შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობის ყველაზე უცნაური კომენტარები ლარზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40257 
 31 ივლისი 2019

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 1.3 ლარით გაუფასურდა. საგარეო ფაქტორები, ქადაგიძე, დროებითი პროცესი - წლების მანძილზე, ქართული ოცნების წევრები ლარის კურსის ვარდნას სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ. ჩვენ შევკრიბეთ ყველაზე უცნაური კომენტარები, რაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გაუკეთებიათ.

2015 წლის იანვარში, როცა ერთი დოლარის ღირებულებამ 2 ლარს მიაღწია, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ლარი “ჯანმრთელად და ჯანსაღად” იქცეოდა:

“ლართან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოგონილი თემაა ეს და არანაირ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას, გარდა სააგიტაციო მანქანისა, რასაც რუსთავი 2 ახერხებს. ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია”

2016 წლის იანვარში, როცა ერთი დოლარი 2.5 ღირდა, ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობდა, რომ “ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით, ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით”. ივნისში კი ლარის რყევა მან გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ჩატარებულ რეფერენდუმს გადააბრალა:

“ეს არის ერთჯერადი გავლენები, რომელიც მოხდა ევროკაშირიდან ბრიტანეთის გასვლიდან გამომდინარე” - თქვა ქუმსიშვილმა.

მანვე მოსახლეობას მოუწოდა, ფული მხოლოდ მაშინ გადაეხურდავებინა, როცა სჭირდებოდათ:

“ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებებს არასწორ დროს იღებს - როგორც წესი, ისინი ყიდიან ან ყიდულობენ ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, მაშინ გადაახურდავოს ვალუტა, როცა ეს მათ სჭირდებათ, ყველანაირი მოლოდინების გარეშე.”

2016 წლის ნოემბერში, როცა ლარი ისევ შესუსტდა, მთავრობის წევრები ოპტიმისტურ განწყობას არ კარგავდნენ, მათ შორის იყო ენძელა მაჭავარიანიც:"ლარი აუცილებლად დასტაბილურდება"

ენძელა მაჭავარიანის განცხადებიდან ერთი კვირის მერე, უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, “ვაკის პარკის” სოლისტი ზაზა ხუციშვილი ლარის გაუფასურების დადებით ეფექტებზე საუბრობდა:

“ამას აქვს ხოლმე, როგორც წესი, სხვა ეფექტიც, რომ, აი, მაგალითად, საქართველოდან გარე ვაჭრობა გაზრდილია 18%-ით ამ წელს შარშანდელთან შედარებით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ დოლარით უფრო მეტი ლარი მოსდით ადამიანებს ანუ პროდუქტს უფრო მეტს ყიდულობენ... ეს დადებითი ეფექტიც აქვს ამას და არ ვიცი, ამას გულისხმობდა თუ არა, მაგრამ ეს მომენტი არსებობს.” - ამბობდა ხუციშვილი.

თვის ბოლოს მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე პრემიერ კვირიკაშვილს ეკითხებოდა, ჰქონდა თუ არა მთავრობას განსაზღვრული მიჯნა, რომლის ქვემოთაც დოლარი აღარ დაიწევდა:

“2017 წლიდან ქვეყანაში უკვე იგეგმება გრანდიოზული პროექტების განხორციელების დაწყება...ამ ყველაფრის ფონზე, დოლარის ამ მასისა და ინვესტიციის ამ მასის ფონზე, რომელიც 2017-დან შემოვა, ეს იმოქმედებს ლარის კურსის ძალიან სწრაფი გამყარების მიმართულებით. მე მაინტერესებს არის თუ არა განსაზღვრული მთავრობაში ის მიჯნა, ან კრიტერიუმი, ის საზღვარი, რომლის ქვევითაც უკვე აღარ გამყარდება ლარი?”

2017 წლის ნოემბერში დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის Facebook პოსტები დაასახელა:

“ძალიან ბევრჯერ დაისვა კითხვა, თუ ვინ აჩენს მოლოდინებს, უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში? პასუხი არის ძალიან მარტივი: მოდით, ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს თავის Facebook-ის გვერდზე და, შესაბამისად, პასუხსაც ვნახავთ. მე არა მგონია, რომ ჩვენ სხვაგან მოვძებნოთ უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყარო, რაც ძალიან სამწუხაროა,” - განაცხადა ქუმსიშვილმა პარლამენტში, სადაც ფინანსთა მინისტრის ამპლუაში წარსდგა.

2018 წლის ზაფხულში, როცა ერთი დოლარის ღირებულება 2.57 ლარამდე გაიზარდა, ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობდა, რომ ლარის მერყეობა ჩვენი “უსაფრთხოების ბალიში” იყო:

“ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შესაძლოა გამოეწვია თურქული ლირის დაცემას.” - აცხადებდა ქობულია.

2018 წლის ნოემბერში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ლარის კურსის თემას “ყველა ბრუნვაში ატრიალებენ”:

“ეს ლარის თემა, გახდა უკაცრავად და ყველა ბრუნვაში ვატრიალებთ ამ თემას. საგარეო ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ლარის დოლართან მიმართებით მერყეობით ხდება ყველაფრის შეფასება - ინფლაცია გვავიწყდება და ამ დროს ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია,” - აცხადებდა მაჭავარიანი.

2019 წლის მაისის ბოლოს, როცა ლარი ახალ ანტირეკორდებს ამყარებდა, ზვიად ძიძიგურმა თქვა, რომ ლარის მერყეობა იმ ცოცხალი პროცესის ნაწილია, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ:

“ეს ხომ უკვე პირველად არ ხდება, რამდენიმე წელია ვხედავთ, რომ ლარის კურსი მატულობს, შემდეგ რაღაცა ტიპის ნიშნულთან გაჩერდება, შემდეგ ისევ... ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც ჩვენ თვითონ ავირჩიეთ, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ გვინდა საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ გვინდა გაცვლითი კურსი, ჩვენ გვინდა ლარის მცოცავი კურსი” - განაცხადაქართული ოცნების დეპუტატმა.

ძიძიგურის პროგნოზი ჯერ-ჯერობით არ გამართლებულა - ლარი გაუფასურებას განაგრძობს, რამაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ნიკოლოზ ალავიძეს თავისუფალი თინეიჯერი მოაგონა:

“ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.”

შეგახსენებთ უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს და რამდენიმე დღეა, რაც ანტირეკორდებს ხსნის. ამჟამად, ერთი დოლარი ოფიციალური კურსით 2.97 ლარი ღირს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრით გაუფასურდა.

წყარო: "ტაბულა"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია