შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა ჩარევას და ამერიკა მას დაეხმარებოდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40375 
 06 აგვისტო 2019

„აუცილებლად უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, ამ ობიექტურმა გამოძიებამ შემდგომ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, ვინ და რა ფორმით უნდა აგოს ამაზე პასუხი, მაგრამ ის, რომ პირველ რიგში სააკაშვილი, კეზერაშვილი, ბოკერია და სხვები ამ ომზე პასუხისმგებლები არიან, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს."

ასე აფასებს „რეზონანსთან" „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს და მის შედეგებს.

"ომამდე, ანუ კონფლიქტამდე რეგიონში ვითარება იყო რთული და დაძაბული, თუმცა, სამწუხაროდ სხვადასხვა წლებში გარკვეული პერიოდულობით ცხინვალის რეგიონში მსგავსი ტიპის დაძაბულობა იყო ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ დაძაბულობების და პროვოკაციების მიუხედავად, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების თავიდან აცილება ხერხდებოდა ხოლმე.

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში და ვიცი, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული 2008 წელს არ ხდებოდა, რაც არ მომხდარა წინა წლებში, დარწმუნებული ვარ, რომ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

უნდა მომხდარიყო სიტუაციის მაქსიმალური განმუხტვა, მაგრამ პრობლემა გახლდათ იმაში, რომ სააკაშვილი წააქეზა მაკეინმა და მისმა გუნდმა, რომელსაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ძალიან სჭირდებოდა ანტირუსული ისტერიის შექმნა, იმიტომ, რომ მაკკეინის ძირითადი საარჩევნო კოზირი სწორედ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

ასე რომ, სააკაშვილი პრაქტიკულად დარწმუნებული იყო იმაში, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა ჩარევას და ამერიკა მას დაეხმარებოდა, შესაბამისად მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ამას მოყვა უკვე ფართომასშტაბიანი კონფლიქტი.

არანაირი აუცილებლობა ამ კონფლიქტის არ იყო, რა თქმა უნდა, ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, არათუ აუცილებლობა არ იყო, ეს იყო უბრალოდ ქვეყნის წინაშე დანაშაული საქართველოს ამ ომში ჩართვა.

 საქართველოს ამ ომით არაფერი არ მიუღია, მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებამ 4 მილიარდი ამერიკული დოლარი იმისათვის, რომ პროამერიკული ხელისუფლება შენარჩუნებულიყო, საქართველოს არაფერი არ მიუღია.

საქართველომ დაკარგა ძალიან ბევრი რამ, მათ შორის 114 სოფელი, ასევე დაკარგა ან ძალიან შემცირდა რეალური შანსი აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტის მოგვარების, უკიდურესად გამწვავდა რუსეთთან ურთიერთობა.

ამ ომის შედეგები ერთმნიშვნელოვნად იყო კატასტროფული და რა თქმა უნდა დანაშაული იყო ის, რომ ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ხუთი წელი იყო საქართველოს ხელისუფლებაში, მაგრამ ეს დასავლეთის დამსახურებაა, რომელსაც მაშინ რუსეთის ჯინაზე უნდოდა რადაც არ უნდა დამჯდარიყო სააკაშილის ხელისუფლება შენარჩუნებულიყო და ამავდროულად ნაწილი იმ ოპოზიციური ძალებისა, რომლებიც დასავლეთს მონური მორჩილებით შესქეროდნენ და რომლებმაც გაუხანგრძლივეს თავიანთ მოქმედებებით სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნა.

ბატონ კეზერაშვილს, რომელმაც ახლა გამოაცხადა, რომ თურმე საქართველოს გადასარჩენად ქართულ პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ათეულობით მილიონი ლარით ნაყიდი თუნდაც კავშირგაბმულობის სისტემა, ომის დაწყებიდან ნახევარ დღეში აბსოლუტურად უვარგისი აღმოჩნდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ არ ისურვა ამის გამოძიება იმიტომ, რომ მას ჰქონდა თავისი ვიწროპოლიტიკური და საკუთარი ინტერესები, რომ „ნაციონალურ მოძრაობა" შეენარჩუნებინა მთავარ ოპოზიციურ ძალად იმიტომ, რომ თვითონ დიდხანს დარჩენილიყო ხელისუფლებაში „ნაციონალების" ფონზე, ამან რა თქმა უნდა ქვეყანას ბევრი რამ დააკარგინა.

დიახ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, ამ ობიექტურმა გამოძიებამ შემდგომ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და გადაწყვეტილება იქნეს მიღებული ვინ და რა ფორმით უნდა აგოს ამაზე პასუხი, მაგრამ ის, რომ პირველ რიგში სააკაშვილი კეზერაშვილი, ბოკერია და სხვები ამ ომზე პასუხისმგებლები არიან, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს."

"რეზონანსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია