შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38960 
 15 ივნისი 2019

თვეში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა. ამ მხრივ გავლენა ინფლაციის ზრდამ მოახდინა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ,,გაზრდილი" საარსებო მინიმუმიც რეალობისგან ძალიან შორსაა და იგი ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. 2019 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, ინფლაციის ფონზე "საქსტატის" მონაცემები სალაპარაკოდაც არ ღირს.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 190.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აპრილში ეს მაჩვენებელი 185 ლარი იყო.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 12.3 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის მაისში ეს მონაცემი 177.8 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის მაისის მონაცემთან შედარებით, 20.7 ლარით არის გაზრდილი.

საარსებო მინიმუმი დაუახლოვდა საქართველოში დადგენილ 200-ლარიან საბაზო პენსიას, რომელსაც ასაკით პენსიონერები იღებენ.

ირიბად იგი ქვეყანაში ცხოვრების ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს. თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საარსებო მინიმუმი მხოლოდ ერთადერთი მიზეზით - ინფლაციის გავლენით გაიზარდა.

ასე ფიქრობს ეკონომისტი ირაკლი მაკალათია, რომლის შეფასებითაც, რეალური სურათის მისაღებად მეთოდიკაში გარკვეული ცვლილებებია შესატანი.

,,საარსებო მინიმუმის ზრდა დადებით ან უარყოფით ტენდენციად ვერ შეფასდება, რადგან ის რეალობას არ ასახავს. ქვეყანაში ინფლაციაა და ამ დროს

საარსებო მინიმუმი ავტომატურად იზრდება, რადგან იქ შედის პირველადი მოხმარების საგნები, რომლებზეც ფასები უფრო იწევს, ვიდრე არაპირველადი დანიშნულების საგნებზე. მაგალითად, როდესაც მობილური, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა იაფდება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან პირველად მოხმარებას, მოსახლეობის საარსებო მინიმუმზე ეს არანაირ გავლენას არ ახდენს. სურსათისა და მედიკამენტების გაძვირება-გაიაფების ტენდენცია კი უმალვე აისახება მასზე. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ დინამიკაშია ხორცი, შაქარი, პურპროდუქტები, საწვავი და ა. შ. დრევანდელ მოცემულობაში ნომინალური საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ რეალური მაჩვენებელი, ინფლაციის გამორიცხვით, უცვლელი რჩება. სასურსათო კალათაში ინფლაციის გავლენას აქვს 2 მიზეზი: წარმოება მცირდება, რაც ზრდის ფასს და ამასტან მატულობს იმპორტული პროდუქტის ღირებულება. ამ პროცესს თან ახლავს ლარის დევალვაცია, რაც შემდეგში სასურსათო კალატაში შემავალი პროდუქტების ღირებულებაზე აისახება", - განუცხადა ,,რეზონანსს" ირაკლი მაკალათიამ.

როგორც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის, ასევე ოჯახის საარსებო მინიმუმს სტატისტიკოსი გივი მომცელიძე არასაკმარისად მიიჩნევს და თვლის, რომ ფასების ზრდის ფონზე ეს მაჩვენებელიც ვითარების ადეკვატურად უნდა გაიზარდოს.

,,ზაფხულში, სეზონიდან გამომდინარე, ფასების შემცირებას ველოდით, მაგრამ საპირისპირო ტენდენციაა. ამ ეტაპზე ინფლაციური პროცესები გაღრმავდა და ეს ეს საარსებო მინიმუმზეც აისახა. მძიმე სოციალური ფონი გვაქვს ქვეყანაში და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა არაფერი იცვლება. გვესაჭიროება უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და ნაკლები რეგულაციები, რომ ვითარება როგორმე გაუმჯობესდეს. რაღაც მექანიზმი უნდა შეიცვალოს, დრაკონნული წესით არა, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, მაგრამ არც ასე ვარგა. რაც შეეხება კონკრეტულად საარსებო მინიმუმს, ინფლაციის ფონზეც კი ის არაადეკვატურია და რეალობას მოკლებული. ჩვენ ვხედავთ, რომ საპენსიო თანხას დაუახლოვდა, მაგრამ ჯანსაღი ადამიანისთის იგი არათუ არასაკმარისი, წარმოუდგენლად მიზერულია. ზრდასრული ადამიანისთვის 191 ლარი არ არის საკმარისი, რომ მან ღირსეულად იცხოვროს. ამიტომ სახელმწიფოს არ აქვს სხვა გამოსავალი, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და მეტი შემოსავალი გაჩნდეს", - ამბობს გივი მომცელიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა