიო მცხოვრები ვარ.  ეს არის ერის  საქმე და ჩვენი საქმე. მინდა  რომ ერთეულებზე და საზღვარგარეთლებზე არ გეიყიდოს მაი. ჩვენ გვქონდეს საშუალება  ზღვისპირთან  მისვლის.   მთა არის  ყველასთვის. იქ ნარგავები არკაცს არ  დაურგავს, ის ბუნების შექმნილია და  ჩვენ ყველას გვევალება, რომ არ დავაშაოთ, არ გავაფუჭოთ, მოუაროთ და ჩვენმა ნამრავლმაც იხაროს. უნდა იყოს სისუფთავე და უნდა იყოს ყურადღება. სინდის-ნამუსზე ნუ გაყიდიან ყველაფერს.

დ.ფ. - რეიზაა   ცუდი.  კარგი იქნება.  შევა კაცი  ოთახში  და   დეისვენებს. ბორჯომში ააშენა, ბაკურიანში ააშენა  და ააშენოს მაქაც.  მარა გიგანტები არ ააშენოს  და   ცათამბრჯენები. ხუთსართულიანი  შეიძლება.  ხეებს არ უნდა აცდეს სიმაღლეში. კურორტის იერი არ უნდა დაიკარგოს.

 რ.ვ. - ისე ხის კომპლექსი რომ გააშენოს უფრო კაი იქნება.  რკინის   ჯუნგლები  დიდი სახარბიელო არ იქნება.  იქ ნაძვნარი  როა,   არ მოუხდება  რკინა.  ბახმაროში უნიკალური  ჯიშის ნაძვებია.  დანიელები იყო ჩამოსული და ჩვენთან  ასეთი  ჯიშები აღარ არისო. ჩვენ ისეთი  უნიკალური ჯიშის  ნაძვები  გვაქვს  ბახმაროში.

ზ.ვ. - ლარად  გაყიდვა ჯერ რა არის, მარა  არც ისე და არც  ასე არ უნდა გაყიდოს მიწები. არა კაცო რა საჭიროა  რკინა ბეტონის შენობები  ბახმაროში. იერსახეს დაკარგავს  ყველაფერი. რა თქმა უნდა.  შეიცვლება  ჰაერიც, ბუნებაზეც იმოქმედებს.  ძველებური რაღაცეები  რომაა,  იმითაა გამოსარჩევი,  თვარა ახალი სტილის შენობებს, ჩვენ ყველგან ვხედავთ. დამსვენებელი  იმით  სარგებლობს იქანა, რომ ნაღდი ჰაერია  სამკურნალო.

ტ. ტრაპაიძე -  კატასტროფული  სიტუაციაა,  მთავრობა რომ ამას აკეთებს. ეს კურორტია და დასასვენებლად მიდის  ხალხი, არამცთუ რკინა-ბეტონის ჰაერის  სასუნთქად. რა თქმა უნდა, იერსახეს  შეუცვლის. როგორიცაა ახლა ისეთია კარგი.  ჩვენი ყველაზე დიდი ოცნება უნდა იყოს, ის რომ,  ეს მთვარობა ნორმალურად  გავუშვათ  ამ ქვეყნიდან  და  ქვეყნისთვის რომ იზრუნებს ისეთი მოვიდეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია