შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ უფროსკლასელები მათ ფულს მუქარით ართმევენ.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 09 ნოემბერი 2018
ახალციხის ერთ–ერთი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე ამბობს, რომ უფროსკლასელი ბიჭები მის თანატოლებს ფულს მუქარით სძალავენ.„დიდი ბიჭები კლასში მოდიან და ფულს გვთხოვენ, უფრო ხშირად ბიჭებს ართმევენ, თან ეუბნებიან თუ არ მოგვცემთ კედელზე თავს გარტყმევინებთო, ბიჭებს ეშინიათ და აძლევენ, მეც ბევრჯერ მომთხოვეს, მაგრამ არ მივეცი“, – გვიყვება მესამე კლასელი გოგონა. უფროსი კლასების ბიჭები, რომ უმცროსკლასელებს ფულს მუქარით ართმევენ, ამაზე გოგონას თანაკლასელებიც საუბრობენ: „ფულის წასართმევად ხან კლასში შემოდიან დასვენებაზე და ხან „ბუფეტის“ შესასვლელში გვხვდებიან“. ბავშვებში ფულის გამოძალვის ფაქტებს ადასტურებენ მაღალიკლასების მოსწავლეებიც: „დიდი ბიჭები დგანან "ბუფეტის" შესასვლელში, პატარებმა იციან და ზოგჯერ უთქმელადაც აძლევენ ფულს. ეს ახალი არ არის, ასე ხდებოდა წლების წინაც და ახლაც. ყველა დიდ სკოლაშია ასეთი პრობლემები“. „სამხრეთის კარიბჭე“ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებსაც ესაუბრა, მათი ნაწილი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა რეაგირებისთვის სკოლის ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს, ნაწილმა კი ამბავი ჩვენგან შეიტყო: „კი, გამიგია, რომ ხურდებს სთხოვენ ბავშვებს, მშობელთა კრებაზეც ისაუბრეს ამაზე, მაგრამ ჩემი შვილისთვის არასდროს წაურთმევიათ, რადგან სახლიდან მიაქვს მზა საჭმელი და ფულს არ ვატან“.მომხდარის შესახებ საუბარი არ სურს სკოლის მანდატურს, დაწყებითი კლასების დამრიგებლები კი ირწუმებიან, რომ მსგავსი რამ მათ კლასებში არ ხდება. „ჩემს კლასში მაგ საკითხზე არავის დაუჩივლია. ჩვენ ხშირად ვესაუბრებით ბავშვებს, რომ ასეთი რამ არ შეიძლება“, – ამბობს ერთ–ერთი დაწყებითი კლასის დამრიგებელი.იგივეს ამტკიცებს სკოლის კაფეტერიის ხელმძღვანელიც: „ჩემს ობიექტზე, რომელიც იჯარით გვაქვს აღებული, მსგავს ძალადობას ვერ ვხედავ“.მასწავლებლებისგან განსხვავებით, სკოლაში ბულინგის შემთხვევებს ადასტურებს დირექტორი: „ბუფეტის“ გახსნის პერიოდში იყო ასეთი ფაქტები, ახლა შეწყდა. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, მანდატურები მასწავლებლებს არ პატიობენ რამეს და მოსწავლეებს აპატიებენ?! მომხდარის შემდეგ მაშინვე გავაქტიურდით, მშობლებს ვესაუბრეთ, გამოკითხვებიც ჩავატარეთ. აღმზრდელობით საუბრებს ახლაც ვატარებთ, მორიგე მასწავლებელიც დგას და ყველა შემთხვევას აკონტროლებს“. დირექტორი სკოლაში გეგმავს მიიწვიოს სამართალდამცველები, რომლებიც მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე გაესაუბრებიან: „ვიდეოკამერებს დააყენებს კაფეტერიის ხელმძღვანელიც და ჩვენც. ამჟამად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ფაქტები შეწყდა“.არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ჩარევა და ბულინგის შემთხვევების აღმოფხვრაზე ადმინისტრაციამ სისტემატიურად უნდა იზრუნოს. „სამწუხაროდ ბულინგი გამოხატული ამ ფორმით საკმაოდ გავრცელებულია და თუ დღეს ეს ხდება, სვარაუდოდ ადრეც ექნებოდა ადგილი მსგავს შემთხვევას. თუ ამ საკითხს ისე მივუდგებით, როგორც სისტემურ პრობლემას, მაშინ მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს მის პრევენციაზე. ერთჯერადი საუბრები და ერთჯერადი გადაჭრა ბულინგის პრობლემისთვის სამწუხაროდ არ არსებობს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ სკოლას ჰქოდეს შემუშავებული ბულინგის საწინააღმდეგო შიდა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ამ ინციდენტში ჩართული მოსწავლეების, არამედ ყველა სხვა კლასის მოსწავლის ცნობიერების ამაღლებას“, – ამბობს არგანაშვილი.მისი თქმით, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ დახმარება სთხოვონ უფროსებს: „უნდა გაჩნდეს კითხვა, აქვთ თუ არა ნდობა მათ თავიანთი მასწავლებლების მიმართ, უფრო მეტიც არის თუ არა სკოლაში გამოყოფილი ადამიანი, ვისაც აქვს მაღალი კომპეტენცია ამ მიმართულებით“. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია