შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არჩევნების პირველი ტურიდან მეხუთე დღეს, პრემიერი სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარების ხუთჯერ გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. სოციალურად დაუცველი ოჯახები ამ ინიციატივას მიესალმებიან, NGO-ები კი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებენ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 09 ნოემბერი 2018
მეგი კვახაჯელიძეს შვიდი შვილი ჰყავს, ოთხი ბიჭი და სამი გოგო. 11–სულიან ოჯახში დასაქმებული მხოლოდ თვითონაა. მეგი ახალციხეში ერთ–ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანაშემწედ მუშაობს. მეუღლე, აგვისტოს ომის მონაწილეა, მძიმე დაავადება აქვს და მუშაობა არ შეუძლია. მათი ოჯახის შემოსავალი მეგის ხელფასი 295 ლარი, სოციალური დახმარება – 590 ლარი და მშობლების პენსიაა. „21, 20, 18, 15, 14, 10 და ექვსი წლის შვილები მყავს. თავი ძლივს გაგვაქვს, ზოგს ფეხსაცმელი უფუჭდება, ზოგს ქურთუკი უნდა, ზოგს სვიტერი. ჭამა ხომ მოზარდებში მთავარია. წარმატებული შვილები მყავს, ზოგი სპორტსმენია და არაერთი მედალი და ჯილდო აქვთ აღებული, კარგად სწავლობენ“, – გვიყვება მეგი და ამატებს, რომ შემოსავალი მათ დიდ ოჯახს ვერ წვდება, ამიტო ცდილობს თანხა ისე გადაანაწილოს, რომ თვის ბოლომდე არსებობისთვის ეყოთო – „ყველა მაღაზიაში ვიცი, სად რომელი ნივთია 20–30 თეთრით იაფი. ჩემი შვილები ამბობენ, შენთან ერთად არ გვინდა სიარული, ყველას ევაჭრებიო, რამდენიმე თეთრიც რომ დავზოგო ესეც კარგია“. სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე წელს სოციალურ შემწეობას 3 472 ბავშვი იღებს. საქართველოში კი, გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, ბავშვების 27.6 % საარსებო მინიმუმის, 6.8 % კი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამავე კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 4.3 პროცენტით გაიზარდა. ეს კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა ივნისში გამოაქვეყნა, პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარების ხუთჯერ გაიზრდება, არჩევნების პირველი ტურიდან ხუთი დღის შემდეგ, ორ ნოემბერს დაანონსა. მისი თქმით, ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად 50 ლარს მიიღებენ. „ეს ძალიან კარგი იქნება, ამ შემთხვევაში ჩვენი შემწეობა დაახლოებით 200 ლარით გაიზრდება. ბავშვებს თამამად ვუყიდი ვიტამინებს, შემოდგომაა და აუცილებელია“, – ამბობს მეგი კვახაჯელიძე.სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები პრემიერის ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა, ამბობენ რომ ხელისუფლებას სოციალური დახმარების გაზრდაზე არა წინასაარჩევნოდ, არამედ მანამდეც უნდა ეფიქრა. „ამის გაკეთება აქამდეც ხომ შეეძლოთ?! ოთხი შვილი მყავს, სამი მცირეწლოვანია, კარგია თუ ნამდვილად გაზრდიან დახმარებას, ჩვენი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება და სოფლის მეურნეობის პროდუქტებია. კარგია მთავრობას წინასაარჩევნოდ რომ მაინც გავახსენდით, ბავშვებს ძალიან ბევრი რამ სჭირდებათ“ – ამბობს ერთ–ერთი მრავალშვილიანი დედა, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება არ უნდა. ბორჯომში მცხოვრები ექვსი შვილის მამა პაატა დათიაშვილი ფიქრობს, რომ პრემიერის ინიციატივა დაგვიანებულია: „მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პოლიტიკოსები რასაც პირდებიან ამომრჩევლებს, მერე აღარ ასრულებენ, მაგრამ მგონია, რომ ახლა თუ თქვეს, გააკეთებენ“. დათიაშვილის პოზიციას იზიარებს ოთხი შვილის მამა დავით შოთაშვილი: „ძალიან ცოტაა ერთ ბავშვზე 10 ლარი, მათ ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. მნიშვნელობა არ აქვს წინასაარჩევნოდ მოუმატებენ თუ სხვა დროს, მთავარია მოუმატონ“. მთავრობის მეთაურის მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება: „ჩვენ ამის შესახებ საუბარი გვქონდა გაზაფხულზეც, როდესაც იუნისეფის კვლევა გამოქვეყნდა და იმ კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ, რომელიც ასახული იყო ამ კვლევაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო და არის ადამიანი. ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია და სწორედ იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში“. მთავრობის ამ ინიციატივას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“. „ბოლო კვირის განამვლობაში თითქმის ყოველდღე ვისმენთ „ქართული ოცნების” ლიდერების დაპირებებს ახალი მრავალმილიონიანი სოციალური ხასიათის პროექტების შესახებ. ეს ტენდენცია, თავისი არსით, ინტენსივობითა და სამიზნე აუდიტორიით ცხადად ატარებს საარჩევნო მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს, რაც საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეიძლება უტოლდებოდეს, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ დღეს, რვა ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სოციალური პოლიტიკა, რომელიც არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდის სოციალური დახმარებების ოდენობას, არამედ ხელს შეუწყობს სოციალური დაცვის სტაბილური სისტემის ჩამოყალიბებას: „ ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი სერიოზულ უპირატესობას იღებს“.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია