შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პროკურატურით ყველა პრობლემის გადაწყვეტა, ილუზიაა"- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40492 
 10 აგვისტო 2019

„პროცესების დაძაბვას გვარამიასთან არ დავაკავშირებდი, პროცესი უკვე ჩაშვებულია. იმის და მიუხედავად გვარამიას ბედი როგორი იქნება, ხელისუფლება ფაქტობრივად უფსკრულისკენ გზას დაადგა და აქ მარტო გვარამიას პრობლემა არ არის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავებას და მის შემდგომ შესაძლო მოვლენებს.

 ეს ერთერთი ელემენტია. ნიკა გვარამიას დაპატიმრება არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა, ზოგადად მთელს სურათს რომ შევხედოთ, თუ რა უბედურება გვჭირს, ანუ რა პროცესშია ეს ხელისუფლება, ფაქტობრივად, დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ მისი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება და მთავარია ამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ათამაშოს „კუნთები", ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებრად და გაუაზრებლად და თავისთვის საზიანოდ.

არავინ ანგელოზი არ არის და მით უმეტეს ნიკა გვარამია. რა პრეტენზიასაც მას უყენებენ, ასეთი საქმეები რთული საქმეების კატეგორიას მიეკუთვნება იმიტომ, რომ თვალთმაქცურ გარიგებების დამტკიცება საერთოდ ურთულესი საქმეა, წლები გრძელდება ხოლმე და ერთ თვეში (ასე რომ ვთქვათ, მიშა სააკაშვილის დანიშნული მოწილის სარჩელის საფუძველზე) ვითომ რაღაცა გამოიძიეს და ბრალი წაუყენეს, ეს არის ღრმად არასერიოზული.

ნიკა გვარამიას თავის რეალური ცოდვები ეყოფა, რომ ეხლა რაღაცა აბსოლუტურად გაუგებარი საქმით ედავოს.

გარდა ამისა, ჩემი აზრით, მოხდა ძალიან სკანდალური ფაქტი. ბრიფინგზე პროკურატურამ ისაუბრა რაღაც ბინაზე, რომელიც რაღაცნაირად აღმოჩნდა ნიკა გვარამიას ხელში და ბრალში ეს ეპიზოდი არ აღმოჩნდა. ასეთი რიტორიკის შემდეგ ასეთი ბრალის წაყენება უკვე აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ რაღაც არ არის წესრიგში და პროკურატურა ჩართულია პოლიტიკურ კამპანიაში.

ეს პირველ რიგში ხელისუფლების პრობლემაა, იმიტომ, რომ თუ ქვეყანაში კრიზისებია, ეს „კუნთების თამაშით" არ წყდება. გადახედონ ქვეყნის ისტორიას და მიხვდებიან, რომ საზოგადოების დაშნება, ძალისმიერი მეთოდებით მისი დათრგუნვა და „სამზარეულოებში შერეკვა" არავის არ გამოსვლია და რატომ აქვთ ამათ ილუზია, რომ ეს გამოუვათ?!

პროცესების დაძაბვას გვარამიასთან არ დავაკავშირებდი. პროცესი უკვე ჩაშვებულია, იმის და მიუხედავად, თუ გვარამიას ბედი როგორი იქნება, ხელისუფლება ფაქტობრივად უფსკრულისკენ გზას დაადგა.

აქ მარტო გვარამიას პრობლემა არ არის - „ტვ პირველის" ირგვლივ ვითარდება მოვლენები, ასევე ანაკლიის პორტის და „თი-ბი-სი ბანკის" ირგვლივ... ელემენტარულად უზარმაზარი სოციალურ ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში, რაზეც ხელისუფლება საერთოდ იხსნის პასუხისმგებლობას.

საქციელწამხდარი ბავშვებივით იქცევიან. გასაგებია, ყველა ქვეყანაში ხელისუფლება ზრუნავს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მაგრამ ეს მეთოდი ძალიან ტრაგიკომიკულია, ზოგიერთ შემთხვევაში მათი მოქმედებების საერთოდ კომიკურ სახეს იღებს.

მე არ ვიცი ვის რა და და დოზით ექნება რეაქცია და წაყრუების სისტემა როდის ამოწურავს თავის თავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია თვითონ ქვეყანაში რა ხდება. დღეს ხელისუფლება ისე იქცევა, რომ თითქოს თვითონ ცდილობს რევოლუცია მოუწყოს თავის თავს, თვითონ ახდენს პროვოცირებას კონსტიტუციის მიღმა პროცესებისა და ამის არაერთი ინდიკატორი არსებობს.

თითქოს ხელოვნურად აკეთებს ამ ყველაფერს. მე არ მინდა დავიჯერო, რომ მათ ეს არეულ-დარეულობა აწყობთ, ანუ კანონს და ლეგიტიმაციის მიღმა იტოვებენ თავის თავს.

გვარამია ამას ემოციებით არ აკეთებს. მას მშვენივრად ესმის რა პრობლემები აქვს დღეს ხელისუფლებას და მიდის მაქსიმალურ გამწვავებაზე. ეს მისი უფლება და მისი არჩევანია. მას აქვს თავის შეხედულებები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, არ ეშინია ამ პროცესში შესვლის და ასე ვთქვათ, მიდის დიდ დაპირისპირებაზე.

ეს მისი არჩევანია. გვარამია როგორ მოიქცევა და რა გზას აირჩევს, ეს არის მისი პირადი პრობლემაა ეს არ არის კრიტიკული ფაქტი სახელმწიფოებრივ განვითარებაზე.

ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ გვესმის „ბრალი... ბრალი... ბრალი..." ერთადერთი, რაც ქვეყანაში მუშაობს პროკურატურაა. პროკურატურიდან ამოუშვეს ბოლი. არც საწარმო, არც ეკონომიკა... ლარი გარბის, ეს მათი პრობლემა არაა - პროკურატურა ხომ მუშაობს?..

პროკურატურით ცდილობენ საკუთარი ძალაუფლებისათვის ყველა პრობლემის გადაწყვეტას, რაც სრული ილუზიაა. ეს ვერ მოხდება.

 ჩვენ ვართ კრიზისების ეპოქაში. სად რომელი კრიზისის დროს გადაიზრდება ეს ყველაფერი დიდ დაპირისპირებაში, ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ კრიზისების პერმანენტული რაოდენობაა და ყველა გონივრულ ზღვარს გასცდა. თან, რაც მთავარია, არცერთი კრიზისი არ იხურება, ყველა იხსნება და იწყებს მოქმედებას. დიდი აფეთქება როდის, რა მომენტში და რასთან დაკავშირებით მოხდება, უკვე ძნელი სათქმელია.

ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისების დახურვაზე ფიქრობდეს, ახალ და ახალ კრიზისებს ბადებს, ანუ კრიზისების გენერატორი გახდა. ამ ყველაფერს აკეთებს ალბათ იმიტომ, რომ აფექტშია და ძალიან ეშინია ხელისუფლების დაკარგვის. სხვა ახსნას მე ვერ ვპოულობ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა