შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" სულ მეგონა, ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა, თურმე სულ არ ჰქონია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39597 
 05 ივლისი 2019

20 ივნისის მოვლენები - ოპოზიციის ლიდერები სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. შესაძლოა ნიკა მელიას შემდეგ, ბრალდებულთა სია გაიზარდოს. ამას არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამორიცხავს და ამბობს, რომ „შესაძლოა ბრალდებულთა რიცხვი 1-ზე მეტი იყოს“-ო. 

ხელისუფლებას შეკითხვები გიგი უგულავასთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან აქვთ. ისინი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ. 

უგულავა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მანამ მივა, სანამ უწყება სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელ მინისტრს, გიორგი გახარიას არ დაკითხავს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წევრები მოწმის სტატუსით არინ გამოკითხვაზე დაბარებულები, ისინი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მათ ბრალიც კი წარუდგინონ. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, 20 ივნისის სისხლიანი ღამე ოპონენტებს გადააბრალოს.

„განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ, რომ თურმე დაშლა საერთოდ არ ყოფილა და მოგერიება იყო, რომ თურმე სპეცრაზმელები მოქმედებდნენ თვითდინებით და გადაწყვეტილებას თვითონ იღებდნენ და ბრძანება მათ არ ჰქონიათ, სახეზე გვაქვს გამოძიების ფუნდამენტური გაყალბების მცდელობა და რეალობის დამახინჯება. ამიტომ, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სამართლებრივად დამაგრდეს სიმართლე და ამიტომ პროაქტიულად მივიჩნევ, რომ ძალიან კარგია, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება დაკითხვა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი ბარამიძე.

„გამოძიებასთან ვაპირებ თანამშრომლობას, რომელიც ახლა უსუსურად ცდილობს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და პირადად ივანიშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის და როგორც ჩანს, დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის დანაშაული აიცილონ და შეეცადონ, ეს ყველაფერი გადაიტანონ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ლიდერებზე,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.  

 „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი მისთვის შესაძლო ბრალის წაყენებას, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება. 

„როგორც იქნა, ინტუიციამ პირველად მიღალატა. 7 წლის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა. შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია. სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევვარდებით. 

„19-ში მაქვს უკანა ბილეთი. შემიძლია უფრო ახლოს გადმოვცვალო. 28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ, გამაგებინეთ, თუ არა 2-ში საქმეზე მივდივარ-მეთქი. თუ რამე გინდოდათ მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ საზღვარზე არ გამატარებდით, მაგრამ ბიძინას ხომ გადაწყვეტილების მისაღები ერთი ადგილი არა აქვს. აბა შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ," - წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში. 

 „რა ძალებით ხდებოდა ეს, რამდენად ორგანიზებული იყო და ვინ ედგა ამას სათავეში, ეს გამოძიების კომპეტენციაა და არა, პოლიტიკური განცხადებების ავტორების“, - აცხადებს გია ვოლსკი საპარლამენტო უმრავლესობიდან. 

რაც შეეხება საქმის დეტალებს, ვოლსკი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენების მოკვლევა გამოძიების კომპეტენციაა და არა რომელიმე პოლიტიკოსის. ოპონენტებს მოუწოდებს, გამოძიების პროცესში პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში მტკიცებულებებისა და ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ აღნიშნულ ღამეს, იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდება, ამბოხება და პარლამენტზე იერიშის მიტანა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმ ბრალდებების სერიოზულად აღქმა, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღე ცვლის და ამძიმებს და ამის გამო ხელისუფლება დღითიდღე სასაცილო ხდება. სამადაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად შეშინებულია და ამაზე მეტყველებს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი:

„მან გადაწყვიტა, ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდეს, რასაც პირდაპირ დაანონსებული პოლიტიკური ტერორი ჰქვია. ეს მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს. როგორც ჩანს, ივანიშვილი მზად არის, ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბდეს, მაგრამ არ არის მზად, არჩევნების გზით ხელისუფლება დათმოს“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

20-21 ივნისის მოვლენები და გამოძიება, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით მიმდინარეობს - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან, 20 ივნისის ღამეს, პარლამენტში შეჭრის აშკარა მცდელობა იყო. 

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია