შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„კობახიძისთვის კალაძეს ამოაკვრევინეს პანღური სწორედ იმ ფეხით, საკუთარ კარში რომ გაჰქონდა გოლები“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39576 
 04 ივლისი 2019

მწერალი როსტომ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის არაოფიციალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალგაზრდობა ვერ მოდრიკა ვერაფრით, თორემ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები კი იოლად წამოიკიდა და კიდეც წაჰკიდა ერთმანეთს პროპორციული საარჩევნო სისტემისა და რაც მთავარია , ნულოვანი ბარიერის დაპირებით.

„ცხადია ეს ნულოვანი ბარიერი თავისთვის აქვს შეგულებული - როგორმე ამ გზით რომ შემოაცუროს მაჟორიტარი დეპუტატები და ასე შეავსოს ოცნების დანაკარგი და საგრძნობი დანაკარგიც, მაგრამ ამასობაში დიდი იმედები გაუჩნდათ და გულიც მოეცათ იმ პოლიტიკოსებს, თავთავიანთი პარტიების იმედად ვერც ვერასოდეს რომ ვერ ეღირსებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრობას.

და კიდეც მაშინვე გაყიდეს ის ახალგაზრდები, რომელნიც - თავისუფლების სულით აღვსილნი - უპირველესად მაინც ეროვნული ღირსებისა და თავმოყვრეობის დასაცავად იბრძვიან.

შემთხვევითი არ არის, რომ ეს ახალი კანონპროექტი - ამ ახალგაზრდების სისხლითა და უშუალო ზემოქმედებით მოპოვებული - თავიანთ მონაპოვრად გაასაღა „ქართული ოცნების“ ელიტამ იმ პრეზენტაციაზე, რომელზეც ასე ყელყელაობდა და ყელკმაზულობდა ის ირაკლი კობახიძე, ვისი უშუალო ბრძანებითაც გაუმზადეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი სერგეი გავრილოვს, მანამდე კი ფიანდაზებიც გაუფინეს. ეს სიტყვა "ფიანდაზი" ჯადოსნური ზღაპრების შემდგომ აღარსად მსმენოდა და გამიკვირდა, ოფიციალურ ბრძანებაში რომ ჩაეწერათ.

„ოცნებელები“ ახსენებენ პასუხისმგებლობის გრძნობას, რამაც თითქოსდა გადააწყვეტინა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა, ვითომ ჩვენს თვალწინ არ მომხდარიყოს ის ყოველივე და არ ვიცოდეთ, რომ ბატ. კობახიძე თავის ნებით არ გადამდგარა, და თვითონ არც კი განუცხადებია: გადავდექიო, - და არამარტო აიძულეს, არამედ კახი კალაძემ გვაუწყა მის მაგივრად, შეიძლება ითქვას, რომ იმას ამოაკვრევინეს პანღური სწორედ იმ ფეხით, საკუთარ კარში რომ გაჰქონდა გოლები.

ამჯერადაც საკუთარ კარში მოუხდა გოლის გატანა ბატ. კალაძეს, მაგრამ - განსხვავებით იმ მატჩისაგან - ქვეყანა არ დაუზარალებია, ის კი არა, ასეთი სწორი მიმართულებით ფეხი აქამდე არც არასოდეს გაუქნევია,“ - აცხადებს როსტომ ჩხეიძე.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია