შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიცოცავდა მიტინგი აღმართებზე ხალხი სახლებიდან და ქუჩებიდან გვესალმებოდა მანქანები საყვირებს აბღავლებდნენ"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39403 
 28 ივნისი 2019

"ჩუმად მივყვებოდი წუხელ, ნაშუაღამევს აღმართებს შუშის სასახლისაკენ და დუმილით შევცქეროდი ახალგაზრდებს. რა სხვანაირები ყოფილან, ლაღები, თავისუფლები, მართლა ევროპულ-ამერიკულები, უცნაურად ჩაცმულები, ძალიან თამამები და თან ძალიან ზრდილობიანები და სიყვარულით სავსეები, ხან წყალს რომ ურიგებდნენ დასიცხულ მომიტინგეებს და ხანაც უზურპატორისათვის საჩვენებელ ყვითელ ბარათებს. მიცოცავდა მიტინგი აღმართებზე. ხალხი სახლებიდან და ქუჩებიდან გვესალმებოდა, მანქანები საყვირებს აბღავლებდნენ, სიცხით გათანგული ასაკოვნები ჯიუტი დაჟინებით მიჰყვებოდნენ უკან ახალგაზრდებს და არ ეპუებოდნენ გამთანგავ სიცხესა და დაკიდულ აღმართებში აჭრიალებულ მუხლის სახსრებს.
იმ 9 წელიწადში თავისუფლად გამოზრდილთა მუხტი არ დაკარგულა თურმე. ეს მართლა უკომპლექსო და თავისუფალი ხალხია, ყოველგვარი პარტიულობისაგან დაცლილი. ხისტები, მოურიდებლები, უავტორიტეტოები, თავზეხელაღებულები, რომლებმაც უკვე შეუქცევად მოდად აქციეს ანტირუსული პოზიცია. ფსბ-ს მიერ წლობით ნალოლიავები იდეოლოგია ნამსხვრევებად აქციეს სულ ერთ კვირაში. ეს უკვე დაუთრგუნავი და მოუსყიდველი ენერგიაა, რომელმაც დაფშვნა ქართულ-ფეოდალურ- პარტიული შეხედულებები. 
მართალი ყოფილა ჯეფერსონი. 
თავისუფლების ხემ რომ იცოცხლოს, დროდადრო უნდა მოირწყას პატრიოტთა და ტირანთა სისხლით. ეს სისხლია სწორედ თავისუფლების გამომზრდელი და ეს სისხლი დაღვარეს იმ ავბედით ღამეს უგუნურად, გათავხედებულმა ბრიყვებმა. ამოთხრილ თვალბუდეთა ავბედითი მზერა ისეთ ენერგიას ასხივებს, რომ ყველაფერს გაადნობს და აადუღებს. ნურავინ გაბედავს მისთვის გზის გადაღობვას და ნურც ამ დუღილის შეეშინდება, რადგან ამჟამად ერთმანეთში არეული მაჭარისა და თხლისაგან აუცილებლად დადუღდება ნამდვილი ქართული ღვინო" - წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ზურაბ გურული საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა