შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7824 
 16 ივლისი 2019
მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ის ქუჩები და მარშრუტები, რომლის გავლაც გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარებისას მოუწევთ, წინასწარ არ ეცოდინებათ. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის, რომელიც რეალურ სივრცეში ავტომანქანის მართვას გულისხმობს, 4 სხვადასხვა მარშრუტია შედგენილი.მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს მიმართულებას, თუ რა მარშრუტით უნდა დაიწყოს გადაადგილება, კომპიუტერული პროგრამა მისცემს.მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში იმ ქალაქებში ჩატარდება, სადაც მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებია განთავსებული.

"ევროდირექტივა ზუსტად არეგულირებს ამ მიმართულებას, თუ რა ელემენტების გადალახვა უნდა მოახდინოს პირმა რეალურ საგზაო პირობებში, რათა მან მიიღოს მართვის მოწმობა. ჩვენც ეს ელემენტები გვაქვს ევროდირექტივის შესაბამისად შერჩეული და მარშრუტების შესაბამისად გვაქვს ყველა ეს ელემენტი გამოყენებული. მაგალითად: გვირაბი შეიძლება ვერ გაიარო ბევრ სერვისცენტრში და ეს ელემენტი ყველგან შეიძლება არ გავრცელდეს, თუმცა აღმართი, მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე, დაბრკოლებები, რომლებსაც ევროდირექტივა იცნობს, მარშრუტები ისე გვაქვს შერჩეული, რომ მაქსიმალურად ყველა ელემენტის გამოყენება მოხდეს. გამოსაცდელი გაგვყავს ქალაქში და დაახლოებით 20 კილომეტრამდე იქნება თითო მარშრუტი, რომელიც უნდა გაიაროს მსურველმა. მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრის ირგვლივ საშუალოდ 4 სხვადასხვა მარშრუტი გვექნება შერჩეული და წინასწარ ადამიანს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტს გაივლის. კომპიუტერი ავტომატურად დააგენერირებს მარშრუტს", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.

მისივე თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ორ ქალაქში - ფოთსა და ზუგდიდში საწყის ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში ვერ ჩატარდება და გამოცდის მეორე კომპონენტის ჩასაბარებლად მსურველებმა სხვა ქალაქების სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.

ამასთან, მარიანა მორგოშია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ავტოსკოლებში ხარისხიან სწავლებაზე მოთხოვნასაც გაზრდის. მან ასევე აღნიშნა, რომ ავტოსკოლები ამ ეტაპზე რეგულირებადი მიმართულება არაა და ამ კუთხით შსს მუშაობს.

„ის ცვლილებები, რაც დღეს ჩვენ შეგვაქვს კანონპროექტში, გამოიწვევს ადამიანების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას ხარისხიან სწავლებაზე, შესაბამისად ამ მიმართულებით ისედაც ვფიქრობთ, რომ ავტოსკოლები დაიხვეწებიან. რაც შეეხება რეგულაციებს, ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა მორგოშიამ.

შეგახსენებთ, რომ მანქანის ქუჩებში - რეალურ მოძრაობაში მართვა გამოცდის მეორე ეტაპია, პირველ ეტაპზე კი მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს გამოცდის ჩაბარება არსებული სისტემით - საგამოცდო მოედნებზე მოუწევთ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
ეკონომიკა
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება