შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23266 
 26 ივნისი 2019

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ სამუშაოებზე თანხის დამატებისა და ვადის გახანგრძლივების მიზეზი, პროექტში შესული ცვლილებებია, რომლის მიხედვით ტაძარი, თუნუქის სახურავის ნაცვლად, ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტრადიციული ქვის ლორფინით გადაიხურება.სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს, ნაგებობის თაღოვანი კონსტრუქციების მოწყობა. არსებული გეგმის მიხედვით, ფიზიკური სამუშაოების შედეგად მიმდინარე წელს ტაძრის ტანის ყველა არქიტექტურული სეგმენტი დასრულდება. მომდევნო წლიდან სარესტავრაციო პროცესი, რომელსაც კომპანია "ივერთმშენი" ახორციელებს, აწყურის გუმბათის ყელის მშენებლობას მოიცავს.აწყურში, ტაძრის რესტავარაციის პროექტში ცვლილებების შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ერთი თვის წინ წერდა. მაშინ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ ამბობდა, რომ ტაძრის სახურავის შეცლის გამო თანხები სავარაუდოდ მილიონი ლარის დამატება დასჭირდებოდა და სამუშაოები 2022 წლამდე გადაიწევდა. პროექტში ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც აწყურში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია ფონდი "ქართუს" და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით 2016 წელს დაიწყო. ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 12,5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. აღდგენილ ტაძარზე ქვის უძველესი არქიტექტურული დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.ისტორიკოსების ვარაუდის მიხედვით, აწყურის საკათედრო ტაძარი მეთერთმეტე საუკუნის ძეგლია, რომლის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები შემორჩენილი არაა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია XIV-XV სს-ში სამცხის მმართველმა ათაბაგებმა-ჯაყელებმა აღადგინეს ტაძარი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.ცნობილია, რომ დიდი ხნის განმავლობაში აქ იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.[sknews.ge]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია