შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22977 
 10 ივნისი 2019
იმ ტერიტორიაზე, სადაც პირველ ივნისს, პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა მორწმუნეებთან ერთად „წმინდა ნინოს გზის“ მსვლელობა დაიწყეს, მთავრობა ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 3 050 982 ლარი განისაზღვრა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი შვიდ ივნისს გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და მის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე ფარავნის ტბის ჯებირის გაკეთებას.სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები: ► ცენტრალური ტრასიდან მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის რეაბილიტაცია და პარკინგის მოწყობა გზის მიმდებარედ, მონასტრის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე; ► ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, რომელიც სამი მცირე ზომის ერთსართულიანი შენობისაგან შედგება: - ვიზიტორთა მისაღები სივრცე მცირე მაღაზია-კაფე, სადეგუსტაციო ოთახი, სამზარეულო და დამხმარე სათავსოები; - საეკლესიო მაღაზია; - საზოგადოებრივი საპირფარეშო.► დარბაზული სახლის რეაბილიტაცია; ► სამეურნეო დანიშნულების სათავსოს აშენება, არსებული სამეურნეო შენობის გვერდით;► ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდის მოწყობა;► ტერიტორიის კეთილმოწყობა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივი ქვის ღობეებით, გარე განათებით. ► ფარავნის ტბის ნაპირას საყოველთაო სანათლავისა და საფეხმავლო პანდუსის მშენებლობა.► ფარავნის ტბის ნაპირას ავტოსადგომის, სანკვანძისა და გადმოსახედის მშენებლობა.► ფარავნის ტბის წყლის სარეგულაციო ფარის მშენებლობა. ► წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსიდან საყოველთაო სანათლავამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთება და გარე განათების სისტემის მოწყობა.ფოკის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და ფარავნის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პირველ ივნისს, ნინოწმინდაში სტუმრობისას განაცხადა. ფოკას წმიდა ნინოს ტაძარი XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. მისი დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მას რესტავრაცია 90-იან წლებში ჩაუტარდა. ამჟამად აქ მონასტერია. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს დაზიანებული დარბაზული ტიპის სამეურნეო დანიშნულების შენობა - სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული სახლის ტიპი, სადაც საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოები (დარბაზი, ოდა, ბოსელი, საბძელი, სათონე, ბეღელი, მარანი და სხვა) ერთ ჭერქვეშ იყო განლაგებული. დარბაზული სახლის მთავარ თავისებურებას ხის მრავალსაფეხურიანი გუმბათი - გვირგვინიანი გადახურვა წარმოადგენს, რომელიც საშუქე და კვამლის ასასვლელი პატარა ერდოთი მთავრდებოდა. [თაკო ფეიქრიშვილი, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია