შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ზღვაში შემთხვევით აღმოვჩნდი, ახლა მის გარეშე არ შემიძლია’ - ასპინძელი მეზღვაური

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23249 
 25 ივნისი 2019
ფოტოზე მარცხნიდან პირველი გია ჯვარიძე„ისე მოხდა, რომ, აფხაზეთის ომის დროს, მოხალისეებად არ მიგვიღეს. მერე გავიგეთ, სასაზღვრო ჯარი იქმნება და თუ გინდათ, ჩაეწერეთო. ჩვენ ვუთხარით, სამშობლოს სამსახურისთვის ჩამოვედით და სადაც გინდათ, იქ წავალთო. ასე აღმოვჩნდით სანაპირო დაცვაში“. გია უკვე 30 წელია, რაც ფოთში ცხოვრობს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია, პროფესიით ხომალდისა და კატარღის მექანიკოსია.იხსენებს, რომ ახალშექმნილ სანაპირო დაცვაში, 1997 წელს, სულ თხუთმეტნი იყვნენ, მათ შორის – სამი სამცხე-ჯავახეთიდან: „ჩემთან ერთად ტარიელ ქიმერიძე და ვახტანგ მურვანიძე იყვნენ, წლების შემდეგ კი მამუკა პარუნაშვილი და ტარიელ ჯვარიძე შემოგვიერთდნენ. სამსახური მაშინ იქმნებოდა და ჩვენ ვიყავით პირველი მეზღვაურები, რომლებმაც ჩამოვაყალიბეთ სანაპირო დაცვა. დღესდღეობით კი, სამცხე-ჯავახეთიდან მარტო მე დავრჩი.“1997 წელს უკრაინაში წავიდა სასწავლო ვიზიტით. კურსის დასრულების შემდეგ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საპატრულო კატარღა გადასცეს: „ამის შემდეგ პროფესიული კურსები გერმანიაშიც გავიარეთ, სამშობლოში კი მათ მიერ ნაჩუქარი გემით, სახელად „აიეტით“, დავბრუნდით. ეს გემი რუსებმა 2008 წელს დაბომბეს“.მეზღვაური იხსენებს, რომ მაშინ ფოთში რუსებმა არაერთი გემი გაანადგურეს. გიას თქმით, შავ ზღვაში „პირატები“ არ არიან, „მაგრამ ძალიან ბევრი კონტრაბანდისტია. სოხუმში შემსვლელი ნებისმიერი გემი კანონდამრღვევია, რადგან ამ გემებმა საქართველოს იურისდიქციით უნდა გაიაროს საბაჟო და ისე უნდა შევიდეს, ამიტომ გვიწევს მათი დაკავება“.მის პროფესიაში ბევრი რამ გასაიდუმლოებულია, თუმცა თავის საქმიანობის სირთულის შესახებ მაინც გვიყვება: „ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ზღვის კონტროლია, დამნაშავეების დაჭერა, კატარღების დაკავება და ჩვენი საზღვრის დაცვა, ამასთანავე – სამაშველო ფუნქციებსაც ვასრულებთ. ყველაზე რთულია, როცა იცი, რომ დამრღვევმა შეიძლება ცეცხლი გაგიხსნას – ეს ყოველთვის მოსალოდნელია,“, - გვიყვება ხომალდის და კატარღის ელექტრო-მექანიკოსი.როგორც ამბობს, თავიდან ზღვა არ ყვარებია: „ეს მერე მოხდა, ზღვას თანდათან მივეჩვიე, შიშის გრძნობა გამიქრა, შევეჩვიე შტორმს და ქარიშხალსაც, ზღვა სულ იქით-იქით, სიღრმისკენ გეძახის. ამ პროცესის, ამ ჩართულობის ნაწილი გავხდი და ახლა ყველაფერზე მეტად მიყვარს ეს საქმე“. მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად, 25 ივნისი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს.[ავთო ინასარიძე, ასპინძა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება