შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23629 
 23 ივლისი 2019
დასი და ოსკარი საქართველოში პირველად არიან. ისინი აქ ლატვიიდან ჩამოვიდნენ. გეზი, პირველ რიგში, ახალციხისკენ აიღეს და რაბათის ციხეს ესტუმრნენ. აქ ისინი გიდის დახმარებით ორიენტირებენ და ახალციხის მონახულებაც მისი რჩევით გადაწყვიტეს. „ახალციხის შესახებ აქამდეც ვიცოდით. ინტერნეტში ხშირად ვათვალიერებთ საქართველოს და ყველა ცნობილი ადგილი ვიცით. ჩვენთვის საქართველო ცნობილია, როგორც მულტიკულტურული და სტუმართმოყვარე ქვეყანა, ლატვიაში ამის შესახებ ყველამ იცის. ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოს მონახულება,“ - გვიყვება ოსკარი.აქედან სად წავლენ, ჯერ ზუსტად არ იციან, რადგან უამრავი არჩევანი აქვთ, დრო კი - არც ისე ბევრი. ამიტომ არჩევანის გაკეთებაშიც რომ მეტი დრო არ დახარჯონ, ისევ გიდის რჩევას გაითვალისწინებენ. შემდეგი გაჩერება, სავარაუდოდ, ვარძია იქნება. ახალციხის ციხეზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 28%ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა. ვიზიტორთა ზრდის პარალელურად, აუცილებელი ხდება ისეთი სერვისების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების უფრო მეტ ზრდას და ასევე – დამსვენებლების კომფორტს. გიორგი ბერიძე ახალციხის ციხის გიდია. მისი თქმით, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის, აუცილებელია, რომ ცნობადი გახდეს უფრო მეტი ადგილი სამცხე-ჯავახეთში. ის, ასევე, აქცენტს აკეთებს რეგიონში ისეთი ადგილობრივი ტურისტული კომპანიების არარსებობაზე, რომლებიც ვიზიტორებს შესთავაზებენ ტურებს და იმ ადგილების მონახულებას, რომლებიც ნაკლებადაა პოპულარული.„ტურისტები მოყავთ კომპანიებს, რომლებსაც წინასწარ განსაზღვრული მარშრუტი აქვთ და ჩვენ ვერ ვთავაზობთ მათ სხვა ადგილების მონახულებას, რაც კარგი იქნებოდა ჩვენი რეგიონის ისეთი ადგილების პოპულარიზაციისთვის, რომელიც ნაკლებადაა ცნობილი ტურისტებისთვის“ - ამბობს გიორგი. გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზეც. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დირექტორის, თამაზ კარაპეტიანის აზრით, ვიზიტორთა რაოდენიბის ზრდა ბუნებრივია, რადგან, განვითარებასთან ერთად, უფრო მეტად ცნობადი ხდება რეგიონი.„ტურისტული კომპანიები ხშირად ერიდებიან ტურისტების ისეთ ადგილებში გადამისამართებას, სადაც მათ ორიენტირება გაუჭირდებათ. ამიტომ, სანამ გიდი-რეინჯერი გვეყოლებოდა, ნაკლებად თანამშრომლობდნენ ჩვენთან. ახლა მანქანაც გვყავს, რომელიც ტურისტებს მომსახურებას უწევს. რაც უფრო მეტად „გავიზრდებით“, ბუნებრივია, ტურისტებიც დაინტერესდებიან, რადგან აქ ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც ნებისმიერი ეროვნების ტურისტში ინტერესს გამოიწვევს.“ - ამბობს თამაზ კარაპეტიანი.ახალციხის ციხის უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 2018 წლის 2 კვარტლის (იანვარი–ივნისი) მონაცემებით 27482–ს შეადგენდა. ხოლო 2019 წელს პირველ 2 კვარტალში ახალციხის ციხეს 35124 უცხოელი დამთვალიერებელი ეწვია. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი ახალციხის ციხე 101 ქვეყნის წარმომადგენელმა დაათვალიერა. [რობიზონ ზარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია