შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 13 ნოემბერი 2018
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წლისთვის სკოლებში დაიგეგმება „განახლებული პროგრამები“ და „სრულიად ახალი მიდგომები“. რა იგულისხმება ახალ სტანდარტებში, რას ითხოვს სახელმწიფო სკოლისგან და რატომ ვერ ასრულებს სკოლა სახელმწიფოს დაკვეთას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა საუბრობს. ქალბატონო მარიამ, რას გულისხმობს სამინისტრო, როცა ამბობს, რომ სკოლებში „სრულიად ახალ მიდგომებს“ გეგმავს? ვგულისხმობთ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც მე-7-9 კლასებში უკვე დამტკიცებულია, პირველ და მე-6 კლასებში კი დანერგვა მიდის და რეალურად ამაზეა აქ საუბარი. სანამ ახალი მოდელი ყველა სკოლაში დაინერგება და გაზაფხულზე 50-მდე სკოლაში შევა, მანამდე ამ მოდელის პილოტირება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მოდელი გულისხმობს იმას, თუ როგორ უნდა დაგეგმოს მასწავლებელმა  სასკოლო კურიკულუმი, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, ქოფი-ფეისტით აქვთ პედაგოგებს გადატანილი. ახალი მოდელის მიხედვით, მასწავლებლებთან ყოველდღიურ რეჟიმში მიდის იმაზე მუშაობა, გრძელვადიან რეჟიმში კი – როგორ უნდა დაგეგმონ სასწავლო პროცესი, რასაც ასწავლიან, როგორ შეიძლება იმის ცხოვრებაში გამოყენება და ა.შ. მეთოდოლოგია ასწავლის პედაგოგს, როგორ გადავიდეს სწავლების პედაგოგიკიდან სწავლის პედაგოგიკაზე, მასწავლებელზე ორიენტირებული პედაგოგიკიდან – მოსწავლეზე ორიენტირებულ პედაგოგიკაზე, ასწავლის ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას. ეს კომპონენტი ეხმარება პედაგოგებს ერთმანეთთან ურთიერთობაში და ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას კოლეგებს შორის. მასწავლებლები რასაც გეგმავენ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ერთმანეთს უზიარებენ. ასეთი რამ სკოლებში იშვიათად ხდება. ამიტომ ამ ყველაფერს მწყობრი და თანამიმდევრული ხასიათი უნდა ჰქონდეს. კიდევ რას გულისხმობს ახალი მეთოდი? შემდეგი კომპონენტი არის განმავითარებელი შეფასება, რომელიც ფორმალურად სკოლებში ახლაც არის, მაგრამ რა არის ამ ტექნიკის გამოყენების არსი და რას ნიშნავს ასწავლო მოსწავლეს, რას ნიშნავს სწავლა, ამის მართვა-რეალიზება სკოლაში არ ხდება. ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, არც განმავითარებელი შეფასება კეთდება სკოლებში. რატომ, რა უშლის ხელს? ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნაში არის, მაგრამ რთულია მისი განხორციელება, რადგან სპეციალური გააზრებაა საჭირო, სტრატეგიების ცოდნა უნდა. განმავითარებელი შეფასება არ არის მხოლოდ კომენტარი დაუწერო მოსწავლეს და უთხრა „ყოჩაღ“. ან სიტყვიერად უთხრა – „არ ვარგა“, ან  – „კარგი ბიჭი ხარ“. მოსწავლეს უნდა დაანახო, რატომ აფასებ. შეფასება უნდა იყოს არგუმენტირებული. სუსტი, ძლიერი მხარეები უნდა დაანახო და ამავე დროს გაზომო მოსწავლის პროგრესი. გუშინ რომ იქ იყო, დღეს სად არის; რატომ წავიდა წინ; რა გაუჭირდა; რამ შეუწყო ხელი და ა.შ. ახლა ამ ყველაფრის პილოტირება მიდის ერთ კონკრეტულ სკოლაში. ყოველდღე დადიან  ექსპერტები და მიმდინარეობს შეფასება. პირველი სემესტრის შემდეგ დაიდება შეფასებითი ინსტრუმენტები, გზამკვლევები და ა.შ. ახლა ამ სკოლაში დაიგეგმა ინტეგრირებული თემა. მაგალითად, შემოდგომა, სადაც ყველა საგნის მასწავლებელია შემოსული თავისი მიზნებით და ამ ერთი თემის ფარგლებში ხდება მიზნების გაერთიანება. შემდეგ დაიგეგმება სხვა თემა და ა.შ. ამ პროცესში არა მარტო ხედავენ პედაგოგები ერთმანეთის გეგმებს, ამით სწავლობენ კიდეც. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ჩვენ ვიკრიბებით სამინისტროშიც და ექსპერტები მსჯელობენ, რა უნდა გააკეთონ შემდეგში და როგორ. რამდენად თავისუფალია პედაგოგი მეთოდოლოგიის შემუშავებაში? ჩვენ არ შევდივართ გამზადებული რეცეპტებით.  ჩვენ ვეუბნებით მასწავლებელს რა არის სახელმწიფო სტანდარტი და ახლა შენ გვაჩვენე შენი ორიგინალური მიგნებებით, როგორ შეგიძლია ამ სტანდარტზე გასვლა. მათ ეს როგორც კი მოხაზეს, შემდეგ დაიწყო ამ მეთოდის კორექტირება. ეს არის სწორედ მთავარი, რომ იქ, შიგნით, სკოლაშივე დაიძრას შემოქმედებითი პროცესი. რაც მათი შექმნილია, მათი შემოქმედებითი ნაყოფია, ცხადია, ამის დანერგვა მათთვის უფრო ადვილია. თქვენ თქვით, რომ გაზაფხულზე ეს მეთოდი დაინერგება 50 სკოლაში, შემდეგ კი – ორას სკოლაში და ა.შ. თუ ერთი სკოლის მაგალითზე  გაამართლა პილოტმა, რატომ ყველა სკოლაში არ არ შედიხართ ერთდროულად? იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის, ინტენსიური კომუნიკაციის შენარჩუნება. ამისთვის დაგვჭირდება სხვა ადამიანების ჩართვა, მხოლოდ სამინისტროს ექსპერტები ვერ გაწვდებიან. რა თქმა უნდა, პირველი სემესტრის ბოლოს ბევრი ინფორმაცია დაგროვდება, გაანალიზდება და შემდეგ უფრო მარტივია სხვა სკოლებში დანერგვაც. თქვენ აღნიშნეთ, რომ პედაგოგები ხშირად იღებენ ასლებს, ახალი მეთოდი კი მეტ შემოქმედებაზეა ორიენტირებული. რა გარანტია არსებობს, რომ ამ მოდელის დანერგვის შემთხვევაშიც იგივე არ განმეორდება? პილოტირების შემდეგ რაც დაიდება, ის, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაზიარდება, უფრო მეტი მასწავლებელი ნახავს და შეიძლება გამოიყენოს ნიმუშიც. თუმცა მასწავლებელს შეუძლია რაღაც გადააკეთოს, რაღაც დაიტოვოს ნიმუშიდან და შექმნას თავისი ორიგინალური ვერსია. ისეთი ნიმუშების გაზიარება, რომელიც პრაქტიკის წიაღში ამოიზარდა, მაინც მნიშვნელოვანია. ამ მეთოდზე მუშაობისას მნიშვნელოვანია აზრი და მიზნობრიობა. შეიძლება მასწავლებელმა მრავალფეროვანი აქტივობები ატაროს, მაგრამ ეს არის იყოს გრძელვადიან მიზნებთან ახლოს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარია. ეს ყველაფერი დღეს სკოლებში არ ისწავლება? ერთია, რა გვიწერია სტანდარტში და მეორე – მისი რეალიზება. ახალი სკოლის მოდელიც და ახლებური მიდგომა სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც დავწერეთ, ის აუცილებლად პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს. ცალკეული მასწავლებელი ახლაც აკეთებს ამას, მაგრამ ბევრისთვის მაინც პრობლემაა. ამ მეთოდის დანერგვის მიზანია დავეხმაროთ მასწავლებლებს, რომ ეს პროცესი დაიძრას. დაახლოებით რამდენი წელი დასჭირდება, რომ ყველა სკოლაში დაინერგოს ეს მოდელი? წესით, ხუთ წელიწადში ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს, მაგრამ რადგან ხარისხია ამ მოდელში მნიშვნელოვანი, საწყის ეტაპზე 50 სკოლაში დანერგვაც მნიშვნელოვანია. _______________ მთავარ ფოტოზე: მარიამ ჩიქობავა.ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან. 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია