შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კვლევა- ადგილობრივი თვითმმართველობისადმი ნდობა ნელ-ნელა იზრდება

თვითმართველობა
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40281 
 27 ივლისი 2019

ადგილობრივი თვითმმართველობისადმი ნდობა ნელ-ნელა იზრდება, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების ანალიზისას ხდება ცნობილი.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტეით, მათ მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევით, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა 43% იყო. ბოლო კვლევით კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ეს მაჩვენებელი 4%-ით არის გაზრდილი და 48%-ს შეადგენს.

,,ბოლო ხუთწლიან პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, ყველაზე ცუდად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას გამოკითხულები 2016 წელს აფასებდნენ. ამ წელს თვითმმართველობის ნდობის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე – 27%-მდე ჩამოვარდა.

2016 წლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის რეიტინგი ნელ-ნელა იზრდება. 2017 წლისთვის ის 10%-ით გაუმჯობესდა, 2018 წლისთვის – 6%-ით, ხოლო წელს – 5%-ით.

აღსანიშნავია, რომ, წლევანდელი კვლევით, ადგილობრივ თვითმმართველობას პარლამენტსა და მთავრობაზე უკეთესი შედეგი აქვთ’’,- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგელები.

აღნიშნულ სიახლეს დადებითად აფასებენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, გასულ წლებთან შედარებით ადგილობრივი ხელისუფლება მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს ანხორციელებს, რომელიც როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

ხანდამაშვილის განმარტებითვე, ნდობის ამაღლებას ხელს უწყობს მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრები, მიმდინარე პროექტებში მათი ჩართულობა და აქტიურობა.

,,წელს შედარებით გაიზარდა მოსახლეობის ჩართულობა სხვადასხვა პროექტებში. ამ პროცესს კი გარკვეულწილად ხელი შეუწყო სოფლის დახმარების პროგრამამ, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა გადაეწყვიტა საკუთარი სოფლის პრობლემები. ამ პროცესში მათი ჩართულობა დიდი იყო.

გარდა ამისა, მერიას აქვს მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრებიც სხვადახვა პროფესიის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან და არა მარტო მერიის. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ, გვაქვს ყოველთვიური შეხვედრა და ვსაუბრობთ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე და სიახლეებზე. ასევე გვაქვს ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ არსებული პრობლემების მოგვარებაზე და ვახორციელებთ გზების, წყლის სისტემების შეკეთების და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. დასრულებულია და ზოგი ახლა სრულდება 7 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები. ნდობის ნელ-ნელა გაზრდაც ალბათ ამით არის გამოწვეული’’,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.

ადგილობრივების განმარტებით, ჩართულობის გასაზრდელად და ნდობის მოსაპოვებლად თვითმმართველობამ მეტი შეხვედრა უნდა გამართოს მოსახლეობასთან, სადაც განხილული იქნება სოფელში არსებული პრობლემები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

,,ბევრი ისეთი პროექტი ხორციელდება სოფლებში, რომლის საჭიროებაც შეიძლება დგას, მაგრამ სხვა უფრო მნიშვნელოვანი გვაწუხებს. მაგალითად გზას აკეთებენ, რაც ძალიან კარგია და მივესალმებით, თუმცა უწყვეტი წყალმომარაგება ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია.

მეტი შეხვედრა უნდა გაიმართოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რომ პირადად ვუთხრათ რა პრობლემები გვაქვს, რა გვჭირდება და რა უნდა გაკეთდეს’’,- განუცხადეს Knews.ge-ს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებლებმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია