საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში ფერმერები ამბობენ, რომ წელს კარტოფილის მოსავალი ცუდი არაა, თუმცა რაც მიიღეს ვერ ასაღებენ, ფასი დაბალია და ამიტომ სარდაფებში ინახავენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 09 ნოემბერი 2018
ახალციხეში, სოფელ წნისში თემურ ჩადუნელმა 1.5 ჰა–ზე 30 ტონა კარტოფილი მოიყვანა. ამბობს, რომ მოსავალი კარგია, თუმცა ვერ ყიდის: „მაქსიმუმ 50 თეთრს იხდიან, ასე ხარჯსაც კი ვერ ამოვიღებ და მოგებაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია. ჯერ ვინახავ, იქნებ ფასმა აიწიოს და მერე ვაპირებ გაყიდვას. კარტოფილს სახლში, ჩემს საწყობში ვინახავ“. 10 ჰექტარზე ჰქონდა კარტოფილი დათესილი ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქში მცხოვრებ ხაჩატურ ამბარიანს: „მიწიდან არ გავყიდე, ცოტას მაძლევდნენ, 40 თეთრს. ამიტომ შევინახე და ზამთარში გავყიდი. 80 თეთრზე ნაკლებად რომ გავყიდო ვიზარალებ“. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ნანა ზუბაშვილის თქმით, ბაზარზე კარტოფილის ფასი 45–დან 60–თეთრამდე მერყეობს: „კარტოფილს ფერმერები ძირითადად შიდა ბაზარზე, ასევე აზერბაიჯანში ასაღებენ. უმრავლესობა მოსავალს ადგილიდანვე ყიდის–ხოლმე, თუმცა ფასი არ აწყობთ და ამიტომ კარტოფილს ინახავენ. ფიქრობენ, რომ ფასი გაიზრდება და გაყიდიან, მაგრამ შეიძლება ასე მათი ხარჯი და დანაკარგი უფრო გაიზარდოს, რადგან სასაწყობე მეურნეობები არაა და არსებობს იმის ალბათობა, რომ მოსავალი გაუფუჭდეთ“. წელს კარტოფილი სამცხე-ჯავახეთში 15 937 ჰექტარზე იყო დათესილი, ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 19-დან 23–ტონამდე მერყეობდა. რეგიონში მოსავლის ოდენობამ 231 560 ტონა შეადგინა. 2017 წელს კი კარტოფილი რეგიონში 19 770 ჰექტარზე იყო დათესილი და 278 200 ტონა მოსავალი მოვიდა. „წელს ძირითადად კარგი მოსავალია, თუმცა, იყო დაავადებულიც, რაც ძირითადად სიდამპლეში გამოიხატებოდა“, – ამბობს ნანა ზუბაშვილი.„სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორის გურამ ჯინჭველაძის თქმით, ჯავახეთში უკეთესი მოსავალია, ვიდრე სამცხეში: „კარტოფილის საშუალო მოსავლიანობაა რეგიონში. მოსავლის გასაღება კი ფერმერებს თბილისსა და ქუთაისში უწევთ. ადგილობრივი გასაღების ბაზარი არაა საკმარისი მათთვის. ქვემო ქართლიდან შეიძლება გაჰქონდეთ საზღვარგარეთ კარტოფილი, მაგრამ ჩვენგან ნაკლებად. ამიტომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია რეგიონში კარგი სასაწყობე მეურნეობები, რაც სამწუხაროდ არ არის“. ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მხოლოდ ორი სამაცივრე სასაწყობე მეურნეობაა, ერთი წნისში, მეორე კი საბარგო სადგურზე. ახალქალაქში კი ასეთი მხოლოდ ერთია. ამიტომ ფერმერები ტონობით მოსავალს საკუთარ სარდაფებში ინახავენ, სადაც სპეციალისტების თქმით, შესაბამისი პირობები ხშირად დაცული არაა და ამიტომ კარტოფილი ზიანდება. სამცხე–ჯავახეთში კარტოფილის გადამამუშავებელი მხოლოდ ერთი საწარმო „ფრეკო“ ფუნქციონირებს. თუმცა, მისი წლიური წარმადობა 2 500–ტონამდე კარტოფილს შეადგენს. „ყველა ფერმერთან შეგვიძლია გავაფორმოთ ხელშეკრულება იმისთვის, რომ მომდევნო წელს ვითანამშრომლოთ. ჩვენ რეგიონის ყველა ფერმერს ვთავაზობთ პარტნიორობას“, – ამბობს „ფრეკოს“ წარმომადგენელი თამაზ ქურდაძე და ამატებს, რომ კარტოფილის ფასი, რაზეც ფერმერებთან ხელშეკრულებას გააფორმებენ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკვე განსაზღვრეს – „თუმცა ყველა ფერმერთან ინდივიდუალურადაც დავილაპარაკებთ“. საწარმოსთან წნისელი ფერმერი კახა გოგოლაძე უკვე ერთი წელია თანამშრომლობს. ამბობს, რომ 100 კგ. კარტოფილი „ფრეკოს“ ხელსაყრელ ფასში ჩააბარა და ხელშეკრულების გაფორმებას მომავალი წლისთვისაც გეგმავს: „მნიშვნელოვანია, რომ არ მიწევს ვინმეს მოძიება ბაზარზე და ჩემი კარტოფილის კილოობით ჩაბარება“. სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ამბობენ, რომ რეგიონში, რომლის ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობაა და ფერმერების დიდი ნაწილი თავს სწორედ კარტოფილის მოსავლით ირჩენს, მხოლოდ ერთი გადამამუშავებელი საწარმოს ფუნქციონირება „მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს“. ამიტომ ვიდრე კარტოფილის ფასი ფერემერბისთვის ხელსაყრელ ნიშნულს მიაღწევს, მათ სარდაფებში ტემპერატურული რეჟიმების დაცვას ურჩევენ.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება