შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ამ ახალგაზრდებთან დაპირისპირება, კალენდართან ომია“- ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39632 
 06 ივლისი 2019
რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ პროცესებსა და ივანიშვილის ხელისუფლების პერსპექტივებზე წერს:

„შვიდი წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მთავარი პროპაგანდისტული თეზა იყო ნაცმოძრაობის მობრუნების საფრთხე. ამაზე იყო აგებულ-აშენებული ყველაფერი. მთელი პოლიტიკური პროცესი მოწოდებული იყო როგორც ორი გიგანტური ფიგურის, მიშას და ბიძინას დაპირისპირება. ეს იყო ჭეშარიტად მანიქევლური მითი, სადაც მიშა გახლდათ ბოროტი არიმანი თავისი ცხრაწელით, ხოლო ბიძინა კეთილი ორმუზდი, რომელსაც შესაძლოა ყველაფერი ვერ გამოსდის მთლად კარგად, მაგრამ არიმანულ-ნაცური შემზარავი ალტერნატივის გამო მაინც რჩება ერთადერთად და განუმეორებლად.

ეს პოლარიზაცია, ეს პოლიტიკური მანიქეიზმი ამ შვიდი წლის მანძილზე გახდა ქართული პოლიტიკური პროცესის ნამდვილი წყევლა და არა მარტო პოლიტიკური პროცესის. ეს შავ-თეთრი ნაცქოცობა შემოიჭრა ყოველდღიურობაში, ოჯახებში, სამეგობროებში... პრაქტიკულად ყველანაირი ფაქტის შეფასება ნებსით თუ უნებლიედ ხდებოდა ამ მახინჯი მოცემულობის პირობებში. კანონი, მორალი, სრულიად ელემენტარული სამართლიანობის განცდა მთლიანად გადაფარული იყო (და დიდწილად ახლაც არის) ორპოლუსიანი რეალობით, რომლის დროსაც საწინააღმდეგო პოლუსის მიმართ ყველაფერი მოსულა.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ორპოლუსიანობა ასე თუ ისე სულ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა და ადმინისტრაციული რესურსი პლუს დემონიზებული ნაცების წინაშე შიში გადაულახავ დაბრკოლებად ჩანდა სრულიად ოპოზიციისთვის.

და აი, 20 ივნისის ღამის მერე ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა სასწაული. დიახ, მან მოახერხა და "გავრილოვის ღამით" და ამის შემდგომ ახალგაზრდობის საპროტესტო აქციებზე არაადეკვატური რეაგირებით მიშა-ბიძინას და ნაცები-ქოცების დაპირისპირება გადაზარდა სრულიად სხვა ტიპის დაპირისპირებაში. მან მოახერხა და თავისი უპრინციპო პადხალიმების გუნდთან ერთად დაუპირისპირდა ყველას, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი ევროპული ტიპის ინსტიტუციურ დემოკრატიად წარმოუდგენია და არა ერთი კაცის ბაღჩა-ბოსტანად.

დიახ, ეს ღირებულებითი პოზიცია აერთიანებს დღეს რუსთაველზე შეკრებულ საკმაოდ ჭრელ საზოგადოებას სადაც ნაცი და ქოცი მეასეხარისხოვანია ამბავია და სულ ამაოა კვლავ ამ კარტის გათამაშების მცდელობა. ამაოა, რადგან ამ აქციის კონტექსტში დღეს საზოგადოებას ყოფს უკვე არა ნაც-ქოცობა (ინერცია ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ეს მხოლოდ ინერციაა), არამედ პროგრესი და რეგრესი, განვითარება და ჩამორჩენილობა, პროდასავლურობა და ასავალ-დასავლურობა, მრავალფეროვნება და ერთსახოვნება, ტოლერანტობა და შეუწყნარებობა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირსება და ოკუპანტის წინაშე ქლესაობა მაყუთის გაჭრის მიზნით, ახალგაზრდული იდეალიზმი და საბჭოურ-კორუმპირებული "გაგება".ერთ მხარეს ფერადი საქართველოა, მეორე მხარეს შავ-თეთრი. ერთ მხარეს ევროპაა, მეორე მხარეს საბჭოთა კავშირის ნარჩენები.

დიახ, რუსთაველზე მიმდინარე აქციის მიმართ დამოკიდებულება დღეს სწორედ ამ ნიშნით განირჩევა და არა ნაცმოძრაობის მიმართ დამოკიდებულებით. ეს ტრენდი ჯერ ახალია, მაგრამ მზარდი და შეუქცევადი.

გადაუჭარბებლად შეძლება ითქვას, რომ ეს არის არა მარტო სრულიად ახალი რეალობა, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი "ქართული ოცნების" სრული კრახი, ანუ, მათთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, "პოლნი პიზდეცი". მე არ ვიცი რა ციფრებში და რა პროპორციებში გაფორმდება ეს არჩევნების შედეგად, მაგრამ ოდეს ყოფილა აქამომდე ახალგაზრდობასთან, ანუ მომავალთან და ხვალინდელ დღესთან ბრძოლა მოეგოს ვინმეს? და ის ზღაპრები არ გვინდა, რომ იქ ახალგაზრდობის ნაწილი დგას. იქ დგას ამ ქვეყნის ახალგაზრდობის საუკეთესო, განათლებული და წარმატებული შემადგენლობა, რომლებიც თავის თაობის ერთგვარი როლ-მოდელები, ანუ ორიენტირები და ტრენდის კანონმდებლები არიან და რომლებიც ყველა ვარიანტში მოვლენ და ჩაიბარებენ ამ ქვეყანას. ამ ახალგაზრდებთან დაპირისპირება კალენდართან ომია და კალენდართან ომის მოგება კი პრინციპულად შეუძლებელია..

მოკლედ, ქალბატონებო და ბატონებო, გათავებულია ამ ხელისუფლების საქმე და რაც მალე მიხვდებით ამას ყველა, მათ შორის ხელისუფლებაშიც, მით უკეთესი თქვენთვის.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია