შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ის 9 წელი" ოფიციალურად დასრულდა...საქართველო ისევ ვერ შედგა სახელმწიფოდ- ზურაბ გურული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39995 
 20 ივლისი 2019

ამერიკაში მოღვაწე ექიმი პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

"ის 9 წელი" ოფიციალურად დასრულდა. დასრულდა ლოგიკურად. საქართველო ისევ ვერ შედგა სახელმწიფოდ.
ცხადია, ვისაც სახელმწიფო ის ფსევდო ინსტიტუტები ჰგონია, რაც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს, მათთვის საქართველოს სსრ-ც სახელმწიფო იყო. 
ლოგიკურად იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო საბჭოთა ხაზინის ქურდებსა და მათ თვალებში შემყურე კონფორმისტ ინტელიგენციას თავისუფალი ქვეყანა შეექმნა კლასიკური სახელმწიფო ინსტიტუტებით. ეს იქნებოდა სრული აბსურდი. ქვეყანას არ ჰყოლია და არ ჰყავს სამხედრო ელიტა; არ ჰყოლია და არ ჰყავს მზვერავთა და კონტრმზვერავთა პატრიოტული ბირთვი და მისი ფსევდო ინსტიტუტების გარანტს წარმოადგენს პოლიციის კორუმპირებული კასტა, რომელიც ემსახურება არა ხალხს, არამედ ქვეყნის დე ფაქტო მმართველს და მის კლანს. 
პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები შედგნენ სახელმწიფოებად. ამის მთავარი ობიექტური მიზეზი იყო ძვალსა და რბილში გამჯდარი ზიზღი ყოველივე რუსულის მიმართ. მათ რიგითი მოქალაქის ცნობიერების დონემდე ჰყავდათ დაყვანილი დამპყრობლის მიმართ სიძულვილი და როცა შესაფერისი მომენტი გაჩნდა, ამ გრძნობაზე აიგო დამოუკიდებელი სახელმწიფოებიც. ანალოგიური შანსი აქვს უკრაინასაც, მაგრამ იქ ჯერ ისეთი მძლავრია პრორუსული განწყობა, რომ ბევრი რამ სათუოა. 
ამრიგად, ყველაფრის გასაღები ცნობიერებაშია. საქართველოს უკანასკნელი მეამბოხე მედია ფორპოსტიდან რუსეთის მიმართულებით ღია ტექსტით გაშვებული გინება და მასზე რეაქციები ნათელი ემპირიული დადასტურება გამოდგა იმისა, რომ ქართული სახელმწიფო ცნობიერება ამჟამად არ არსებობს არც სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე და არც სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში. ამიტომაც არ შედგა ქართული სახელმწიფო. 
ერთი შეხედვით ძალიან უმნიშვნელო ფაქტი, როცა პოლიციამ პათოლოგიური გულმოდგინებითა და ჟინით წაშალა მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე მიხატული, ცალი თვალით დაბრმავებული ქართვლის დედის გამოსახულება, რაც სხვა არა იყო, თუ არა ანტირუსული ამბოხის სიმბოლო, მიუთითებს დეგრადაციისა და ხრწნის ლეტალურ ხარისხზე. ასეთი სულისკვეთების დომინირებისას სახელმწიფო ვერ შედგება.
ერთადერთი მბჟუტავი იმედი არაკონფორმისტი ახალგაზრდა მოქალაქეების პერმანენტულ პროტესტშია. თუ ისინი შეძლებენ ანტირუსული ბრენდის გაძლიერებას, მასობრივ ტირაჟირებას და იდეოლოგიად ქცევას, მაშინ გაჩნდება იდეა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება სახელმწიფო.
მანამ კი, დასავლური დემოკრატიული სამყაროც ჩვენში დაინახავს ტერიტორიას, დასახლებულს დეგრადირებული ცნობიერებისა და გაურკვეველი ღირებულებების მქონე მასით, რომლის მმართველიც შესაბამისი ღირებულებების უნდა იყოს და რომელსაც ხელს არაფერში შეუშლიან, რადგან მათაც ემპირიულად იციან, რომ განსხვავებული ღირებულებების მქონე ლიდერს ეს მასა არ იგუებს და ამიტომ სტაბილურობას არავინ დაარღვევს.
ეს არის რეალობა! შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ, ან აარიდოთ, მაგრამ ამით რეალობა არ გაქრება."- წერს გურული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია