შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზაფხულის საკურორტო სეზონმა ნაადრევად კრახი განიცადა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40148 
 27 ივლისი 2019

მთელ საქართველოში ტურისტების სიმცირეა. ამას ყველა თვალნათლივ ხედავს ტურიზმის დეპარტამენტის გარდა, სადაც ისევ ვიზიტორების მატებაზე საუბრობენ. რუსეთიდან ფრენის აკრძალვამ, საპროტესტო აქციებმა, პოლიტიკურმა დაძაბულობამ, ლარის დევალვაციამ და უამინდობამაც ზაფხულის საკურორტო სეზონს ბოლომდე მოუთავა ხელი.

"თიბისის" ინფორმაციით, ივლისის მეორე კვირაში 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით შემცირდა. თუ პირველ კვირაში, სანამ პირდაპირი ფრენების აკრძალვა ძალაში შევიდოდა, საქართველოში 50 030 ტურისტი შემოვიდა, ივლისის მეორე კვირაში ტურისტების რაოდენობამ 41 423-მდე იკლო. თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 78.6%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება სახმელეთო გზით შემოსულ ტურისტებს, ივლისის პირველ კვირაში მათი რაოდენობა 1.6%-ით დაიკლო. 

ტურისტების ნაკადი რომ შემცირებულია, ამაზე მთავრობის წევრები, პარლამენტარები და სფეროს სპეციალისტებიც საუბრობენ, თუმცა განსხვავებულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცია. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოში რუსეთიდან ვიზიტების ოდენობა 30.8%-ით გაიზარდა.  

სწორედ ამ დროს პარლამენტარი, გია ვოლსკი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოში, ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. "საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ თავიდან ავიცილოთ მცირე და საშუალო ბიზნესის კრახი, რომელმაც საკმაოდ დიდი კრედიტები აიღეს ბანკებიდან, მოემზადნენ ტურისტული სეზონისათვის, რასაც დიდი დარტყმა მიაყენა „ნაცსექტის" პოლიტიკამ", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

როგორც გია ვოლსკიმ თქვა, ეკონომიკური ზარალი, უკვე თვალშისაცემია და ეს განაპირობა მაოხრებელმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

„საქართველო არის სტაბილური ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში არ უნდა შეექმნას არავის საფრთხე. რუსი ტურისტი იქნება, იტალიელი, თუ პოლონელი. აქედან გამომდინარეობს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დასუბსიდირებას ეხება", - განაცხადა ვოლსკიმ.

საერთაშორისო ტურისტების კუთხით სეზონი ნამდვილად ჩავარდნილია და ამის მიზეზი არასტაბილურობასთან ერთად ლარის კურსიცაა. ასე აფასებს, 2019 წლის ზაფხულს პროფესორი პაატა აროშიძე, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და თავისი თვალით უყურებს ყველაფერს. მისი თქმით, ტურისტული ნაკადის შემცირება, ქუჩებში გავლისა დროსაც მარტივად შესამჩნევია. 

,,აჭარას წელს, უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ტურისტები უნდა ჰყოლოდა და ეს გამოიკვეთა კიდეც მაის-ივნისში, როცა უცხოელი ტურისტები ძალიან დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ აჭარა-გურიის მთელ ტერიტორიაზე. 20 ივნისის შედეგ კი ეს კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია. 

უნდა ვაღიაროთ, რომ საზღვაო ტურიზმი საქართველოში ორიენტირებულია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ტურისტებზე. მაღალი შემოსავლების მქონენი სულ სხვაგან ისვენებენ. 

რუსეთის მიერ სანქციების მუქარამ და გამუდმებულმა აქციებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მხოლოდ რუს ტურისტებზე არ უმოქმედია ცუდად, სხვებიც დაფრთხნენ. ნებისმიერ დამსვენებელს სტაბილურობა უნდა და მედია სულ სხვა რამეს იუწყებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით არ ყოფილა იმდენად დაძაბული ფონი. ახლა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ აჭარაში ტურისტული სეზონი ჩავარდა. მე ბათუმელი ვარ და ეს ჩანს ქუჩებში გავლის დროსაც. ყველაზე კარგი  ინდიკატორი კი ლარის კურსია, რომელიც სამწუხაროდ, სრულიად უმართავი გახდა”, - ამბობს "რეზონანსთან" აროშიძე. 

სპეციალისტები რუსი ტურისტების დანაკლისს ქართული ბაზრისათვის საგანგაშოდ მიიჩნევენ. სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ განსაკუთრებით თბილისი, ბათუმი და ქუთაისი დაზარალდა, რუსი ტურისტების სიმცირის გამო. 

,,არ მესმის, რა კვლევაზე და ციფრებზე დაყრდნობით საუბრობენ, რომ  ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა. შესაძლოა ვიზიტორები იგივე რაოდენობით შემოდიან (თუმცა ესეც საეჭვოა), მაგრამ საქართველოში ტურისტების 25% რუსეთზე მოდიოდა. ახლა ისინი აღარ არიან და როცა ამბობენ, რომ ეს საგანგაშო არ არის, ძალიან ცდებიან. თანაც, რუსები მაღალი დანახარჯით გამოირჩევიან. ევროპელი ტურისტები უფრო მდიდრები არიან, მაგრამ ბევრს არ ხარჯავენ, ეს ფაქტია. 

დღესდღეობით თბილისმა, ბათუმმა და ქუთაისმა განსაკუთრებით იზარალეს. კურორტებზეც რთული ვითარებაა, ოღონდ სამკურნალო ტურიზმში სხვა მდგომარეობაა. ეს დარგი ახლა ვითარდება და იქ დანაკარგზე ჯერ ადრეა საუბარი", - განაცხადა კვარაცხელიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება