შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ბატონო კაკი! მე ეს ,,კოლონა'' პირველად 4 წლის წინ ვნახე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39785 
 12 ივლისი 2019

,,ბატონო კაკი! მე ეს ,,კოლონა' პირველად 4 წლის წინ ვნახე. უცებ აღმოცენდნენ - გამრავლდნენ და ქუჩაში გამოეფინენ. ნიჩბებით და ურიკებით, ტოტებდაკაპიწებული შარვლებით, ფერადი მაისურებით. საოცრად ორგანიზებულები იყვნენ, მიზანსწრაფულები - სიტყვის სრული მნიშვნელობით, ბრძოლა გაუმართეს ქალაქის ცენტრში დაღვრილ ტალახს, ქვაღორღს, მეწყერს.

3 დღეში დაასუფთავეს ქალაქი და გაქრნენ... ვინ იყვნენ? საიდან მოვიდნენ? სად დაორგანიზდნენ? რესურსები სად იშოვეს? ლიდერები ვინ არიან? - გაოგნებული სახეებით შესცქეროდა ერთმანეთს ყველა ყაიდის პოლიტიკური კლასის ბევრნანახი ხალხი, - გაქრნენ, დაიფანტნენ, თავის ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

არც ჯილდო უთხოვიათ, არც მადლობა, არც ეთერი, არც ტაში... სად არიან? კი - ცალცალკე სულ ვხედავდი, ზოგს მიწისქვეშაში გიტარით ხელში რასტამანის ვარცხნილობით, ზოგს - აუდიტორიაში, ზოგს - კონცერტზე, ზოგს - ღამის კლუბში, ზოგს - კაფეში, მაგრამ ცალცალკე - თავის ცხოვრებით. ცხოვრებით, სადაც არ თვლიან საჭიროდ იყვნენ ერთნაირები, არ იქექებიან ერთმანეთის პირად ცხოვრებაში, არ ბრაზობენ ვინ როგორ ერთობა, დიდად არ უყურებენ ნიუსებს, ჩვენ ძირითადად ვკიდივართ - პოლიტიკოსები. თავისი ცხოვრება აქვთ - ერთი ოცდაათიათასიანი ერთობა არაა, ოცდა, თუ რამდენიც იყო, ათასი სხვადასხვა ტიპია. უბრალოდ ჩათვალეს, რომ ტალახია გასატანი!

ჰოდა, 4 წლის მერე ისევ ტალახია ქალაქში. უკვე გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ არანაკლებ საშიში და ამაზრზენი. ტალახი, რომელიც ღირსებას თხვრის. კომუნისტი, პრავასლავნიკი, ოკუპანტი მათი სახელმწიფოს თავზეა შემომჯდარი და კოლონა ისევ შეიკრა! ზუსტად ისეთივე საქმიანი, მიზანსწრაფული, ფერადი, სხვადასხვანაირი, ჭკვიანი, ლამაზი, მტკიცე....

პოლიტიკოსები დგახართ მათ გვერდითო კი, ვდგავართ გაოცებისგან ყბაჩამოვარდნულები! ან როგორ ლაპარაკობენ, ან როგორ მსჯელობენ, ან როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს! ასეთი მშვიდობიანი და მტკიცე კოლონა, ლამაზი და ფერადი მე ჯერ არასოდეს მინახავს.

იმ დღეს სიძულვილისა და აგრესიის ჯგუფები დაახვედრეს. რუსთაველი გადაუხერგეს და ყალბი, ზიზღნარევი, ქრისტიანობისგან დაცლილი ,,მლოცველები" დაუპირისპირეს. მთელი ღამე, დილამდე არ დაიღალა კოლონა - სილაღით, სიმღერით, სიყვარულით გახსნეს პროტესტი და არ მიატოვეს ალყაში 10 თავისიანი...

იმის თქმა მინდა, რომ ეს კოლონა არსებობს! ცოცხალია და ყოველთვის აღმოცენდება, როცა ტალახი იქნება გასატანი! ეს უფრო დიდი რამეა ამ ჩვენი სამშობლოსთვის ვიდრე არჩევნები, ვიდრე ძალაუფლება და ვიდრე რავი... ყველაფერი.

ჰოდა, როცა ამათ ლანძღავ - პოლიტიკაში კი არა, ვერაფერი გაგიგია ცხოვრებაში'.

გიორგი გაბაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია