შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბლექ სი არენას“ საკონფერენციო დარბაზში ტურისტული კონფერენცია "ზღვიდან მთამდე“ გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივლისი 2019

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ბლექ სი არენას“ საკონფერენციო დარბაზში ტურისტული კონფერენცია ,,ზღვიდან მთამდე“ გაიმართა.

კონფერენცია დაეთმო გურიაში ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემათა განხილვას. 
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა ტურიზმის სფეროში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 
,, მხოლოდ ერთი მიმართულებით, თუნდაც შავიზღვისპირეთის განვითარებით, ძნელია კონკურენტუნარიანი ტურისტული გარემოს შექმნა, ჩვენი იდეაა მომზადდეს ტურისტული პაკეტი, რომელიც დამსვენებელს საშუალებას მისცემს იმოგზაუროს ზღვიდან-მთაში. ბოლო წლებში ურეკი-შეკვეთილში 100.000-მდე დამსვენებელი ჩამოდის, აქ არსებული მაგნიტური ქვიშები უნიკალური საშუალებაა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისაგან განსაკურნებლად და მსოფლიოში არა აქვს ანალოგი. საჭიროა, ერთის მხრივ მოხდეს ზღვისპირეთის განვითარება და ეს პროცესი სინერგიით გადაეცეს გურიის სხვა ტურისტულ ლოკაციებს“- აღნიშნა ალეკო მამეშვილმა.
კონფერენციაზე გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ გურიის ტურისტულ შესაძლებლობებსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემათა მოგვარების შესახებ ისაუბრეს.
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროში ინფრასტრუქტურის განვითარების, მომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობასა და თანამშრომლობის აუცილებლობას.
კონფერენცია ,,ზღვიდან მთამდე“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანაპარტნიორობით ჩატრადა.
შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კონფერენციას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორი თინათინ ტყეშელაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კონფერენციის ორგანიზატორები მადლობას უხდიან საკონცერტო დარბაზის „ბლექ სი არენას“ ადმინისტრაციას პარტნიორობისათვის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია