შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Human Rights Watch-ი - საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40753 
 22 აგვისტო 2019

საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სასწრაფოდ საჭიროა რეგულაციებისა და ინსპექტირების გამკაცრება მაღაროელებისა და მეშახტეების დასაცავად.

ანგარიშში განმარტებულია, რომ საქართველოს შახტებსა და მაღაროებში მშრომელთა უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეგულირების გამო.

ანგარიშის ავტორების მოსაზრებით, არასაკმარისი რეგულირების შედეგია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების არსებული პრაქტიკა, რომელიც პრიორიტეტს წარმოების მასშტაბებს ანიჭებს და მშრომელთა უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

60-გვერდიანი ანგარიში „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“- დეტალურად აღწერს, თუ შრომითი უფლებების არასაკმარისმა დაცვამ და ხელისუფლების მხრიდან შეზღუდულმა ზედამხედველობამ როგორ გახადა შესაძლებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ისეთი პრაქტიკის აყვავება, რომელიც ხელყოფს მშრომელთა უსაფრთხოებას. ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, შესვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენებას და ღამის საათებში მუშაობას და არ უზრუნველყოფს ხელისუფლების მხრიდან შრომის პირობების სრულ ინსპექტირებას.

„ათასობით მშრომელი კვლავაც იქნება მომეტებული საფრთხის წინაშე, სანამ საქართველო არ დაარეგულირებს სამუშაო საათებს და არ შექმნის ინსპექტირების ისეთ სისტემას, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის სამუშაო პირობების ზემოქმედებას უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა Human Rights Watch-ის ფინბერგის სტიპენდიანტმა კორინა აჟდერმა.

„მუშების დაცვა და მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ხელშია,“- აღნიშნა აჟდერმა.

ანგარიშში მოხვდა "ჯორჯიან მანგანეზისა" და "საქნახშირის" შემთხვევები.

ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, მანგანუმის უმსხვილესი მწარმოებელი, „ჯორჯიან მანგანეზი“, 11 მაღაროს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს, სადაც დაახლოებით 3500 ადამიანია დასაქმებული.

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულებს 12-საათიან ცვილებში მუშაობა ზედიზედ 15 დღის განმავლობაში უწევთ, მათ შორის ღამის საათებშიც, რაც ხშირად იწვევს უკიდურეს გადაღლას და საწარმოო მიზნების შეუსრულებლობის გამო მათ ხელფასიც შეიძლება დაუქვითონ.

15-დღიანი სამუშაო ცვლების დროს მაღაროელებს კომპანიის საერთო საცხოვრებელში ყოფნა მოეთხოვებათ, რაც ნაწილობრივ წარმოების მაქსიმიზაციით აიხსნება. ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს მოთხოვნა უხეში ჩარევაა, როგორც მუშების გადაადგილების თავისუფლებაში, აგრეთვე, მათ პირად ცხოვრებაში.

Human Rights Watch-მა შეისწავლა დასაქმების სხვა პრაქტიკაც, რომელიც არღვევს შრომის უფლებებს. ეს არის მუშაობის ხანგრძლივი საათები, არასათანადო შესვენება და ყოველკვირეული დასვენების არარსებობა, აგრეთვე ზეგანაკვეთურად მუშაობის არასათანადოდ ანაზღაურება, წერილობითი ხელშეკრულებების არარსებობა და ხელფასების უსამართლოდ დაქვითვა.

Human Rights Watch-ის დასკვნით, საქართველოში წლების განმავლობაში შრომის ბაზრის დერეგულაციამ დასაქმებულები ადეკვატური დაცვის გარეშე დატოვა. მათივე ინფორმაციით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველომ 2006 წელს გააუქმა შრომის ინსპექცია და მნიშვნელოვნად შეამცირა დასაქმებულთა უფლებები შრომის კოდექსში.

ამის შემდეგ სამუშაო ადგილზე ყოველწლიურად დაღუპულთა რიცხვი 74 პროცენტით გაიზარდა, განსაკუთრებით სამთო-მომპოვებელ მრეწველობასა და მშენებლობებზე დასაქმებულთა შორის. 2013 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, საქართველომ ეტაპობრივად გააუმჯობესა შრომის უფლებების დაცვა, მათ შორის 2015 წელს შრომის ინსპექციის ხელახლა შექმნის გზით, თუმცა ის შეზღუდული მანდატით აღჭურვა.

2019 წლის თებერვალში პარლამენტმა, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები და გაზარდა შრომის ინსპექციის უფლებამოსილება სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების შემოწმებასთან დაკავშირებით. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებების გათვალისწინებითაც კი, რომლებიც სექტემბერში შედის ძალაში, ინსპექციის მანდატი მაინც არასაკმარისად ფართოა. "მაგალითად, მას არ შეუძლია შეისწავლოს ხანგრძლივი სამუშაო საათების, საწარმოო კვოტების და სხვა რთული სამუშაო პირობების გავლენა დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე,"- აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

ანგარიშის ავტორების რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ უნდა გადახედოს შრომის კანონმდებლობას, რათა დააწესოს ლიმიტი სამუშაო საათებზე და აღმოფხვრას სხვა საწარმოო წნეხი, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს. ხელისუფლებამ უნდა შექმნას სრულმასშტაბიანი დამოუკიდებელი შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება სათანადო პერსონალით დაკომპლექტებული და ექნება ფართო მანდატი საერთაშორისო სტანდარების შესაბამისად შეამოწმოს ყველანაირი სამუშაო პირობები.

ასევე, მათი რეკომენდაციით, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელმა კომპანიებმა საქართველოში უნდა დაიცვან დასაქმებულთა უფლებები და იზრუნონ მათი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე და იმუშაონ დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად, რათა განახორციელონ რეფორმები უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უნდა მოითხოვონ შრომითი უფლებების სრული დაცვა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია