შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალგაზრდა მეწარმე წნორში ბიოპროდუქტებს აწარმოებს

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39784 
 28 ივნისი 2019

ერთი წელია, ნიკა ბაგალიშვილი წნორში ბიოპროდუქტებს აწარმოებს. ის ბროკოლის, ლობიოს, კარტოფილის, ცხარე და ბულგარული წიწაკის, პომიდვრის მოსაყვანად აგროქიმიკატებს არ მოიხმარს.

მეწარმე ბოსტნეულს მხოლოდ ბუნებრივი სასუქით ამდიდრებს.

,,რატომ დავიწყე ბიომეურნეობა? იმიტომ რომ გავრცელებულია ბევრი დაავადება, რომელიც გამოწვეულია სამი ფაქტორისგან: ჰაერი, საკვები და ჯანსაღი ცხოვრების წესისგან. ვფიქრობდი, ერთ-ერთს გადავჭრიდი ბიო პროდუქტების მოყვანით.

თან საქართველოში ფეხი არ აქვს მოკიდებული ბიოპროდუქტებს, მოსახლეობამაც არ იცის რა არის ბიოპროდუქტი სამწუხაროდ.

მომყავს ჭოპორტულა ვარდისფერი პამიდორი, საკმაოდ დიდებს ისხამს და ძალიან გემრიელია. მირგია დაახლოებით 500 ძირამდე. იმიტომ გადავწყვიტე პამიდორის მოყვანა, რომ ჩემი ბიომეურნეობა გამემრავალფეროვნებინა’’,- აცხადებს ნიკა ბაგალიშვილი.

ნიკა წითელ კარტოფილსაც აწარმოებს. იგი ამბობს, რომ სარწყავი წყლის პრობლემა აქვს, თუმცა საკუთარი სახსრებით პროდუქტის მოყვანას მაინც ახერხებს.

ნიკა ბაგალიშვილი ბიო პროდუქტის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და განმარტავს, რომ შესაძლოა ასეთი პროდუქტი სხვასთან შედარებით ძვირია, თუმცა ორგანიზმისთვის სასარგებლოა და ადამიანი დაცულია  სხვადასხვა დაავადებებისგან.

,,მეკითხებიან რა არის ბიო, როგორ მოგყავს და აშ. საქართველოშიც არ არის ცნობიერება და არც ეკონომიკური მდგომარეობა ისეთი, რომ ადამიანებმა ძვირი გადაიხადონ ჯანსაღ პროდუქტში. მათ ურჩევიათ 2 ლარის ნაცვლად გადაიხადონ 50 თეთრი და შეჭამონ ის პროდუქტი’’,-აღნიშნავს ნიკა ბაგალიშვილი.

თელავის უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ სულხანიშვილი ამბობს, რომ პროდუქტები, რომელთა მოყვანისას აგროქიმიკატების მოხმარება არა ხდება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

,,ბიო პროდუქტი ორგანული მეურნეობით მოყვანილი პროდუქტებია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.  რაც არ უნდა სერთიფიცირებული და დოზირებული იყოს ქიმიური წარმოების პროდუქცია რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაცვის საშუალებებად, მაინც ის ტოვებს გარკვეულ დანამატებს იგივე ნიტრატების სახით რომელიც ძალიან საზიანოა.

იგი ასევე შეიცავს უამრავ ალერგენებს და მუტაგენებს.  ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული უპირატესობა გააჩნია იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიული მდებარეობა, აგრო-კლიმატური პირობები, იმ მოთხოვნების უკვე ბუნებრივად შესაბამისია რაც ბიოპროდუქტის საწარმოებლად არის განკუთვნილი.

ყოველთვის ბიოპროდუქტის მოყვანა და წარმოება უფრო ძვირი ჯდება. მაღაზიაში თუ ჩვეულებრივი ღვინო ღირს ლიტრი 2 ლარი, ყველაზე იაფფასიან ბიოღვინოს ლიტრს 10 ლარზე ნაკლებად ვერ იყიდი’’,- აცხადებს ნიკოლოზ სულხანიშვილი.

ბიო პროდუქტების დადებით თვისებებზე საუბრობენ აგრომიმართულებით მომუშავე სხვა სპეციალისტებიც. სოფლის მეურნეობის ექსპერტი, გიორგი ალადაშვილი განმარტავს, რომ ხშირად მოსავალს იმდენ მინერალურ სასუქებს აყრიან, რომელიც პროდუქტის მიღებისას ადამიანის ორგანიზმში რჩება და სხვადასხვა სახის დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს.

,,არც კი უნდა გავიფიქროთ, რომ ბიოპროდუქტი რამე ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, პირიქით ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს ისეთი ქიმიკატებით და მინერალური სასუქებით მოყვანილი პროდუქტი, რომელიც არ არის ბუნებრივი.

საქართველოს ბაზარი დიდი რაოდენობით არის გაჯერებული ისეთი პროდუქტებით, რომელიც არის მოყვანილი ნიტრატებით, მინერალური სასუქებით, შხამებით, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

მაგალითად: ხორბალს აყრიან იმდენ მინერალურ სასუქებს, რომელსაც ვერ ითვისებს, ამიტომ რჩება თავისუფალ მდგომარეობაში ნაყოფში, ნაყოფიდან გადმოდის ჩვენს ორგანიზმში, ჩვენ ვერ ვითვისებთ ამ მინერალებს და შემდეგ რჩება სხვადასხვა დაავადებად.’’

ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულების თქმით, რამდენად უსაფრთხოა ბიოპროდუქტი ჯანმრთელობისთვის, ამ მიმართულებით კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი თვლიან, რომ ჯანმრთელობისთვის მისი მიღება უსაფრთხოა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ნინო ფირცხალავას თქმით, ჯანმრთელობას პრობლემას პროდუქტის მოყვანისას არარაციონალურად  გამოყენებული ქიმიკატების შედეგად მიღებული პროდუქტი უქმნის.

,,როცა ბიოპროდუქტს მოიხმარს პაციენტი, ნორმალურად მუშაობს მისი როგორც კუჭნაწლავის, გულსისხძარღვთა და ყველა სისტემა ჰარმონიულად ფუნქციონირებს რაც ზოგადად განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობას.

გენეტიკურადაც ახლოა ეს საკვები ადამიანთან და ასევე ადვილად გადამუშავდება. ის ტოვებს ეს იქნება ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები და ძალიან დიდი ძალისხმევა არ სჭირდება ორგანიზმს, რომ სასიცოცხლო ფუნქციები შეინაჩუნოს.

ხშირად ფერმერი მოსავლის რაონდეობის გაზრდის მიზნით არარაციონალურად იყენებს პესტიციდებს, შხამქიმიკატებს, რაც რათქმაუნდა მცენარის ჯიშებში იწვევს გადაგვარებას. ასევე თუ ცხოველები მოიხმარენ არაჯანსაღ საკვებ პროდუქტს, ხდება მუტაციური ცვლილებები და ამ არაჯანსაღ მცენარეს და ცხოველს რომ მოიხმარს ადამიანი, იქაც იცვლება მთელი გენეტიკური სტრუქტურა და ამასთანაა დაკავშირებული ამდენი თანდაყოლილი პათოლოგია.

ამიტომ იზრდება როგორც ალერგიული რეაქციები, რაც აიხსნება იმით, რომ არაჯანსაღი საკვები არის სტრესული პრაქტიკულად ადამიანის იმუნური სისტემისთვის. იზრდება პათოლიგიები და ბევრი სხვა დაავადება.’’– განაცხადა ნინო ფირცხალავამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები